Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საერთაშორისო კომისიამ აგვისტოს ომის დაწყების თაობაზე დასკვნა გამოაქვეყნა


ჰაიდი ტალიავინი
ჰაიდი ტალიავინი
10 თვიანი მუშაობის შემდეგ ევროკავშირის ეგიდით შექმნილმა ფაქტების დამდგენმა კომისიამ დასკვნა გამოაქვეყნა - დასკვნა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დაწყებისა და ამ ომის მიზეზების თაობაზე. დასკვნის დეტალებზე ჯერ კიდევ მის გამოქვეყნებამდე წერდა უცხოური მედია და წერდა ურთიერთსაწინააღმდეგო ვერსიების განვითარებით. ეს ვერსიები ტრიალებდა იმის გარშემო, თუ რომელი მხარე დაადანაშაულა კომისიამ ომის დაწყებაში, თუმცა ექსპერტები განმარტავდნენ, რომ დასკვნაზე მომუშავეების მისია არ ყოფილა დამნაშავის ძებნა, რომ მიზანი იყო ფაქტების დალაგება,რათა მათი გაანალიზება მომავალში წაადგეს კონფლიქტის ხელახალი განახლების აღკვეთის საქმეს. და, აი, დასკვნა უკვე გამოქვეყნებულია და მისთვის პირველი შეფასებებიც - უკვე მიცემული.

დასკვნა არის ძალიან ვრცელი და ფაქტებით მარტო 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დაწყებასა და ამ ომის მიმდინარეობას არ აღწერს. დასკვნა აანალიზებს ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებების დაწყების წინა პერიოდსაც; ამასთან, შეიცავს ვრცელ განმარტებებს საქართველოს ცოტა შორეული ისტორიიდანაც იმის ასახსნელად, თუ რა ისტორიული გარემოებები უძღოდა წინ საქართველოში კონფლიქტების აფეთქებას და, საბოლოოდ, როგორ მივიდა საქმე რუსეთ-საქართველოს ომამდე. ყურადღებას გავამახვილებთ მოხსენების იმ ნაწილზე, რომელიც უშუალოდ აგვისტოს ომის დაწყებას ეხება და რომელთან დაკავშირებითაც თბილისსა და მოსკოვში განსხვავებულ შეფასებებს აკეთებენ.

დოკუმენტში არ წერია, რომ საქართველომ დაიწყო ომი. ყველანაირი პროვოკაციები, ინტერპრეტაციები ამ თემაზე იქნება ტყუილი.
საქართველო-რუსეთის ომის შესახებ ფაქტების დამდგენი კომისიის დასკვნის თანახმად, შარშან აგვისტოში თავის სეპარატისტულ რეგიონზე, სამხრეთ ოსეთზე, საქართველოს თავდასხმით აღინიშნა ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებების დაწყება. ევროკავშირის ეგიდით შექმნილი კომისია დასკვნაში იქვე აღნიშნავს, რომ აგვისტოს 5 დღიან ომს წინ უძღოდა ორ ქვეყანას შორის "მზარდი დაძაბულობის, პროვოკაციებისა და ინციდენტების ხანგრძლივი პერიოდი."

მოსკოვში აღნიშნეს, რომ ფაქტების დამდგენმა კომისიამ ომის დაწყებაში ცალსახად საქართველო დაადანაშაულა, თბილისში კი ხაზგასმით ითქვა, რომ ეს ტყუილია. პირველი შეფასება სახელმწიფო მინისტრმა რეინტეგრაციის საკითხებში თემურ იაკობაშვილმა გააკეთა. დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ მან თქვა:

”დოკუმენტში არ წერია, რომ საქართველომ დაიწყო ომი. ყველანაირი პროვოკაციები, ინტერპრეტაციები ამ თემაზე იქნება ტყუილი. არსად არ წერია ასეთი რამ. უფრო მეტიც, აქ წერია, რომ ომი არ დაწყებულა 7-ში და 8-ში და ეს სამხედრო პროვოკაცია დიდი ხნის მანძილზე მზადდებოდა.”

კი, ფაქტების დამდგენმა კომისიამ თავის დასკვნაში თქვა, რომ 7 აგვისტოს ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებების დაწყებას წინ უძღოდა ხანგრძლივი პროვოკაციები, ინციდენტები; აღნიშნა, რამდენად უკანონოდ იქცეოდა რუსეთი, როცა საქართველოს სეპარატისტული რეგიონების პასპორტიზაციას ეწეოდა; დაწერა იმის შესახებაც, რომ 5 დღიანი ომის დაწყებამდე ცხინვალის რეგიონში იყვნენ შემოსული შეიარაღებული ძალები, რომლებიც არ წარმოადგენენ სამშვიდობო ძალებს, მაგრამ, როგორც უკვე ვთქვით, დასკვნაში წერია, რომ ცხინვალზე ქართული შეიარაღებული ძალების შეტევით აღინიშნა ომის დაწყება, რასაც წინ უძღოდა ხანგრძლივი პროვოკაციები. დასკვნის კიდევ ერთი საგულისხმო დეტალი: ”ეჭვგარეშეა, იმ შემთხვევაში, თუ რუსეთის მშვიდობისდამცველებს თავს დაესხნენ, რუსეთს ჰქონდა უფლება გამოეყენებინა ძალა თავდასხმის მოსაგერიებლად”. ამ განმარტების შემდეგ კომისიის ექსპერტები დასკვნაში წერენ, რომ ძალის გამოყენება პირველ ფაზაზე, პირველ ეტაპზე რუსეთის მხრიდან შეიძლება ყოფილიყო გამართლებული. მაგრამ დასკვნა არ ადასტურებს იმას, რასაც რუსეთი ამდენი ხანია ირწმუნება, რომ ომში ის რუსეთის სამშვიდობო ძალების წარმომადგენლებზე თავდასხმისა და მათი დახოცვის შემდეგ ჩაერთო.

”ანგარიშში ცალსახად არის ნახსენები,რომ რუსეთი აიარაღებდა სეპარატისტებს, უწევდა მათ დახმარებას; ნათქვამია, რომ ცხინვალის რეგიონში განხორციელდა ქართველების ეთნოწმენდა; ნათქვამია, რომ მიზეზი არ ჰქონდა რუსეთს შეტევა განეხორციელებინა კოდორის ხეობაზე;ნათქვამია აგრეთვე, რომ 7 აგვისტომდე ცხინვალის რეგიონში უკვე იმყოფებოდნენ სამხედრო შენაერთები”, - განმარტავს თემურ იაკობაშვილი.

დასკვნაში ნათქვამია, რომ ომი ცხინვალზე შეტევით აღინიშნა, მაგრამ იქვე განმარტებულია, რომ ამას წინ უძღოდა ხანგრძლივი და სერიოზული პროვოკაციები
და მაინც, მთავარი შეკითხვაა: ადანაშაულებს თუ არა მკაფიოდ რომელიმე დასკვნა რომელიმე მხარეს ომის დაწყებაში? თავად ევროპელმა ექსპერტებმა არაერთხელ თქვეს, რომ მათი მუშაობის მიზანი არ ყოფილა დამნაშავის მითითება, მიზანი იყო ფაქტების შეკრება და მათი გაანალიზება იმისათვის, რომ ამან ხელი შეუწყოს ვითარების შემდგომი ესკალაციის აღკვეთას. 30 სექტემბერს თავიანთი მოსაზრებები დასკვნასთან დაკავშირებით ქართველმა ექსპერტებმაც გამოთქვეს. ლევან ცუცქირიძემ რადიო თავისუფლებასთან საუბრისას აღნიშნა: ”კი, დასკვნაში ნათქვამია, რომ ომი ცხინვალზე შეტევით აღინიშნა, მაგრამ იქვე განმარტებულია, რომ ამას წინ უძღოდა ხანგრძლივი და სერიოზული პროვოკაციები. დასკვნა ისეა დაწერილი, რომ მის ამ ნაწილს ნებისმიერი მხარე საკუთარ ინტერპრეტაციას მისცემს. აქ საუბარი არაა იმაზე, ვინ დაიწყო ომი; საუბარია იმაზე, როგორ მივიდა საქმე ომამდე, რომლის პროვოცირებასაც რუსეთი დიდი ხანია ცდილობდა.” - ასეთი აზრი გამოიკვეთა ქართველ ესქპერტებს შორის.

ევროპელ ექსპერტებს შორის კი არაერთმა მიიჩნია, რომ ფაქტების დამდგენმა კომისიამ აგვისტოს 5 დღიან ომში თავისი წილი პასუხისმგებლობა რუსეთსაც დააკისრა და საქართველოსაც, ხოლო, მთლიანობაში, ამ ომისადმი მიდგომაში მას არსებითი და პრინციპული ცვლილება არ შეუტანია. მაგრამ საკითხავია, დასკვნის ის ნაწილი, რომლის ინტერპრეტირებასაც მხარეები განსხვავებულად ცდილობენ, როგორ აისახება კრემლის პოზიციაზე - კრემლისა,რომელმაც საქარველოს შიგნით საქართველოს შეიარაღებული ძალების გადაადგილების გამო გაბრაზებულმა, შარშან აგვისტოში თბილისს თავისი რეგულარული არმია მოაყენა. აი, რა განცხადება გააკეთა 30 სექტემბერს ბრიუსელში მოსკოვის წარმომადგენელმა, ჩიჟოვმა, ფაქტების დამდგენი კომისიის დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ:

ევროკავშირში რუსეთის ელჩი ვლადიმირ ჩიჟოვი ''ტალიავინის კომისიის'' ანგარიშით კმაყოფილია
”მე ველი, რომ პოლიტიკური ლიდერები, რომლებიც აქამდე თავშეკავებულობას იჩენდნენ, გაცილებით მკაფიო პოზიციას დაიკავებენ.”

ჩიჟოვმა დასავლელი პოლიტიკური ლიდერები იგულისხმა და გამოთქვა მოლოდინი, რომ ისინი ამის შემდეგ გაამკვეთრებენ პოზიციას სააკაშვილის ხელისუფლების მიმართ. მაგრამ სააკაშვილის ხელისუფლებას რეჟიმს და ომის გამჩაღებელს კრემლში აქამდეც უწოდებდნენ. ამ დამოკიდებულებაში ცვლილებას, ალბათ, ვერანაირი დასკვნა ვერ შეიტანს. ეს არის, რომ ფაქტების დამდგენი კომისიის დასკვნა, უდავოდ, ქმნის საფუძველს მასში გაკეთებული ჩანაწერების ინტერპრეტირებისთვის.

მაგრამ შეუძლებელია ინტერპრეტაციები დასკვნის იმ ნაწილზე, რომლის მიხედვითაც, რუსეთის მოქმედება საქართველოში მოხსენიებულია შეჭრად; იმ ნაწილზე, რომელშიც ნათქვამია, რომ ცხინვალის რეგიონში ოსების გენოციდს ადგილი არ ჰქონია, ან ნაწილზე, სადაც წერია, რომ არავითარი გამართლება არა აქვს რუსეთის მიერ საქართველოს პროვინციების - აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის - დამოუკიდებლობის აღიარებას.
XS
SM
MD
LG