Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრაიმერელთა კომპრომისი და ”ალიანსის” პასუხი


”სახალხო პარტიის” ლიდერი კობა დავითაშვილი (ცენტრში), კონსერვატორების ლიდერი ზვიად ძიძიგური (მარცხნივ) და მოძრაობის ”სამართლიანი საქართველოსთვის” ლიდერი ზურაბ ნოღაიდელი
”სახალხო პარტიის” ლიდერი კობა დავითაშვილი (ცენტრში), კონსერვატორების ლიდერი ზვიად ძიძიგური (მარცხნივ) და მოძრაობის ”სამართლიანი საქართველოსთვის” ლიდერი ზურაბ ნოღაიდელი
პრაიმერის ორგანიზატორმა პარტიებმა ახალი გადაწყვეტილება მიიღეს. ისინი ეთანხმებიან ინიციატივას თბილისის მერობის ერთიანი კანდიდატის გამოსავლენად სოციოლოგიური კვლევის ჩატარების შესახებ და ყველა არასაპარლამენტო ოპოზიციურ პარტიას 7 მარტამდე საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად კონსულტაციებზე ეპატიჟებიან. ეს განცხადება 1 მარტს საზოგადოებას ”სახალხო პარტიის” ლიდერმა კობა დავითაშვილმა გააცნო.

პირველი მარტის წინა საღამოს სატელევიზიო ეთერიდან საზოგადოებისათვის უკვე ცნობილი გახდა ”ალიანსი საქართველოსთვის” ლიდერის ირაკლი ალასანიას პოზიცია, რომ მისი პოლიტიკური ძალა პრაიმერში მონაწილეობას არ მიიღებდა. შესაბამისად, ყველა ელოდა პრაიმერის ორგანიზატორთა განცხადებებს. დილის 11 საათზე დაგეგმილი შეხვედრა
სახალხო პარტიის ლიდერი კობა დავითაშვილი

შუადღისთვის გადაიდო და მორიგი გადაწყვეტილება ”სახალხო პარტიის” ლიდერმა კობა დავითაშვილმა მედიას არა ”თბილისი მარიოტში“, არამედ თავისი პარტიის ოფისში გააცნო. გადაწყვეტილება კი, პრაიმერის მონაწილეთა სიტყვებით, კომპრომისულია და ოპოზიციის დაქსაქსვის წინააღმდეგ მიმართული. ეს კომპრომისი ასევე არის პასუხი ხელისუფლების მიერ დაწყებულ კამპანიაზე, რომელიც მერობის ერთიანი კანდიდატის გამოვლენის წინააღმდეგაა მიმართული:

”ვეთანხმებით ინიციატივას თბილისის მერობის კანდიდატი სოციოლოგიური კვლევის შედეგებით გამოვლინდეს. კვლევა უნდა ჩატარდეს მიმდინარე წლის აპრილის პირველ ნახევარში. მზად ვართ ერთიანი კანდიდატის შერჩევის წესის შესახებ კონსულტაციები გავიაროთ ყველა დაინტერესებულ პოლიტიკურ ძალასთან 7 მარტამდე.”

ასევე, 30 მაისამდე პრაიმერში მონაწილე ექვსი პარტია თავს შეიკავებს სხვა არასაპარლამენტო პოლიტიკური ძალების კრიტიკისგან; ასევე, არ უპასუხებს ცილისმწამებლურ განცხადებებს. ეს ყველაფერი, როგორც კონსერვატიული პარტიის ლიდერი ზვიად ძიძიგური აცხადებს, ოპოზიციური ერთობისთვის კეთდება.

”სახალხო პარტიის” ოფისში გამართულ კონსულტაციებში 1 მარტს პარტია „სამართლიანი საქართველოსთვის“ ლიდერი
მოძრაობის ”სამართლიანი საქართველოსთვის” ლიდერი ზურაბ ნ
ზურაბ ნოღაიდელიც მონაწილეობდა. მან კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს და არც სოციოლოგიური კვლევის დაფინანსებას გეგმავს. ნოღაიდელის შეფასებითაც, მთავარი თავიდან ასაცილებელი საფრთხე ოპოზიციაში შესაძლო დაქსაქსულობაა:

”ახლა მთავარი ერთიანი კანდიდატის გამოვლენაა, იმის მიუხედავად, ვის რა პოლიტიკური შეხედულება აქვს. ბევრ საკითხზე, შესაძლოა, ვერ შევთანხმდეთ, ზოგადად, მაგრამ ეს არც არის ჩვენი მიზანი. რაც შეეხება სოციოლოგიური კვლევის დაფინანსებას, არ ვიცი რატომ გამოიწვია ამ თემამ ასეთი აჟიოტაჟი, რადგან მე არჩევნებში არ ვმონაწილეობ და კვლევა რატომ უნდა დავაფინანსო?”

ის, რაც კომპრომისია პრაიმერის ორგანიზატორთა ენაზე, პოლიტიკურ იწილო-ბიწილოდ ფასდება „ალიანსი საქართველოსთვის“ წევრი პარტიის, „ახალი მემარჯვენეების“ ერთ-ერთი ლიდერის, ფიქრია ჩიხრაძის მიერ. რადიო თავისუფლებისათვის მიცემული კომენტარიდან ნათლად ჩანს, რომ ”ალიანსი” მოლაპარაკებებზე აღარ წავა და ბრძოლას მარტო გააგრძელებს:

”ახალი მემარჯვენეების” ლიდერი ფიქრია ჩიხრაძე
”იწილო-ბიწილო შემთხვევით არ მიხსენებია. ჯერ იყო და პრაიმერის გარეშე არაფერი წყდებოდა, შემდეგ გადაიდგა ირაკლი ალასანიას მხრიდან მათკენ ნაბიჯები და იქ ”ნოღაიდელიზაცია” დახვდა... და მე ვფიქრობ, რომ ეს პროცესი უნდა დამთავრდეს, იმიტომ რომ ოპოზიციას აქვს თავისი საქმე, მან ოპონირება ხელისუფლებას უნდა გაუწიოს. ”ალიანსი” მიდის ბრძოლის გზით.”

უცვლელია ”რესპუბლიკელების” პრინციპიც: მათთვის მნიშვნელობა არა აქვს არის თუ არა ზურაბ ნოღაიდელი მერობის კანდიდატი - მასთან ნებისმიერი სახით თანამშრომლობაზე რესპუბლიკელების ერთადერთი პასუხი უარია. პარტიის პოლიტიკური მდივანი დავით ბერძენიშვილი ამბობს, რომ „ალიანსმა ააცილა საქართველოს საფრთხე, რომ ნოღაიდელისგან პოლიტიკური ოპოზიციის დამაბინძურებელი ფიგურა გამოძერწილიყო: ”სოციოლოგიური გამოკითხვა ნოღაიდელის პარტიის მონაწილეობით ჩვენთვის ისევე მიუღებელია, როგორც ნებისმიერი სხვა პროექტი, ასევე მისი მონაწილეობით.“

”ალიანსი საქართველოსთვის” ლიდერი ირაკლი ალასანია
ბერძენიშვილი ასევე ამბობს, რომ ძიძიგურსა და დავითაშვილს შორის პრაიმერის ჩატარებას, პრაიმერში მონაწილეობაზე ირაკლი ალასანიას საბოლოო უარის შემდეგ, აზრი ეკარგება. თამაშგარე მდგომარეობაში რჩება ზურაბ ნოღაიდელიც, პრაიმერის მკვდრადშობილი იდეა კი - ჰაერში გამოკიდებული... ”და სოციოლოგიური გამოკითხვის მატარებელმაც ჩაიარა.”

”ალიანსის” კანდიდატურები მერისა და საკრებულოს თავმჯდომარეობის პოსტებზე კვლავ უცვლელია, პრაიმერის ჩატარების ბედი ჯერჯერობით - გაურკვეველი. თუ ბოლო ორი კვირის განმავლობაში სწრაფად განვითარებული პოლიტიკური პროცესებით ვიმსჯელებთ, მორიგი ცვლილებები არც მომდევნო რამდენიმე დღეშია გამორიცხული. 7 მარტამდე წინ მთელი კვირაა.
  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG