Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს საფინანსო სექტორი მდგრადია


ედუარდ გარტნერი, სსფ-ის წარმომადგენელი საქართველოში
ედუარდ გარტნერი, სსფ-ის წარმომადგენელი საქართველოში
დასრულდა საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელ დირექტორთა მისიის ვიზიტი საქართველოში. ვიზიტის განმავლობაში გაიმართა შეხვედრები მთავრობის ეკონომიკური გუნდისა და საბანკო სექტორის წარმომადგენლებთან. განხილული იქნა მთავრობის ფისკალური სტიმულირების პროგრამა და მიეცა პირველადი შეფასება საქართველოს პრეზიდენტის მიერ ინიცირებულ „ეკონომიკური თავისუფლების აქტს“.

საერთაშორისო სავალუტო ფონდი „ეკონომიკური თავისუფლების აქტს“, რომელიც საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პარლამენტში რამდენიმე დღის წინ წარადგინა, საფუძვლიანად შეისწავლის. ჩვენი აზრით, აქტი საქართველოს ეკონომიკის ლიბერალიზაციას შეუწყობს ხელს, განაცხადა სავალუტო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა მეგ ლუნდსგერიმ. მისი განმარტებით, საქართველოში ვიზიტის ფარგლებში მისია ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებს გაეცნო, რათა განსაზღვროს, რა დამატებითი მექანიზმების ამოქმედებაა საჭირო იმ ზიანის შესამცირებლად, რომელიც ეკონომიკური კრიზისის პირობებში მიადგა ქვეყანას, საინვესტიციო და სავაჭრო თვალსაზრისით.

„ვიზიტის განმავლობაში ჩვენ განვიხილეთ საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული ფისკალური სტიმულირების პროგრამა, რომლის მიზანია შეამციროს ეკონომიკური კრიზისის ეფექტები. ვისაუბრეთ მთავრობის ვალდებულებაზე, ეკონომიკური დეფიციტის შესამცირებლად და მდგრადი დონის მისაღწევად დაიწყოს ფისკალური კორექტირება მომდევნო ერთი წლის განმავლობაში.“

საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელი დირექტორების მისიის ვიზიტის ფარგლებში საქართველოს წინაშე მდგარი მოკლე და გრძელვადიანი ფისკალური გამოწვევების საკითხზე საგანგებო მრგვალი მაგიდაც გაიმართა. სტუმრებმა და მასპინძლებმა იმსჯელეს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: საქართველოს ეკონომიკაზე მსოფლიო კრიზისის გავლენის მასშტაბები; დონორთა, მათ შორის, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ გამოყოფილი თანხების განკარგვის სფეროები; ეკონომიკის არაპირდაპირი სტიმულირების საშუალებები და სხვ.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის კახა ბაინდურაშვილის განმარტებით, საუბარი იყო ასევე საფინანსო სექტორზე, რომელსაც საერთაშორისო სავალუტო ფონდი მდგრად სექტორად მიიჩნევს.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელი დირექტორები საქართველოში 8 ოქტომბერს ჩამოვიდნენ თურქეთიდან, სადაც სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიური შეხვედრა გაიმართა.

“ამ დონის ვიზიტი სავალუტო ფონდიდან არასდროს არ ყოფილა. მათი უმაღლესი მმართველი ორგანოს წარმომადგენლები დარწმუნდნენ იმაში, რომ თანხები, რითაც ისინი ჩვენ გვეხმარებიან, ის ვალდებულებები, რომლებიც ჩვენ გვაქვს აღებული, ნამდვილად სრულდება“, - განაცხადა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, გიორგი ქადაგიძემ.

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა გასული წლის აგვისტოს შემდეგ საქართველოს დასახმარებლად 750 მილიონი ამერიკული დოლარი გამოყო. ამ თანხიდან სავალუტო რეზერვების შესავსებად საქართველომ რამდენიმე ტრანში უკვე მიიღო. მომავალ წელს ქვეყანა 400 მილიონი ამერიკული დოლარის საბიუჯეტო დახმარებას მიიღებს.
XS
SM
MD
LG