Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა სარგებლობა მოაქვს ”მეორე ენგურჰესს”?!


საქართველოში ენგურჰესის შემდეგ ყველაზე მძლავრი ჰიდროელექტროსადგურის, ”ნამახვანჰესების კასკადის”, მშენებლობა 2011 წელს დაიწყება. ამის შესახებ 8 დეკემბერს მემორანდუმი გაფორმდა საქართველოსა და თურქეთ-სამხრეთ კორეის კონსორციუმს შორის. საქართველოს მთავრობა იმედოვნებს, რომ ეს პროექტი ქვეყანაში, დიდი მოცულობის ინვესტიციების შემოსვლასთან ერთად, ხელს შეუწყობს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას და ენერგოუსაფრთხოების განმტკიცებას.

საქართველოსა და თურქეთ-სამხრეთ კორეის კონსორციუმს შორის მემორანდუმის გაფორმებისას საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ”ნამახვანჰესი” სიდიდით მეორე ჰიდროელექტროსადგური იქნება საქართველოში:

მიხეილ სააკაშვილი, საქართველოს პრეზიდენტი
”ეს ნიშნავს საქართველოში მეორე ენგურის აშენებას. ეს ნიშნავს იმერეთსა და რაჭაში დასაქმებულ 20 ათას ადამიანს. 2011 წლიდან საქართველოში უზარმაზარ საინვესტიციო პროგრამას განვახორციელებთ. ეს, გარდა იმისა, რომ ხალხს დაასაქმებს, საქართველოს, ელექტროენერგიის სახით, მუდმივი ექსპორტის წყაროს გაუჩენს.”

„ნამახვანჰესების კასკადი“ იმერეთისა და რაჭის ტერიტორიაზე, მდინარე რიონზე, აშენდება და, სავარაუდოდ, ექსპლუატაციაში 2017 წელს შევა. პროექტი შედგება სამი ჰესისგან: ტვიშის ჰირდოელექტროსადგური 100 მეგავატი სიმძლავრის ელექტროენერგიას გამოიმუშავებს, ნამახვანის ჰიდროელექტროსადგური - 250 მეგავატს, ჟონეთის ჰიდროელექტროსადგურის სიმძლავრე კი 100 მეგავატი იქნება. საერთო ჯამში, ჰესების კასკადის სიმძლავრე 450 მეგავატს მიაღწევს. ეს საქართველოს საშუალებას მისცემს ზამთრის სეზონზე გაზრდილი მოთხოვნა, ძირითადად, ჰიდრორესურსების ხარჯზე დააკმაყოფილოს.

გამოდის, რომ ჩვენ ჰიდრორესურსს ვაძლევთ, იმიტომ რომ ინვესტიცია შემოვიდეს და იქ შავი მუშახელი დასაქმდეს
პროექტის ინიციატორთა ოპტიმიზმს ეჭვქვეშ აყენებს ენერგეტიკის ექსპერტთა ნაწილი, მათ შორის, ყოფილი ენერგოომბუდსმენი დავით ებრალიძეც. მისი ინვესტორი, ჰიდრორესურსების გამოყენების სანაცვლოდ, თითქმის არაფერს არ გადაიხდის.

”კომპანია როდესაც ინვესტიციას დებს, ძირითადად საშუალებებში დებს, მას ცვეთის სახით იღებს. ესე იგი მოგების გადასახადი არ ექნება, სანამ ინვესტიციას არ ამოიღებს. დღგ ექსპორტზე არ არსებობს, ნულია. ერთადერთი, გამოდის, რომ ჩვენ ჰიდრორესურსს ვაძლევთ, იმიტომ რომ ინვესტიცია შემოვიდეს და იქ შავი მუშახელი დასაქმდეს.”

ექსპერტი იმასაც აღნიშნავს, რომ, მართალია, ზამთარში გამომუშავებული ენერგია საქართველოში დარჩება, მაგრამ მისი მოცულობა ძალიან მცირე იქნება ამ სეზონზე, ჰიდრორესურსების სიმცირის გამო.

შენ აძლევ საშუალებას ინვესტორს დაგიბალანსოს დეფიციტი ზამთარში და თვითონაც იხეიროს
სხვაგვარად ფიქრობს საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციის გენერალური დირექტორი ნათია თურნავა. მისი განცხადებით, ლიბერალური პირობების შეთავაზების გარეშე ინვესტორების მოზიდვა გაძნელდებოდა:

”მთავრობა ცდილობს ირიბი ბერკეტებით - კარგი ფასების შეთავაზებით, წინასწარ ასეთი მემორანდუმის გაფორმებით - ელექტროენერგია დატოვოს ქვეყანაში. შენ აძლევ საშუალებას ინვესტორს დაგიბალანსოს დეფიციტი ზამთარში და თვითონაც იხეიროს ამით და ზაფხულში გაიტანოს გარეთ, რადგან შიგნითაც ბევრია ელექტროენერგიის წყარო.”

ზამთარში ელექტროდეფიციტის შევსებისა და სამუშაო ადგილების შექმნის გარდა, ჰიდრორესურსების ათვისება მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ეკოლოგიურ ვითარებაზე. ორგანიზაცია ”მწვანე ალტერნატივის” წარმომადგენლის მანანა ქოჩლაძის განცხადებით, დიდი კაშხლის მშენებლობა ნეგატიურ გავლენას ახდენს მიკროკლიმატზე, ადამიანის ჯანმრთელობასა და კულტურულ მემკვიდრეობაზეც კი.

მანანა ქოჩლაძე, მწვანე ალტერნატივა
”ეს არის, როგორც გარემოსდაცვითი ორგანიზაციების აზრით, ასევე მსოფლიოს კაშხლების კომისიის აზრით, მიზანშეუწონელია დიდი კაშხლების მშენებლობა. გამომდინარე აქედან, ნებისმიერი დიდი ჰესი საქართველოში -იქნება ეს ხუდონჰესი, ნამახვანი თუ ონის კასკადი - საკმაოდ დიდ გარემოსდაცვით ზიანს მოგვაყენებს, თეორიულად ეს დამტკიცებულია.”

საქართველოს მთავრობის პოზიციის თანახმად, არც ერთი ჰესის მშენებლობა არ დაიწყება საქმის დეტალური შესწავლის გარეშე და ყველა პროექტი ისე განხორციელდება, რომ გარემოზე ზემოქმედება მინიმუმადე იქნეს დაყვანილი.
XS
SM
MD
LG