Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ „შეშფოთებულია“ მსოფლიოში რელიგიის თავისუფლების ნაკლებობით


აშშ-ის მთავრობა აცხადებს, რომ „შეშფოთებულია“ მსოფლიოს ბევრ ადგილას რელიგიის თავისუფლების ნაკლებობით - განსაკუთრებით პრობლემურ ქვეყნებად კი კვლავ ირანსა და უზბეკეთს ასახელებს. ოთხშაბათს ვაშინგტონში გამოქვეყნდა სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ შემუშავებული, მსოფლიოში რელიგიის თავისუფლების ხარისხის ამსახველი ყოველწლიური ანგარიშის მორიგი, წლევანდელი გამოშვება; გაიმართა სახელმწიფო მდივან ჰილარი კლიტონის პრესკონფერენცია.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი აცხადებს, რომ „შეშფოთებულია“ მსოფლიოში რელიგიის თავისუფლების ნაკლებობით და ირანს და უზბეკეთს კვლავ განსაკუთრებით პრობლემურ ქვეყნებად ასახელებს, რომლებიც ძლიერ ზღუდავენ თავიანთი მოქალაქეების უფლებას თავისუფლად მისდიონ თავიანთ რწმენას.

რელიგიის თავისუფლების საერთაშორისო ანგარიში, რომელსაც სახელმწიფო დეპარტამენტი ყოველწლიურად აქვეყნებს, წელს მოიცავს პერიოდს 2009 წლის 1 ივლისიდან 2010 წლის 30 ივნისამდე. სულ განხილულია 128 ქვეყანა.

ვაშინგტონში გამართულ პრესკონფერენციაზე სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა საკუთრივ ანგარიშის ზოგად მიზნებზეც ისაუბრა. მისი თქმით, ამ ანგარიშის გამოქვეყნებით აშშ „არ ცდილობს სხვა ქვეყნების განსჯას ან საკუთარი თავის ერთგვარ სრულყოფილ მაგალითად წარმოჩენას.“ კლინტონის თქმით, ამ ანგარიშის მიზანია აჩვენოს, რომ ამერიკელებს ძალიან აღელვებთ რელიგიის თავისუფლების საკითხი და მას ადამიანის ერთ-ერთ ფუნდამენტურ უფლებად განიხილავენ.

თუმცა, მისი თქმით, ბევრ სხვა ქვეყანაში სულ სხვა ვითარება გვხვდება: „რელიგიის თავისუფლებას ემუქრებიან ავტორიტარული რეჟიმები, რომლებიც თავიანთი მოქალაქეების უფლებებს ხელყოფენ. მას ემუქრებიან ძალადობრივი ექსტრემისტული დაჯგუფებები, რომლებიც კონფესიებს შორის არსებული დაძაბულობით სარგებლობენ და მის გაძლიერებას უწყობენ ხელს. მას ემუქრება ის ჩუმი, მაგრამ ჯიუტი ზიანი, რომელსაც იწვევს შეუწყნარებლობა და უნდობლობა, რასაც ბევრი რელიგიური უმცირესობის მარგინალურ და მოწყვლად ჯგუფად ქცევა შეუძლია“, - განაცხადა სახელმწიფო მდივანმა.

ჰილარი კლინტონმა მაგალითის სახით ისაუბრა ალ-ყაიდის მიერ გამოთქმულ მუქარაზე ახლო აღმოსავლეთის რელიგიური უმცირესობების წინააღმდეგ. სახელმწიფო მდივანმა ისაუბრა პაკისტანში სუფიურ, შიიტურ და ამადიიურ წმინდა ადგილებზე მიტანილ იერიშებზე, ისევე როგორც სირიის კათოლიკურ ეკლესიაზე თავდასხმის შესახებ ბაღდადში.

კლინტონის თქმით, აშშ-ის მთავრობას ასევე აწუხებს ჩინეთიდან მიღებული ცნობები მთავრობის მხრიდან ტიბეტელი ბუდისტების, ჩინელი ქრისტიანების და უიღური მუსულმანების შევიწროების შესახებ.

ამასთან, კლინტონმა აღნიშნა, რელიგიის თავისუფლებას „მკაცრი შეზღუდვები რამდენიმე ევროპულმა ქვეყანამაც დაუწესაო“, თუმცა სახელმწიფოები არ დაუსახელებია: „რელიგიის თავისუფლების ამგვარი შევიწროება იმ კავშირების დაძაბვას იწვევს, რომელიც დემოკრატიულ საზოგადოებებს ასაზრდოებს“, - განაცხადა კლინტონმა. - „ვიმედოვნებთ, რომ ამ ანგარიშით მსოფლიოს მთავრობებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს და მოქალაქეებს ღირებულ ინფორმაციას მივაწვდით რელიგიის თავისუფლების სტატუსზე. ეს ყველა ჩვენგანის მისამართით გაკეთებული მოწოდებაა, უფრო ეფექტიანად ვითანამშრომლოთ მისი დაცვის საქმეში.“

ჰილარი კლინტონის თქმით, ობამას ადმინისტრაციის მიერ მსოფლიოს მუსულმანებთან კავშირის განმტკიცებაზე მუშაობა აჩვენებს, რომ თეთრი სახლი „მსოფლიოში რელიგიის თავისუფლების ხელშეწყობას შეერთებული შტატების მიერ წარმოებული დიპლომატიის ერთ-ერთ მთავარ ელემენტად მიიჩნევს.“

თუმცა, ამავე დროს, სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში უარყოფილია ისეთ ქვეყნებში გამოკვეთილი ტენდენცია, რომელთა მოსახლეობის უმრავლესობა - ან დიდი ნაწილი - მუსულმანია. საუბარია ასეთი ქვეყნების მცდელობაზე, გაერომ მიიღოს რელიგიათა შეურაცხყოფის ამკრძალავი რეზოლუციები.

ჰილარი კლინტონის თქმით, აშშ „სხვა ქვეყნების გვერდით დგას სიძულვილის შემცველი განცხადებების დაგმობის საქმეში, მაგრამ ასეთი განცხადებების აკრძალვას მხარს არ უჭერს.“

როგორც უკვე ვთქვით, რელიგიის თავისუფლების შევიწროების თვალსაზრისით ანგარიშში ყველაზე პრობლემურ ქვეყნებად ირანი და უზბეკეთი რჩება.

რაც შეეხება საქართველოში არსებულ ვითარებას, ანგარიშში აღნიშნულია, რომ ქვეყნის კონსტიტუცია რელიგიის თავისუფლებას ხელს უწყობს, ქვეყნის მთავრობა კი ამ თავისუფლების პრაქტიკულ განხორციელებას ძირითადად მხარს უჭერს. თუმცა, „ისევე როგორც წინა პერიოდებში, მთავრობის ქმედებები ძირითადად ეროვნული უსაფრთხოების პრობლემებზე იყო კონცენტრირებული და ამის გამო რელიგიის თავისუფლებასთან დაკავშირებული კანონების დანერგვა შენელდა.“

ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ ამ ერთი წლის მანძილზე საქართველოდან კვლავ იყო ინფორმაცია საზოგადოების მიერ რელიგიური ნიშნით წარმოებულ შევიწროებასა თუ დისკრიმინაციაზე. „იყო ცნობები შევიწროების ფაქტებზე თბილისში და თბილისის გარეთ, რეგიონებში, ადგილობრივი მოქალაქეების, მთავრობის წარმომადგენლების და მართლმადიდებელი პროვოკატორების მონაწილეობით.“ ამასთან, სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის თანახმად, საქართველოში კვლავ გადაუჭრელი რჩება სისტემური პრობლემები, როგორიცაა ეკლესიის ქონების დაბრუნების საკითხი, რელიგიურ მიმდინარეობათა კანონიერი რეგისტრაციის თემა, უთანასწორო კანონმდებლობა და არამართლმადიდებელი რელიგიური ჯგუფების ნეგატიურად წარმოჩენა მედიაში.
  • 16x9 Image

    სალომე ასათიანი

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან. მუშაობს კულტურისა და პოლიტიკის თემებზე. არის ავტორი პოდკასტისა "ასათიანის კუთხე“, რომელიც ეხება ლიტერატურას, კინოს, მუსიკას, კულტურის ისტორიას, ფსიქოანალიზს, ფემინიზმის საკითხებს და იდეების ისტორიას.

XS
SM
MD
LG