Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოთარ ჭილაძის "ჩანაწერები"


გამომცემლობა "ინტელექტმა" ოთარ ჭილაძის ჩანაწერები გამოსცა ცალკე წიგნად. "ცა მიწიდან იწყება" - ასე ჰქვია მოზრდილ ტომს, რომელიც მწერლის 1955-2009 წლების დღიურებს მოიცავს. კრებული მწერლის ძმამ, თამაზ ჭილაძემ შეადგინა.

"ინტელექტის" ამ ახალ სერიას "ჩანაწერები" ჰქვია და მის ფარგლებში ბოლო რამდენიმე თვის მანძილზე უკვე სამი წიგნი გამოვიდა - ოთარ ჭილაძის, ბაჩანა ბრეგვაძისა და ტარიელ ჭანტურიას უბის წიგნაკები. სერია ოთარ ჭილაძის რვეულებმა გახსნა და დღესაც სწორედ ამ წიგნზე ვისაუბრებთ, წიგნზე, რომელსაც ძალიან ელოდა ყურადღებიანი ქართველი მკითხველი.

ასეთი მოლოდინი ყოველთვის დიდ რისკთანაა ხოლმე დაკავშირებული, დიდია ინტერესიც, ინტერესი ახლის გაგების, საყვარელი მწერლის ახლიდან აღმოჩენის, სხვა მხრიდან დანახვის სურვილი. რისკიც სწორედ ამასთანაა დაკავშირებული, იმიტომ რომ მკითხველმა შესაძლოა ნაცნობი მწერლისგან სრულიად განსხვავებული, რეალური ადამიანი დაინახოს, რომელიც ვერ მოერგება მკითხველში არსებულ, უკვე ჩამოყალიბებულ ხატებას. თუმცა უფრო ხშირად ისე ხდება, რომ ჩანაწერები მწერლის შემოქმედების გაგრძელებაა ხოლმე, ძველი კითხვების გამეორება ახალი პასუხებით, ანდა ახალი კითხვებისთვის გამოძებნილი დიდი ხნის წინანდელი პასუხები.

რეალურად ნებისმიერი ასეთი ჩანაწერები მწერლის შემოქმედებაა, მისი ნაწილია, უბრალოდ - ერთია. ეს ნაწერი ხან ჰგავს კარგად ნაცნობ მწერალს, ხანაც არა. ოთარ ჭილაძის ჩანაწერები, ამ მხრივ, ოთარ ჭილაძისვე ნაწერებს აგრძელებს და ყურადღებით თუკი წავიკითხავთ, მწერლის შემოქმედებით გზასაც გავადევნებთ თვალს.

მაგალითად, მისი ადრეული ჩანაწერები, თუ შეიძლება ასე ითქვას, უფრო "პოეტურია", მეტია გარემოზე დაკვირვებები, ე.წ. ყოფის პოეტიზაცია. აქ "სხივები იჩეხებიან არაგვისა და მტკვრის ხეობებში", სიღნაღიდან კი "უსასრულოდ შეგიძლია უყურო ალაზნის ველსა და გაცრეცილ ღრუბლებში ცუდად დამალულ კავკასიონს", შამილი "ამბოხებული ღრუბელია", წვიმა კი კართან ისე გეგებება, როგორც "ფინიშთან მირბენილ სპორტსმენს ტაში". გვიანდელ ჩანაწერებში მეტია წუხილი, ხმამაღალი ფიქრები და რისხვაც კი, საკუთარი ქვეყნის, საკუთარი წარსულის, ჯანმრთელობის, ყოფის გამო. წიგნში ძალიან ბევრი საოცარი ძალის პოეტური ფრაგმენტია გაფანტული, აქ ყველაზე მკაცრ გამონათქვამებს უფაქიზესი ისტორიები ცვლის, მწარე-მწარე სიტყვებს კი - სითბო და სინანული.

ყველაზე მეტს, რა თქმა უნდა, თავად მწერალზე გაიგებთ. ოთარ ჭილაძე, ისევე როგორც ყველა, ვინც დღიურებს მოჰკიდა ხელი, პირველ რიგში, თავის თავზე გვიყვება, მაგრამ ოთარ ჭილაძის ქვეყნის გამო დარდი და წუხილი იმდენად ღრმაა, რომ დღიურების ინტიმურობა მთლიანად ეწირება ამ ნაღველნარევ ან ბრაზიან ფიქრებს. ასეთმა განცდებმა ოთარ ჭილაძეს უმნიშვნელოვანესი აზრები ჩააწერინა თავის რვეულებში. მხოლოდ ორის დამოწმება იკმარებდა:
"ჩვენთვის თავისუფლება იგივეა, რაც სხვისთვის მონობა. ეს არის ყველაზე დიდი ბოროტება, რაც უმტკივნეულო დაცემამ მოგვიტანა".
ანდა:

"რასაც ამ ფაციფუცში მოვიპოვებთ, მალევე დავკარგავთ. რასაც ამ ფაციფუცში დავკარგავთ, ვეღარასოდეს მოვიპოვებთ."

თანამედროვე, უფრო სწორად კი, დღევანდელ საქართველოზე ასეთი ზუსტი გამონათქვამი ბოლო წლების მანძილზე არ შემხვედრია. მწერალი ბევრს ფიქრობდა ამაზე, ქვეყანაზე, სადაც ადამიანებს უკვე თავიანთი ქვეყანა მობეზრდათ, მობეზრდათ ქართველობა, თავიანთი ქვეყნის მომავალიც კი მობეზრდათ. მთელი წიგნის მანძილზე იგი ძალიან მკაცრად აფასებს ქართულ ემიგრაციას, განსაკუთრებით პირველი თაობების ქართველი ემიგრანტების მოღვაწეობას.

ოთარ ჭილაძე სულ მუდამ უბრუნდება ქართულ მწერლობას, მწერლის ხელობასთან დაკავშირებულ საკითხებს, ჩვენი და მსოფლიო ლიტერატურის წარსულსა და მომავალს. იგი წუხს, რომ რატომღაც ნებისმიერი მწერლის წარმატება საერთოა, ამ შემთხვევაში ზოგადად მწერლობა იმარჯვებს და ყველა ხდება ამ გამარჯვების თანაზიარი, მარცხი კი პირადულია და მწერლურ დამარცხებას მხოლოდ ერთი კონკრეტული მწერალი უნდა გაუმკლავდეს. რვეულებში შეხვდებით ჩანაწერებს საკუთარი რომანების შესახებ, ვრცელი და საკმაოდ კრიტიკულია მისი შენიშვნები მერაბ კოკოჩაშვილის სარეჟისორო სცენარზე ფილმისთვის, რომელიც მისი რომანის მიხედვით, "ყოველმან ჩემმან მპოვნელმან" მომზადდა. ასევე არაერთხელ ახსენებს იგი ამა თუ იმ ნაწარმოებს, რომელსაც ჯერ სახელი არა აქვს, შემდეგ კი აღმოჩნდება, რომ საუბარია ხან "აველუმზე", ხანაც "გოდორზე"...
ჩემთვის ძალიან ძვირფასი იყო წიგნში თბილისური პასაჟების აღმოჩენა. აქ 40-იანი წლების თბილისიც ცოცხლდება და 60-იანებისაც, უფრო მძიმეა XXI საუკუნის თბილისური სურათები. მწერალი იხსენებს:

"ორმოციანი წლების თბილისში პირველად მოხვედრილი კაცისთვის რომ გეკითხათ, ყველაზე მეტად რამ მიიქცია შენი ყურაღება ამ ქალაქშიო, დაუფიქრებლად გიპასუხებდათ - პიანინოს ხმამო. მართლაც, თითქმის ყველა ბინაში იდგა პიანინო და ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, თითქოს თავად სახლები გამოსცემდნენ ამ ხმას, თითქოს ნებისმიერი სახლი იმავე დროს მუსიკალური ყუთიც იყო და სარკმელი რომ გამოგეღოთ უნებურად, მაშინვე სავარჯიშო გამები გამოფრინდებოდნენ იქიდან, ტყვეობიდან თავდაღწეული ჩიტებივით."

უკვე 1994 წელს კი გულდაწყვეტით წერდა ზუსტად იმავეზე, როდესაც ერთ-ერთ ბნელ თბილისურ სადარბაზოში ხელისცეცებით შესულს რომელიღაც სახლიდან პიანინოს ხმა შემოესმა: "აშკარად ბავშვი უკრავდა, ალბათ სანთლის შუქზე."

შესანიშნავია ადიდებული მტკვრის ამბავი. ახალგაზრდა მწერალი აღფრთოვანებული აღწერს მოვარდნილ მდინარეს. ბოლო წლებში კი ოთარ ჭილაძე ხშირად გაჰყურებდა ხოლმე მდინარე ვერეს ხეობას, თანამედროვე თბილისის მთავარ წყლულს, რომელიც ბოლო ერთი წლის მანძილზე საბოლოოდ გაიწირა და იმის ნაცვლად, რომ მის განკურნებაზე გვეზრუნა ან ზრუნვაში ხელი შეეწყოთ, მდინარე თითქმის მთლიანად დაიმარხა. ოთარ ჭილაძე ვერ მოესწრო ამ დასაფლავებას, სამაგიეროდ, 2007 წელს ასეთი რამ ჩაუწერია:
"ვერეს ჭალაში მალე, ძალიან მალე ჩაჭკნება დღეს მწვანედ მოხასხასე და მოცახცახე ფოთოლი. კვლავ გამოჩნდება შიშველ ტოტებზე მოკონწიალე ათასნაირი ძონძი და ცელოფანის პარკები... ვინ იცის, იქნებ სწორედ აქ, ამ პატარა ჭალაში, სამალავია ჩვენი დროებით დაკარგული თვალისჩინისა და გონისა. შევინარჩუნოთ როგორმე ეს ბუნებრივი სიმწვანე, რომ განვიწმინდოთ თავადაც, თუკი ამის დროც მოვა."

რვეულებში ბევრი სიზმარია, ისევე როგორც ჭილაძის პროზასა და ლექსებში. ხანდახან არცაა მითითებული, რომ მწერალი სიზმარს გვიყვება. ერთხელ, გერმანიაში ყოფნისას, მშობლები დასიზმრებია და შემდეგ ჩაუნიშნავს: "საოცარია, გერმანიაში იხილო ისინი, ვინც დიდი ხანია მშობლიურ მიწაში განისვენებს."

ბოლო 20 წლის მაძილზე მწერალი ძალიან დამძიმებული იყო სხვადასხვა გარემოებებით. საქართველო, ჯანმრთელობის გაუარესება, სიკვდილზე გამუდმებული ფიქრი დ,ა რაც მთავარია, საკუთარ უიღბლობაზე ჩივილი. მაგალითად, მას მიაჩნია, რომ რადგან მისი "აველუმის" გერმანულ ენაზე გამოსვლა ძალიან სერიოზული და მნიშვნელოვანი ამბავია, შეიძლება წიგნი სწორედ ამიტომაც არ გამოვიდეს. იგი დარწმუნებულია, რომ ოთარ ჭილაძის დრო არასდროს დადგება საქართველოში, ხოლო საფრანგეთში თავისი წიგნის გამოსვლასთან დაკავშირებით წერს, შეიძლება ისე მოხდეს, რომ ცივილიზებულმა სამყარომ საერთოდაც უარი თქვას წიგნზეო.
ბოლოს მინდა ისევ ქვეყნის სატკივარს დავუბრუნდეთ, რადგანაც ოთარ ჭილაძის ფიქრი მუდამ ამ ქვეყანას დასტრიალებდა, და 1990 წელს ჩაწერილი ერთი პატარა აბზაცით დავამთავრო. ვიცი, ეს სიტყვები ცოტა ხანს მაინც დაგვაფიქრებს:

"ძეგლის დამხობა იდეას არ კლავს, პირიქით, უძეგლოდ დარჩენილი, ანუ ნიღაბჩამოხსნილი იდეა, კიდევ უფრო მიზანდასახული ხდება!"
XS
SM
MD
LG