Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საბჭოეთის მოკრძალებული ხიბლი: ძველი მანქანების ნოსტალგია რუსეთის ელიტურ წრეებში


ახლახან რუსეთის ბიუროკრატებმა, კანონმდებლებმა და პოლიტიკოსებმა თავიანთი შემოსავლებისა და კერძო საკუთრების დეკლარირება მოახდინეს. ძირითადად, ყურადღება მიიპყრო ჩამოთვლილმა ფეშენებელურმა მანქანებმა, იახტებმა თუ საზღვარგარეთ მდებარე სახლებმა. თუმცა დეკლარაციებში ერთი საინტერესო ასპექტიც გამოიკვეთა - საფრანგეთში ვილებისა და ძვირად ღირებული პორშეების გვერდით არაერთხელ შეხვდებოდით ძველ, საბჭოთა პერიოდის მანქანებს. როგორც იუწყებიან, რუსეთის მდიდრებს შორის ამ მოდელების მიმართ ნოსტალგია სულ უფრო მეტად იზრდება.

რუსეთის დედაქალაქში დღეს ბევრად მეტ BMW-ს და „მერსედესს“ შეხვდებით, ვიდრე უწინ ასე ფართოდ გავრცელებულ საბჭოთა „ლადებს“ და „ვოლგებს“. მაგრამ რაც უფრო მდიდრდება ქალაქის მოსახლეობა, მასში ნოსტალგიის განცდაც მატულობს.

ერთმანეთის მიყოლებით არსდება ახალი ჟურნალები და მუზეუმები, რომლებიც ძველ საბჭოთა მანქანებს ეძღვნება - იქნება ეს ტოლიატის ავტოვაზის მიერ გამოშვებული ყუთის ფორმის, სათამაშოს მსგავსი „ლადა“ თუ უფრო მეტად ელიტური ავტომობილები, რომლებსაც მოსკოვში განთავსებული „ზილი“ კრემლის ელიტისთვის უშვებდა.

ხოლო მათ, ვინც ფულის ნაკლებობას არ უჩივის, უკვე შეუძლიათ თავიანთ კერძო კოლექციებს შემატონ აღდგენილი „ჩაიკა“ M-16-ბი და პირველი გამოშვების „ვოლგები“.

მდიდრული ცხოვრების სტილის ამსახველი ჟურნალის „რობ რეპორტის“ რუსულენოვანი გამოცემის რედაქტორი კარენ გაზარიანი ამბობს, რომ ამ მოდას ბიძგი მისცა თავად ვლადიმირ პუტინმა, რომელიც ყურადღებით განახლებული, 1956 წელს გამოშვებული თეთრი „ვოლგის“ ამაყი მფლობელია:

„ეს მხოლოდ და მხოლოდ მოდაა - მაგალითად, სახელმწიფოს პირველი პირი "ბრიონის" მარკის ტანსაცმელს თუ ატარებს, მისი ქვემდგომი ჩინოვნიკებიც "ბრიონის" ჩაცმას ცდილობენ. ყველამ ვიცით, რომ პუტინს უყვარს "Blancpain"-ის მარკის საათები და ამიტომ ხელისუფლების წევრებიც ხშირად ამ საათებს ატარებენ.“

პუტინს, რომელიც ყოველთვის ენთუზიაზმით ცდილობს საბჭოთა კავშირის ტექნიკის მიღწევები წარმოაჩინოს, თავისი „ვოლგა“ ხშირად გამოჰყავს ფართო საზოგადოების წინაშე. ამ მანქანით მან რუსეთის პატრიარქი კირილეც კი გაასეირნა, აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს ჯორჯ ბუშს კი უფლება მისცა საჭესთან დამჯდარიყო (აქვე ისიც უნდა გავიხსენოთ, რომ ბუშმა ზრდილობიანი უარი თქვა პუტინის კიდევ ერთი ძველი მანქანით - „ზაპოროჟეცით“ - გასეირნებაზე).

პუტინის შემთხვევა გამონაკლისი არ არის. პრეზიდენტ დმიტრი მედვედევს 1948 წელს გამოშვებული „პობედა“ ჰყავს. ქვეყნის სხვა პოლიტიკოსების მიერ ახლახან შევსებულ ქონებრივ დეკლარაციებში საბჭოთა მანქანების მთელი ჯარი გამოვლინდა.

პრემიერ-მინისტრის მოადგილეს, იგორ შუვალოვს, ჰყავს „ზილ-41047“ - საბჭოთა პოლიტბიუროს წევრებისთვის საგანგებოდ შექმნილი ლიმუზინი. მოსკოვის მერის მოადგილე ვლადიმირ რესინი ნიჟნი ნოვგოროდის ქარხანა „გაზის“ მიერ გამოშვებულ სამ ძველ მანქანას ფლობს. კურსკის რეგიონის მმართველ ვიქტორ ბოგდანოვის კოლექციაში კი, სამ „ბენტლისთან“ ერთად, საბჭოთა ნომენკლატურის საყვარელი მანქანები „ზილი“ და „ჩაიკა“ შედის.

ძველი მანქანების იმ მოყვარულებს, რომლებსაც ბევრი ფული არა აქვთ, შეუძლიათ მოსკოვის ავტოვილის მუზეუმში მივიდნენ, რომელშიც 30-მდე საბჭოთა და უცხოური მანქანაა გამოფენილი. ერთ-ერთი ექსპონატია 1940-იან წლებში გამოშვებული უზარმაზარი ლიმუზინი, რომლითაც ერთ დროს სტალინი გადაადგილდებოდა.

აქვე იხილავთ „მოსკვიჩის“ მარკის ავტომობილსაც, რომელიც თავის დროზე მოსკოვის მერ იური ლუჟკოვს და მის ახლა უკვე მილიარდერად ქცეულ ცოლს, ელენა ბატურინას, ეკუთვნოდა. სწორედ ბატურინას სამშენებლო კომპანიამ, „ინეტკომ“, ააშენა ამ მუზეუმის შენობა.

რუსეთის მოსახლეობის ყველაზე მდიდარი ფენის წარმომადგენლებს შორის უცხოეთში გამოშვეუბული ძველი მანქანების ყოლის მოდა 1990-იან წლებში გაჩნდა. მაგრამ მათ მალე მობეზრდათ იმპორტირებული ავტომობილები, რომლებიც ტექნიკური კუთხით მიმზიდველი იყო, მაგრამ, საბჭოთა მოდელების მსგავსად, ემოციურ დამოკიდებულებას არ იწვევდა, - ამბობს ილია სოროკინი, ძველი მანქანების ბაზრობის ორგანიზატორი და თემატური ჟურნალის გამომცემელი:

„როცა ადამიანი გამოფენაზე მოდის, ხედავს უწყინარ "პობედას" თუ "მოსკვიჩს", რომლითაც ის მამას ან ბაბუას დაჰყავდა. ის სალონში დაჯდომას ითხოვს და მაშინვე გრძნობს სურნელს, რომელსაც ის ცრემლებამდე მიჰყავს. მას ბავშვობა ახსენდება და იმ დროის მიმართ ნოსტალგია უჩნდება.“

ზოგიერთ კოლექციონერს ეს ნოსტალგია ისე ძალიან აქვს მოზღვავებული, რომ მზად არის უზარმაზარი თანხა გადაიხადოს თავისი პირველი მანქანის აღდგენისთვის. სოროკინი, მაგალითად, ერთ კაცს იცნობს, რომელიც აღმდგენ კომპანიას ძალიან დიდ ფულს უხდის იმაში, რომ მისი პირველი „ჟიგული“ აღადგინონ, ზუსტად ისეთივე ფერით და მდგომარეობით:

„ზუსტად ისეთივე ფერის, ისეთივე სალონის, როგორიც მას ოდესღაც, ახალგაზრდობაში ჰყავდა. ამაში უზარმაზარ ფულს იხდის - დაახლოებით 50,000 ევროს. ამ ფულით კარგ ავტომობილს იყიდიდა. დაახლოებით ერთი კვირის წინ ვიყავი ჩემს მეგობართან ასეთ სახელოსნოში, რომელიც "კაპეიკას", ანუ "ჟიგულის" პირველ მოდელს, 50,000 ევროდ აკეთებს. ვიკითხე, დამკვეთი გიჟი ხომ არ არის-მეთქი.“

გასულ თვეში მედვედევმა ეს მოდა კიდევ უფრო გააძლიერა - გამოვიდა მოწოდებით რუსეთის ლიდერებმა ტრადიციული, სამუშაო მერსედესები ქვეყანაში გამოშვებული მოდელებით შეცვალონ. ამ ინიციატივას საბჭოთა დღეებთან დაბრუნების ელფერი დაჰკრავდა - თან გასაჭირში მყოფი ადგილობრივი მანქანების ქარხნებისთვის დახმარების სურვილს გამოხატავდა. გამოითქვა ვარაუდი, რომ მერსედესები შესაძლოა „ზილის“ მარკის ახალი ვერსიით ჩაანაცვლონ.

ზოგადად, საბჭოთა წარსულით გატაცება რუსეთის პოპულარულ კულტურაში თუ საზოგადოებრივ ცხოვრებაში განსაკუთრებით გამძაფრდა ბოლო ათწლეულის განმავლობაში, როცა ქვეყანა საგრძნობლად გამდიდრდა. მაგრამ ძველი მანქანებით ზოგჯერ ისინიც იხიბლებიან, ვინც საბჭოთა გამოცდილების სხვა გამოვლინებებს ემიჯნება და გმობს ხოლმე. მაგალითად, ყოფილი დისიდენტი და პოლიტიკის ანალიტიკოსი ვლადიმირ პრიბილოვსკი ხშირად აკრიტიკებს ქვეყნის მძიმე წარსულის რომანტიზაციას, თუმცა იქვე აღიარებს, რომ შესაძლებლობა რომ ჰქონდეს, სიამოვნებით იყიდიდა აღდგენილ „პობედას“, რომელსაც ის, „უბრალოდ, მაგარ მანქანას“ უწოდებს.

თუმცა ჯერჯერობით უცნობია, მოახერხებენ თუ არა რუსეთის დაძაბუნებული ავტოინდუსტრიის წარმომადგენლები ისეთი ახალი თაობის ავტომობილების შექმნას, რომლებიც მართლაც შეძლებენ საბჭოთა მოდელების სტილის გადმოცემას.

9 მაისის გამარჯვების აღლუმისთვის მოსკოვში განთავსებულმა ქარხანა „ზილმა“ საგანგებო ლიმუზინი გამოუშვა, რომლითაც თავდაცვის მინისტრმა ანატოლი სერდიუკოვმა მოედანს შემოუარა და შეიარაღებულ ძალებს მიესალმა.

მაგრამ მანქანით უკმაყოფილონი დარჩნენ ძველი მოდელების პედანტი მოყვარულები, სოროკინის ჩათვლით, რომელიც აცხადებს, „შავი აღლუმის ფერი არ არისო“. სოროკინის თქმით, ტრადიციის თანახმად, ავტომობილის ფერი სერდიუკოვის კოსტიუმთან უნდა ყოფილიყო შეხამებული.

ასევე გაუგებარია შეძლებენ თუ არა რუსეთის მდიდრები ძველი მანქანების სიყვარულის შენარჩუნებას შეჩერებული ეკონომიკური ზრდის პირობებში. ლითონების მაგნატი და რუსეთის ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი ოლეგ დერიპასკა, აპირებდა აღედგინა „პობედის“ 1958 წელს შეწყვეტილი წარმოება, მაგრამ ფინანსურმა კრიზისმა ის აიძულა გეგმები შეეცვალა.

ამგვარი ინიციატივები აბსურდად ეჩვენება „რობ რეპორტის“ გამომცემელ გაზარიანს. ის ამბობს, რომ საერთოდ ვერ გაუგია, თუ მაინც რითი სჯობია ძველი საბჭოთა მანქანები რომელიმე სხვა მოდელს:

„საბჭოთა ბრენდის მიმართ ეს ირაციონალური სიყვარული არ მესმის. რასაკვირველია, "პობედა" ცუდი მანქანა არ არის; არც "ვოლგა-21-ა" ცუდი ავტომობილი. კოლექციონერისთვის ეს კარგი მოდელებია, თუკი ყოველივე ამის მიმართ რაიმე პატრიოტული განცდები გაქვს. მაგრამ ამის ეროვნულ იდეად გადაქცევა ან შენი ქვეყნის მიმართ ლოიალობის გამოვლინებად - ჩემი აზრით, საკმაოდ სულელური ნაბიჯია."

ასეა თუ ისე, რუსეთის მდიდრების თვალში საბჭოური „პობედები“, „ვოლგები“ და „მოსკვიჩები“ ჯერჯერობით ისევ რჩება პრესტიჟის, ფუფუნებისა და კარგი გემოვნების გამოხატულებად.
  • 16x9 Image

    სალომე ასათიანი

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან. მუშაობს კულტურისა და პოლიტიკის თემებზე. არის ავტორი პოდკასტისა "ასათიანის კუთხე“, რომელიც ეხება ლიტერატურას, კინოს, მუსიკას, კულტურის ისტორიას, ფსიქოანალიზს, ფემინიზმის საკითხებს და იდეების ისტორიას.

XS
SM
MD
LG