Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კრემლი და როკი: რუსეთში მუსიკოსები პოლიტიკური სპექტრის ორივე მხარეს ჯგუფდებიან


რუსეთის პრეზიდენტ დმიტრი მედვედევის შეხვედრა როკმუსიკოსებთან
რუსეთის პრეზიდენტ დმიტრი მედვედევის შეხვედრა როკმუსიკოსებთან
რუსეთში მუსიკის ბევრი მოყვარული იმედგაცრუებული დარჩა, როცა ქვეყნის ყველაზე ცნობილი როკ-მუსიკოსების ერთი ნაწილი ლუდის დასალევად და სამასლაათოდ რუსეთის პრეზიდენტთან, დმიტრი მედვედევთან მისული იხილა. მათ შორის იყო ჯგუფ „აკვარიუმის“ სოლისტი, ბორის გრებენშჩიკოვიც, რომელიც უწინ, საბჭოთა ეპოქაში, ნონკონფორმისტი მუსიკოსის აურას ატარებდა. მედვედევთან ამ შეხვედრამ კიდევ უფრო მკაფიოდ გამოკვეთა ის ფაქტი, რომ რუსეთის მუსიკოსებს შორის არიან, ერთი მხრივ, კრემლთან დაახლოებულები და, მეორე მხრივ, მწვავე ოპოზიციური შეხედულებებით გამორჩეულნი - განსაკუთრებით იური შევჩუკი და რეპერი ნოიზ ემ სი.

ალექსეი ვანჩუგოვი - სანკტ-პეტერბურგის 33 წლის მკვიდრი - თბილად იხსენებს თავის ახალგაზრდობის დროინდელ გმირს, მუსიკოს იური შევჩუკს:

„მახსოვს, სკოლასა და ინსტიტუტში როცა ვსწავლობდით, შევჩუკი ჩვენთვის ნამდვილი გმირი იყო. ვუსმენდით მის სიმღერებს, ვცდილობდით ისინი გიტარაზე აგვეწყო“.

დღეს ალექსეი ვანჩუგოვს მუსიკაზე მეტად პოლიტიკური საკითხები აწუხებს.

ის განათლებით ენათმეცნიერი და ლიტერატურის კრიტიკოსია, თუმცა ამჟამად შუშის ქარხანაში მუშაობს და სანკტ-პეტერბურგის აქტივისტების გუნდის წევრია.

ვანჩუგოვი მონაწილეობს „სტრატეგია 31“-ის სახელით ცნობილ საპროტესტო მოძრაობაში - ესწრება ხოლმე საპროტესტო შეხვედრებს, მაგალითად, 9 ოქტომბერს გამართულ აქციას სანკტ-პეტერბურგის ცენტრში, „გაზპრომის“ ცათამბჯენის აშენების ინიციატივის წინააღმდეგ.

ალექსეი ვანჩუგოვისთვის - და მასთან ერთად კიდევ რუსეთის ათასობით მოქალაქისთვის - ეს უკანასკნელი რამდენიმე წლის განმავლობაში მომხდარი მნიშვნელოვანი ტრანსფორმაციაა, სამოქალაქო პასიურობიდან აქტიურობამდე.

ამავე ჯგუფშია ვანჩუგოვის ახალგაზრდობისდროინდელი გმირი იური შევჩუკიც, რომელიც ბოლო ხანებში რუსეთის საპროტესტო სუბკულტურის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო და ხმამაღალი წარმომადგენელი გახდა. შევჩუკი ხშირად გამოდის მწვავე კრიტიკით ისეთი საკითხების თაობაზე, როგორიცაა მოსკოვის ხიმკის ტყეში ავტომაგისტრალის მშენებლობა, პოლიციის მხრიდან ძალადობა და მშვიდობიანი დემონსტრაციების გამართვის უფლება. 53 წლის როკერი დღესაც ხშირად ასრულებს მისი ჯგუფის, „დედეტეს“ მიერ პოსტსაბჭოთა პერიოდში შექმნილ ყველაზე ცნობილ ჰიტს, „სამშობლოს“, რომელიც მწვავე პოლიტიკურ და სოციალურ კრიტიკულ პათოსს ატარებს.

ამგვარი ნაბიჯების გამო შევჩუკს ქვეყნის მმართველი პოლიტიკური ელიტა კეთილი თვალით არ უყურებს. ვითარება განსაკუთრებით მას მერე დაიძაბა, რაც მიმდინარე წლის მაისში გამართულ, ტელევიზიით გაშუქებულ შეხვედრაზე შევჩუკმა პრემიერ-მინისტრ ვლადიმირ პუტინს მშვიდობიანი აქციების მონაწილეების მიმართ ძალის გამოყენების შესახებ პირდაპირ დაუსვა შეკითხვა. პუტინს ამ შეკითხვამ აშკარა უხერხულობა შეუქმნა, შევჩუკის ნონკონფორმისტის რეპუტაცია კი საბოლოოდ გამყარდა.

„ამ ადამიანს დიდი ავტორიტეტი და სტატუსი აქვს. მას პირდაპირ შეუძლია პუტინს მიმართოს“, - ამბობს ალექსეი ვანჩუგოვი. - „ცხადია, რომ პუტინთან იმ საუბრის შემდეგ მას უკვე აღარ მიეცემა ამის შესაძლებლობა. ამ არხებს მას გადაუკეტავენ. უკვე თითქმის აღარც ჩნდება ტელევიზიებისა და რადიოების ეთერში“.

შესაბამისად, ალბათ, არავის გაჰკვირვებია, როცა იური შევჩუკი ვერ იხილეს იმ პირებს შორის, რომლებიც 14 ოქტომბერს პრეზიდენტ დმიტრი მედვედევსა და როკ-მუსიკოსებს შორის გამართულ შეხვედრაზე გამოცხადდა. მედვედევმა, რომელიც თავს როკის დიდ მოყვარულად მიიჩნევს, ქვეყნის ყველაზე ცნობილი მუსიკოსების ერთი ნაწილი თავისთან მიიწვია და ლუდისა და სიმღერების თანხლებით პოლიტიკის შესახებ ემასლაათა.

შეხვედრაზე შევჩუკის რამდენიმე თვალსაჩინო კოლეგა მივიდა - მათ შორის, ჯგუფ „მაშინა ვრემენის“ სოლისტი ანდრეი მაკარევიჩი და „აკვარიუმის“ ბორის გრებენშჩიკოვი - 1980-იანი და 90-იანი წლების ისეთი ანტისაბჭოთა სიმღერების ავტორი, როგორიცაა „ცეცხლში გახვეული მატარებელი“.

გრებენშჩიკოვმა შეხვედრაზე მედვედევს მორიდებული ტონით, მაგრამ მაინც დაუსვა შეკითხვა „გაზპრომის“ ცათამბჯენის შესახებ. მაგრამ ბევრისთვის უკვე ის ფაქტი, რომ მუსიკოსი ამ შეხვედრაზე მივიდა, საკმარისი აღმოჩნდა იმისათვის, რომ იგი კრემლის კარის მუსიკოსად გამოეცხადებინათ.

ამგვარ შთაბეჭდილებას სხვა ფაქტებიც ამძაფრებს - მაგალითად, პუტინის დაბადების დღის აღსანიშნავად თავად გრებენშჩიკოვის მიერ მოყოლილი ამბავი. მუსიკოსმა თქვა, ლამაზი სიზმარი დამესიზმრა, თითქოს მე და პუტინი კატერით ერთად ვმოგზაურობდით და კომუნალურ ბინებს ვათვალიერებდითო.

თუმცა სერგეი ჩერნოვისთვის - მუსიკალური კრიტიკოსისთვის, რომლის სტატიამაც მედვედევთან გამართულ შეხვედრაზე მაკარევიჩის გაბრაზება გამოიწვია - ამაში ახალი არაფერია:

„ამაში შოკისმომგვრელი ახლა უკვე არაფერია. ელცინის დროს და საბჭოთა წლებში გრებენშჩიკოვი კრიტიკულად უყურებდა ხელისუფლებას - მისი მუსიკა და სიმღერებიც რუსეთში არსებულ ვითარებას კრიტიკულად აღწერდა. 2005 წელს კი ყველა - მათ შორის, მეც - შეძრწუნდა, როცა უცებ აიღო და კრემლის რუხ კარდინალს [იდეოლოგ ვლადისლავ სურკოვს] შეხვდა“, - ამბობს ის.

მედვედევის მსგავსად, ვლადისლავ სურკოვიც, რუსეთის პრეზიდენტის აპარატის უფროსის პირველი მოადგილე, თავს როკ-მუსიკის დიდ მოყვარულად მიიჩნევს. ის გასულ კვირაში მედვედევთან გამართულ შეხვედრასაც დაესწრო. სურკოვი ცნობილი რუსული როკ-ჯგუფის, „აგატა კრისტის“, ერთ-ერთ ალბომში შესული სიმღერების ტექსტების ავტორია.

მუსიკოსებისთვის კრემლთან ახლო კავშირები ნიშნავს ხელსაყრელ გარემოს კარიერული წინსვლისთვის - კონტრაქტებს, დიდ საკონცერტო დარბაზებს და ტელევიზიებისა თუ რადიოების ეთერში აქტიურად გამოჩენას. კრემლს კი წამყვან როკ-ვარსკვლავებთან შეხვედრა ერთგვარ სტილს თუ ახალგაზრდულ იმიჯს მატებს, რაც 2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ საკმაოდ ხელსაყრელი ფაქტორია.

თუმცა ბევრისთვის მუსიკოსების პოლიტიკურ სიმპათიებზე, მათ კონფორმიზმსა თუ ნონკონფორმიზმზე კიდევ უფრო დიდი პრობლემა საკუთრივ მუსიკაა ან, უფრო ზუსტად, მისი ხარისხი.

მათ შორის არის ვეტერანი როკ-კრიტიკოსი არტემი ტროიცკი, რომელიც ახლა ოპოზიციის რიგებშია გაერთიანებული და იური შევჩუკის გვერდით ხშირად ჩნდება საპროტესტო აქციებზე. ტროიცკი გულგრილად უყურებს მედვედევისა და როკერების შეხვედრას. მუსიკოსებს შეუძლიათ ვისაც სურთ, მას შეხვდნენო, - ამბობს ის და დასძენს: ოღონდ ვინატრებდი ისინი უკეთეს მუსიკას ქმნიდნენო:

„ვფიქრობ, ყველა მუსიკოსის მთავარი მიზანი კარგი სიმღერების დაწერა და ჩაწერაა - ისეთი სიმღერების, რომლებსაც რაღაც აზრი ექნებათ, რომლებიც რაღაცას ეტყვიან მსმენელს“, - ამბობს ტროიცკი და დასძენს: „მთავარ უხერხულობას ის მიქმნის, რომ 1970-იანი, 1980-იანი წლების მთავარი როკ-ჯგუფების უმრავლესობა ახლა ერთგვარად ზარმაც, თვითკმარ, რბილ და მოსაწყენ ჯგუფებად გადაიქცა. ამ ხალხისგან ძირითადი იმედგაცრუება სწორედ ამის გამო მაქვს. პრეზიდენტ მედვედევთან მათი შეხვედრა კი დიდად არ მაღელვებს“.

მაკარევიჩი, რომლის პოპ-როკის სტილი საბჭოთა დროსაც არ ითვლებოდა დიდად ნონკონფორმისტულად, სოციალურ თემებს ახლაც არიდებს თავს. გრებენშჩიკოვი ბუდისტურმა და ინდუისტურმა მისტიციზმმა გაიტაცა და მეტაფორებით დახუნძლულ, რთულად აღსაქმელ და პოლიტიკისგან დაშორებულ ტექსტებს წერს.

ძველ როკერებს შორის, ძირითადად, ისევ შევჩუკი ინარჩუნებს სიმწვავეს ისეთი ღიად პროვოკაციული ტექსტებით, როგორიცაა, მაგალითად, „როცა ნავთობი დაშრება, ჩვენი პრეზიდენტი მოკვდება“.

თუმცა მუსიკის ბევრი მოყვარული მაინც იმედიანად არის - მათი განცხადებით, მართალია, ძველი მუსიკოსების ერთმა ნაწილმა სიმწვავე და პროვოკაციულობა დაკარგა, მაგრამ მოდის ახალი, კიდევ უფრო ნონკონფორმისტი და შეურიგებელი თაობა. მაგალითად, ასე ფიქრობს სოციოლოგი ბორის კაგარლიტსკი:

„ეს პოლიტიკური ნიშა სხვა მუსიკოსებმა დაიკავეს - ლიუმენმა, ბარტომ, ნოიზ ემ სიმ, ლიაპის ტრუბეცკოიმ. ეს ახალი თაობაა, რომელიც უფროსებს საკმაოდ კრიტიკულად უყურებს, მე ვიტყოდი, ნეგატიურადაც კი. ესენი სხვა რამეებზე წერენ მუსიკას, მათ სხვა იდეოლოგია და ქცევის ფორმები ახასიათებთ“.

ამ ახალ თაობაში განსაკუთრებული სიმწვავით რეპერი ნოიზ ემ სი გამოირჩევა - 25 წლის ივან ალექსეევი, რომლის ტექსტებიც ქვეყანაში არსებულ უსამართლობასა და ძალადობაზე ჰყვება.

ცხადია, ის, თუ რამდენად შეძლებენ ეს ახალი თაობის მუსიკოსები ახალგაზრდა მსმენელის მობილიზებას და პოლიტიკური აპათიიდან აქტიურობაში გადაყვანას, უცნობია. ვანჩუგოვი, მაგალითად, თავის უმცროს მოკავშირეებს ერთგვარ უმიზნო მეამბოხეებად მიიჩნევს, რომლებსაც მკაფიო პოლიტიკური შეხედულებები არა აქვთ. რუსეთის საპროტესტო კულტურაში მუსიკის როლის გაზვიადებულად აღქმის წინააღმდეგ გამოდის არტემი ტროიცკიც, რომელიც ამბობს, რომ ქვეყანაში ცვლილებების მოხდენის სურვილს ნემისმიერ მუსიკაზე მეტად თავად მთავრობის ნაბიჯები იწვევს.
  • 16x9 Image

    სალომე ასათიანი

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან. მუშაობს კულტურისა და პოლიტიკის თემებზე. არის ავტორი პოდკასტისა "ასათიანის კუთხე“, რომელიც ეხება ლიტერატურას, კინოს, მუსიკას, კულტურის ისტორიას, ფსიქოანალიზს, ფემინიზმის საკითხებს და იდეების ისტორიას.

XS
SM
MD
LG