Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლიდერები ლიდერის ძიებაში...


ოპოზიციის ლიდერები: ირაკლი ალასანია, დავით გამყრელიძე, დავით უსუფაშვილი, ლევან გაჩეჩილაძე
ოპოზიციის ლიდერები: ირაკლი ალასანია, დავით გამყრელიძე, დავით უსუფაშვილი, ლევან გაჩეჩილაძე
გასული სამუშაო კვირის მთავარი მოვლენები საქართველოში, პირდაპირ თუ ირიბად, ოპოზიციის ფლანგზე ძალთა გადაჯგუფების პროცესს დაუკავშირდა. თუმცა მანამ, ვიდრე ეს პროცესი საჯარო ხასიათს მიიღებდა, სამუშაო კვირა ავღანეთში საქართველოს სამხედრო მისიის გაფართოების საკითხებზე მსჯელობით დაიწყო.

გასული სამუშაო კვირის პირველ დღეს, 22 თებერვალს, საქართველოში ვიზიტი დაასრულა ავღანეთსა და პაკისტანში ამერიკის შეერთებული შტატების სპეციალურმა წარმომადგენელმა რიჩარდ ჰოლბრუკმა. მან, ამერიკელი ხალხის სახელით, საქართველოს მადლობა გადაუხადა ავღანეთში დამატებითი კონტინგენტის გაგზავნის გადაწყვეტილების მიღების გამო და აღნიშნა, რომ მსოფლიოში ტერორიზმის დამარცხების საპატიო საქმეში თავიანთ წვლილს ქართველი სამხედროებიც შეიტანენ. რიჩარდ ჰოლბრუკის საქართველოში ვიზიტის ერთ-ერთი მთავარი განსახილველი თემა ავღანეთში სამხედრო ტვირთების ჩასატანად საქართველოს ტერიტორიისა და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის გამოყენების შეთავაზება იყო. ალტერნატიული მარშრუტის ქვეყნებში, საქართველოს გარდა, მოიაზრება ასევე ცენტრალური აზიის სახელმწიფოებიც. ვიზიტის განმავლობაში რიჩარდ ჰოლბრუკმა სწორედ ეს სახელმწიფოები მოიარა.

”ამ ჩემს მარშრუტზე, რომელსაც დღეს ვასრულებ, მე უკვე ვიყავი ცენტრალური აზიის ქვეყნებში ყაზახეთში, ყირგიზეთში, უზბეკეთში, ტაჯიკეთში. და როცა ჩვენ ამ მარშრუტზე ვსაუბრობთ, უნდა აღინიშნოს, რომ თითოეულ ქვეყანას აქვს რაღაცა, რისი შეთავაზებაც შეუძლია. ამიტომ გადაწყვეტილების მიღებას ამ საკითხზე დავუტოვებ პროფესიონალებს.”

რიჩარდ ჰოლბრუკის ვიზიტიდან ორიოდე დღეში საქართველოს მხარდამჭერი განცხადება ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე გააკეთა. 2011 წლის ბიუჯეტის განხილვისას მან საქართველოსათვის გამოყოფილი დახმარების 8 პროცენტით გაზრდის მიზანშეწონილობაზე ისაუბრა:

”საქართველო ამ ადმინისტრაციის მაღალ პრიორიტეტად რჩება. ამას ადასტურებს მაღალი რანგის წარმომადგენლების - ვიცე-პრეზიდენტ ბაიდენის, სახელმწიფო მდივნის მოადგილე საინბერგის, საგანგებო წარგზავნილის, ჰოლბრუკის - სტუმრობა საქართველოში. ჩვენ ძალიან ნათლად ვაცხადებთ, რომ მხარს ვუჭერთ საქართველოს მთავრობას. 2011 წლის ბიუჯეტში ვითხოვეთ, დახმარების სახით, საქართველოსთვის 90,1 მილიონი დოლარი, რაც ნიშნავს დახმარების 8 პროცენტით გაზრდას.”

თანხის მთავარი ნაწილი, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანახმად, საქართველოში დემოკრატიის გამყარებას უნდა მოხმარდეს. ამას გარდა, გაგრძელდება ანტიტერორისტული, ნაღმების გაუვნებელყოფისა და სხვა მსგავსი პროგრამების დაფინანსება. გასულ სამუშაო კვირაშივე, 25 თებერვალს, ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს ენერგეტიკულ პაკეტს, რომლის ფარგლებშიც აღმოსავლეთ-დასავლეთის გაზსადენის რეაბილიტაცია-გაგრძელებისა და სენაკის ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობისათვის ამერიკის მხარე 124, 5 მილიონ დოლარს დახარჯავს, რაც, თავის მხრივ, ვაშინგტონის მიერ საქართველოსთვის აგვისტოს ომის შემდეგ გამოყოფილი მილიარდდოლარიანი დახმარების ნაწილია.

აგვისტოს ომის შემდეგ შექმნილი ახალი რეალობის დაკანონების მიმართულებით გასულ სამუშაო კვირაში განსაკუთრებული აქტივობა შეიმჩნეოდა სეპარატისტულ რეგიონებში. აფხაზეთში ამ დღეებში დაკომპლექტებული ახალი მთავრობის წარმომადგენლის, დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის მაქსიმ ღვინჯის განმარტებით, მთავრობა ამ ეტაპზე დაკავებულია არგენტინასთან დიპლომატიური ურთიერთობის დამყარების მცდელობით და საელჩოების გახსნას ნიკარაგუაში, ვენესუელასა და არგენტინაში აპირებს. რაც შეეხება ცხინვალს, აქ გასული კვირის ერთ-ერთი მთავარი მოვლენა ეგრეთ წოდებული სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის კომისიის სხდომა იყო. კომისია რუსეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს შორის სახელმწიფო საზღვრის დაზუსტებითაა დაკავებული. როგორც პოსტკონფლიქტური სიტუაციების დარეგულირების საკითხებში ედუარდ კოკოითის რწმუნებული ბორის ჩოჩიევი განმარტავს, სამხრეთ ოსეთში შექმნილია ასევე კომისია, რომელიც სამხრეთ ოსეთსა და საქართველოს შორის არსებული საზღვრის დელიმიტაციის საკითხებზე მუშაობს. კომისიამ ქართულ მხარეს მუშაობის დაწყებისკენ მოუწოდა, მაგრამ მოწოდება რეაგირების გარეშე დარჩა.

ეგრეთ წოდებული სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ დარღვევის ბრალდებით, გასულ კვირაში, 22 თებერვალს, ოსმა და რუსმა მესაზღვრეებმა 24 და 19 წლის ვაჟა და ბექა თაყაძეები დააკავეს. თაყაძეები სოფელ კირბალის მიმდებარე ტყეში სანადიროდ წავიდნენ და გაუჩინარდნენ.

”მოლაპარაკებას კი ვაწარმოებთ, მაგრამ რთული სიტუაციაა. ჩვენ ბავშვების გაუჩინარების ამბავი სოფლელებმა დაგვიანებით შეგვატყობინეს. მეორეც, ორივეს სამხედრო ფორმები ეცვათ და ვუმტკიცებთ ოსებს იმას, რომ სამხედროები არ არიან. ჯერჯერობით არაფერი შედეგი არ გამოდის”, - უთხრა რადიო თავისუფლებას შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის უფროსმა ვლადიმერ ჯუღელმა.

ცხინვალის ციხეში, ეგრეთ წოდებული საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით, 10-ზე მეტი საქართველოს მოქალაქე იმყოფება. ქართული და ოსური მხარეების მიერ ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში დაკავებულთა გათავისუფლებისა და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების მიზნით, გასული სამუშაო კვირის ბოლოს საქართველოს კიდევ ერთხელ ეწვია ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი თომას ჰამარბერგი.

საქართველოს შიდაპოლიტიკურმა პროცესებმა კი, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის მზადების ნიშნით, დუღილის ტემპერატურას მიაღწია. თბილისის მერობის ერთიანი კანდიდატის შერჩევის კამპანიაში, თანაგუნდელების წინააღმდეგობის მიუხედავად, ”ალიანსი საქართველოსთვის” ლიდერი ირაკლი ალასანია ჩაერთო და სამოქმედო ვექტორი „ალიანსიდან“ ეგრეთ წოდებული პრაიმერის ჯგუფის პარტიებისაკენ მიმართა.

”ალიანსში მე მყავს პარტნიორები, მეგობრები, რომლებთანაც ერთი წლის განმავლობაში ვთანხმდებოდით ქვეყნის განვითარების ძირითად პრიორიტეტებზე და ჩვენს მონაწილეობაზე პოლიტიკურ პროცესებში. დღევანდელი გადაწყვეტილება, რომელიც მათ გავაცანი, მდომარეობს იმაში, რომ თუკი ჩვენ გვაქვს შეუთანხმებლობა ერთიანი კანდიდატის გამოკვეთაზე „ალიანსში“, მაშინ ჩვენ ერთმანეთს უნდა მივცეთ თავისუფალი მოქმედების საშუალება.”

ამ სიტყვებით ირაკლი ალასანიამ უპირატესად საკუთარ თავს მისცა თავისუფალი მოქმედების საშუალება და ოპოზიციის ძველი ლიდერის, ლევან გაჩეჩილაძისა, და ეგრეთ წოდებული პრაიმერისტების გუნდში აღმოჩნდა. ეს გუნდი, თავის მხრივ, უმთავრესად იმითაა ცნობილი, რომ მისი ერთ-ერთი თავკაცი საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი და რუსეთის მმართველი პარტია ”ედინაია როსიას” პარტნიორი საქართველოში ზურაბ ნოღაიდელია.

” მთავარია, რომ დღეს ეს ერთობა შედგა, შედგა უმნიშვნელოვანესი, დიდი ერთობა. და მექანიზმებზე, პრაიმერი იქნება ეს, გამოკითხვები იქნება თუ შეთანხმება ან ამ მექანიზმების კომბინაცია, ამაზე ჩვენ მოვილაპარაკებთ აუცილებლად.”

თბილისის მერის არჩევნებში ოპოზიციის ერთიანი კანდიდატის გამოვლენისათვის ბრძოლის მთავარი მიზანი ხელისუფლების კანდიდატის - სავარაუდოდ, მოქმედი მერის, გიგი უგულავას - დამარცხებაა. არჩევნებში გამარჯვება საქართველოს რეგიონებშიც ეგრეთ წოდებული პრაიმერისტების ჯგუფის - და არამარტო მათი - პროგრამა მაქსიმუმია. მაისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები დემოკრატიის მნიშვნელოვანი გამოცდა იქნება, - აღნიშნა, თავის მხრივ, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა. მან 26 თებერვალს, პარლამენტში საანგარიშო გამოსვლისას, სახელმწიფო მოხელეები გააფრთხილა, არ გამოიყენონ ადმინისტრაციული რესურსი და გაამხილა თავისი პოლიტიკური ნატვრაც - გაიმართოს თავისუფალი არჩევნები ისე, რომ დამარცხებულმა გამარჯვებულს მიულოცოს და ცივილიზებული ოპონირება გაუწიოს. რაც შეეხება ანგარიშს ქვეყნის მმართველობაში ოპოზიციის როლის გაძლიერების მიმართულებით, პრეზიდენტმა აღნიშნა:

”ოპოზიციის როლის გაზრდა თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში, სამოქალაქო კონტროლის დამყარების საფუძველი - შესრულებულია. ოპოზიციის ლიდერების ჩართვა უშიშროების საბჭოს მუშაობის პროცესში, როგორც დაგპირდით, შესრულებულია. ოპოზიციის როლის გაძლიერება საპარლამენტო გადაწყვეტილებების მიღების პროცესში - შესრულებულია.”
მიღწევებს შორის დასახელდა საარჩევნო კოდექსის ცვლილებები, ოპოზიციის მონაწილეობით; ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის შეცვლა და სხვ.

საქართველოს პრეზიდენტმა გასულ წელს ქვეყნის ეკონომიკური წინსვლის ხელისშემშლელ სამ მიზეზს შორის ერთ-ერთად 2009 წლის აპრილ-მაისის საპროტესტო აქციები დაასახელა, რუსული ინტერვენციისა და მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის გვერდით. რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, მისი თქმით, საქართველოს მთავრობა აქცენტს ეკონომიკის ლიბერალიზაციაზე აკეთებს და მიმდინარე წელს ეკონომიკის მინიმუმ 3 პროცენტით ზრდას გეგმავს.
XS
SM
MD
LG