Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აკაკი – 170


2010 წელი აკაკი წერეთლის საიუბილეო წელია. ზაფხულში დიდი ქართველი პოეტის დაბადებიდან 170 წელი შესრულდა.

მის ბიოგრაფიაზე საუბარს მე მგონი აზრი არა აქვს. ისედაც ყველამ კარგად იცის მისი დაბადების ადგილი და მე მგონი ჯერ-ჯერობით არც იმ სოფლის სახელი დაგვვიწყნია, სადაც მან ფეხი აიდგა და ბავშვობა გაატარა. არ მეგულება საქართველოში ადამიანი, ვინაც ზეპირად არ იცოდეს მისი ბიოგრაფიის პირველი აბზაცები, კინოფილმიდან მაინც ეხსომება რაღაცეები. არ შევცდები თუ ვიტყვი, რომ არც ერთ ქართველ პოეტს არ რგებია ხალხის ისეთი სიყვარული, როგორც მას, იგი ნამდვილი სახალხო პოეტი იყო, ვის სიმღერებსაც, ნახევრად ხუმრობით რომ ვთქვათ, ხალხი მღეროდა.

აკაკის ქნარი ყველა თაობას უყვარდა, ყველა გულში იკრავდა. მას არ შეხებია გადაფასების მწარე ხელი, რომელსაც ხშირად დავიწყებაც მოსდევს ხოლმე შედეგად. ეს შეუძლებელი იყო მომხდარიყო და ალბათ არც მოხდება, იმდენად კამკამაა მისი აზრი და სიტყვა, იმდენად ნამდვილია მისი ლექსი და განუმეორებელია ამ ლექსის მუსიკალობა. გალაკტიონმაც ხომ აკაკისთან აიდგა ფეხი.

ეს ტრადიცია დღემდე ცოცხალია, უახლესი თაობის ქართველი პოეტებიც ძალიან აფასებენ აკაკის, თავისებურად ხედავენ მას, თავისებურად კითხულობენ. ეს იმედს მაძლევს, რომ სულ მალე, იქნებ აკაკის წაკითხვების ისტორიასაც ეშველოს რამე (ეს მხოლოდ აკაკის არ ეხება, არამედ ყველა დიდ ქართველ მწერალს).

მაგალითად, ახალგაზრდა პოეტ პაატა შამუგიასთვის აკაკი რუსთაველის ნამდვილი მემკვიდრეა:

“ახალი არაფერი იქნება, თუკი ვიტყვი, რომ აკაკი იყო რეფორმატორი. ენის თვალსაზრისით, მან მართლა სერიოზული რეფორმა მოახდინა და ამ მხრივ ენათესავება იგი რუსთაველს და მე მგონია, რომ აკაკი წერეთელი პირველი მემკვიდრე იყო რუსთაველისა, მემკვიდრე და არა კლონი, რომელიც მას ეხვია 6 საუკუნის განმავლობაში. სხვა მსგავსებაც აქვს რუსთაველთან, რუსთაველი იყო პირველი მაღალი კლასის წარმომადგენელი, რომელმაც “პროლეტარული” ენით დაწერა ლექსი, ასევე იყო აკაკი წერეთელიც, უზარმაზარი წყვეტის შემდეგ... იგი ასევე მაღალი სოციალური წრის წარმომადგენელი იყო, თავადი, რომელმაც დაწერა მუშური ენით, მუშათა კლასის ენით. მას აქვს კიდეც ასეთი ლექსები, რომლებსაც ასეც ჰქვია: მუშურები. მართალია კონკრეტულად ეს ლექსები ვერ დაიკვეხნიან მაინცდამაინც დიდი ღირებულებით, მაგრამ ბიოგრაფიისთვის საინტერესოა”.

აკაკი პოეტის სიმბოლოდ იქცა საქართველოში, ვინ იცის, იქნებ სიტყვა მგოსანიც სწორედ აკაკის გამო დამკვიდრდა ქართულ ენაში?! ალბათ ამიტომაა, რომ როცა სიტყვა „მგოსნით“ რომელიმე სხვა პოეტს უხმობენ, ყოველთვის მეცინება ხოლმე. შესაძლოა ვცდები, მაგრამ ეს სიტყვა მხოლოდ აკაკის მიემართება.

“ზოგადად დამოკიდებულებაც აკაკისა ბუნებრივი იყო, განსხვავებით ილიასგან. მაგალითად, ორივეს ლექსი რომ შევადაროთ, ილიას “პოეტი” და აკაკის “პოეტი”, ვნახავთ, რომ სოციალური და თუნდაც შემოქმედებითი პროგრამა მათ აბსოლუტურად განსხვავებული აქვთ. ილია, მიუხედავად იმისა, რომ შეაკვდა არისტოკრატებს, მაინც არისტოკრატად დარჩა: “მე ცა მნიშნავს და ერი მზრდის...”, ანუ იგი რაღაც შუამავლად წარმოიდგენდა თავს ცასა და მიწას შორის, ერსა და ბერს შორის. აკაკი პირიქით: “ხან უგნური ვარ, ხან ბრძენი...”, ანუ ყველაზე მიწიერი პოეტი იყო, ყველაზე ადამიანური. ის, რაც, ვთქვათ, უიტმენმა გააკეთა ამერიკაში, ანუ პოეზიის გაადამიანურება მოახდინა, ზუსტად ასე იყო აკაკი, მანაც პოეზიის გაადამიანურება მოახდინა. დაწერა ადამიანური ლექსები ადამიანებზე, ადამიანურ გასაჭირზე”, ამბობს პაატა შამუგია.

აკაკი გარეგნობითაც ჰგავდა უიტმენს, იმდენად, რომ რომელიმე გამომცემლობას შეიძლება აერიოს კიდეც და ყდაზე აკაკის ნაცვლად ამერიკელი პოეტის ფოტო დაბეჭდოს (ამ ტიპის შემთხვევა უკვე იყო ქართულ საგამომცემლო პრაქტიკაში). აკაკის შესამკობლად გამოთქმული სიტყვებიც კარგად გვახსოვს: „თმადათოვლილი დიდებული მოხუცი“, „ოლიმპიური მზერით“, „ჭაღარა ფაფარი“, „პოეტის ბიბლიური ფიგურა“ და სხვ.

აკაკი არც ერთ საზოგადოებრივ წამოწყებას არ გამოკლებია, იგი იყო “წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების” დამფუძნებელი და ძალიან აქტიური წევრი, მონაწილეობდა ქართული დრამატული საზოგადოების მუშაობაში, თანამშრომლობდა გაზეთებთან, წერდა უმწვავეს წერილებს, მიუხედავად იმისა, რომ ერთი შეხედვით თითქოს საზოგადოებრივად არც ისე აქტიური ჩანდა.

“ალბათ უფრო თეორიული იყო მისი საზოგადოებრივი აქტიურობა. ერთ-ერთ მოთხრობას გავიხსენებ, “კუდაბზიკეთს”, რომელიც არჩევნებს ეხება და ძალიან ჰგავს, სხვათა შორის, ყველა იმ არჩევნებს, რაც კი საქართველოში ჩატარებულა. როგორ მოქმედებს ბიუროკრატიული მექანიზმი და ა.შ. სიტუაცია ორუელის “ცხოველთა ფერმას” ჰგავს, ეს არის გამანადგურებელი პოლიტიკური სატირა... რწყილების და ტილების არჩევანი... ძალიან საინტერესოა გადმოცემის ფორმითაც, აკაკისთვის უჩვეულო სტილია, თუ არ ვცდები ჟანრულად თავად აკაკიმ განსაზღვრა როგორც “ზღაპრული მოთხრობა”. თუმცა, რა თქმა უნდა, ყველაზე ცნობილი ტექსტი “ბაში-აჩუკი” და “ჩემი თავგადასავალია”. ამის მიუხედავად, მე ვერ ვიტყვი, რომ პროზაში იყო აკაკი აკაკი, აკაკი იყო ლექსებში... თუმცა “ჩემი თავგადასავალი” მე მგონი ძალიან კარგი ავტობიოგრაფიული ტექსტია...”, ამბობს პაატა შამუგია.

ცალკე თემაა აკაკის ცხოვრების წესი, ხუმრობა-ოხუნჯობანი და მისი თამამი სკაბრეზული ლექსები. კვლავ პაატა შამუგიას მოუსმინეთ:

“აკაკის ერთ-ერთი “დამსახურებაა” ისიც, რომ მას სკაბრეზულ პოეზიაშიც ჰქონდა წვლილი შეტანილი და იმ დროისთვის სრულიად მოულოდნელი სკაბრეზიც კი აქვს შექმნილი. რა თქმა უნდა, ეს ლექსები არ არის ფართოდ ცნობილი, მაგრამ, შემონახულია სხვადასხვა ლიტერატორის მემუარებში, მოგონებებში. აქ აკაკი საკმაოდ თამამად ბილწსიტყვაობს, იყენებს არანორმატიულ ლექსიკას, ანუ იგი ტიპიური სახალხო მთქმელი იყო, ვინაც მთელი ეს ხალხური “მეთოდები” ბოლომდე გამოიყენა, ამომწურავად”.

გარდა ამისა აკაკის პირველობა, როგორც პოეტისა, ბევრ სხვა რამესაც გადაედო. მაგალითად, მის შესახებ გადაღებულმა ფილმმა “აკაკის მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში” პირველი ქართული კინოფილმის სახელი დაიმკვიდრა, ხოლო მის მიერ წაკითხული “განთიადი” ნამდვილად ღირსია პირველ ქართულ აუდიო-შედევრად იწოდებოდეს.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG