Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისს ტინა კეიდენაუ ესტუმრა


თბილისში თავის პირველ ოფიციალურ ვიზიტს ახორციელებს ამერიკის შეერთებული შტატების მდივნის მეორე მოადგილე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ტინა კეიდენაუ. ამ პოსტზე მან საქართველოში კარგად ცნობილი მეთიუ ბრაიზა ჩაანაცვლა. 14 სექტემბერს კეიდენაუმ შეხვედრა გამართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ გრიგოლ ვაშაძესთან. ვიზიტის ფარგლებში ის ეცნობა სიტუაციას საქართველოში და, შესაბამისად, ეცნობა როგორც ხელისუფლების, ისე მისი პოლიტიკური ოპოზიციის შეხედულებებს ქვეყანაში არსებული მდგომარეობის შესახებ.

„ქვეყანაში მიმდინარე საინტერესო პროცესების ფონზე, ჩემთვის მნიშვნელოვანია ადგილზე გავეცნო და შევისწავლო ეს პროცესები, მოვისმინო პოზიციები“, - თქვა ტინა კეიდენაუმ საქართველოში გამომგზავრების წინ. თუმცა საქართველოს პრობლემების შესწავლა სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილემ მანამდე დაიწყო. აგვისტოს შუა რიცხვებში ის ამერიკის შეერთებულ შტატებში შეხვდა ქართველ პოლიტიკოსებს, მათ შორის, პარლამენტის ვიცე-სპიკერს პაატა დავითაიას. ტინა კეიდენაუმ მაშინ მოისმინა განმარტებები საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი მდგომარეობის შესახებ, რუსეთ-საქართველოს ომისა და ამ ომის შედეგების თაობაზე. ”კეიდენაუმ განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაცია დიდი ყურადღებით ეკიდება საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას და თვალყურს ადევნებს საარჩევნო დახვეწას ”, - განაცხადა ქართველმა პარლამენტარმა აგვისტოში ვაშინგტონში გამართული შეხვედრის შემდეგ. ტინა კეიდენაუ ახლა თბილისშია და ადგილზე სწავლობს ვითარებას, ადგილზე ეცნობა სხვადასხვა პოლიტიკური პოზიციის მქონე ადამიანების არგუმენტებს. პირველი შეხვედრა, როგორც უკვე ვთქვით, საგარეო საქმეთა სამინისტროში შედგა, მინისტრ გრიგოლ ვაშაძესთან. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, განხილული იქნა 17 სექტემბერს ჟენევაში დაგეგმილ საერთაშორისო დისკუსიასთან დაკავშირებული საკითხები. საქართველოს კრიზისის გარშემო ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებზე შეერთებულ შტატებს სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილე მეთიუ ბრაიზა წარმოადგენდა ხოლმე. მის ადგილს ამ დისკუსიებზეც ტინა კეიდენაუ დაიკავებს, უსაფრთხოების საკითხებზე საერთაშორისო დისკუსიებისთვის კი ის საკმაოდ გამოცდილი დიპლომატია.

პირველი მნიშვნელოვანი თანამდებობა კეიდენაუმ პრეზიდენტ ბილ კლინტონის ადმინისტრაციაში დაიკავა: თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოში სამხრეთ -აღმოსავლეთ ევროპის განყოფილების დირექტორად მუშაობდა. 1998-99 წლებში იყო მაკედონიაში შეერთებული შტატების ელჩის თანაშემწე და კოსოვოს კრიზისზე მუშაობდა. მოგვიანებით, ჯორჯ ბუშის პრეზიდენტობისას, იყო სახელმწიფო მდივნის მოადგილის რიჩარდ არმიტაჯის თანაშემწე ევროპის საკითხებში. 2006 წელს დაინიშნა შტატების მისიის ხელმძღვანელად პრიშტინაში, ხოლო მას შემდეგ, რაც კოსოვომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა, გახდა შეერთებული შტატების პირველი ელჩი კოსოვოში.

”აქვს თუ არა შეერთებულ შტატებს გრძელვადიანი ინტერესი კოსოვოში? რა თქმა უნდა, აქვს და აქვს ხანგრძლივი ინტერესი. ჩვენი ამოცანა არაა მარტო ტექნიკური დახმარების განხორციელება, გვაქვს პოლიტიკური ინტერესები და ეს მდგომარეობს სტაბილურობის მიღწევასა და რეგიონის ევროპის კავშირთან დაახლოებაში”, - აღნიშნავს ტინა კეიდენაუ კოსოვოში შეერთებული შტატების ელჩობის პერიოდის ინტერვიუში. როცა ცნობილი გახდა, რომ ეს ქალბატონი დაიკავებდა ევროპისა და ევრაზიის საკითხებში სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილის პოსტს მეთიუ ბრაიზას შემდეგ, აზერბაიჯანის ოფიციალურმა პირებმა გამოხატეს შიში, კოსოვოში მიღებული გამოცდილება კეიდენაუს ხომ არ უბიძგებს მხარი დაუჭიროს მთიანი ყარაბახის დამოუკიდებლობასო. საგულისხმოა, რომ პარალელურად შეშფოთება გამოთქვეს სომხეთშიც.. ” არ არსებობს არავითარი გარანტია იმისა, რომ კეიდენაუ დაიცავს ყარაბახში სომხების ინტერესებსო”,- აცხადებდნენ სომეხი ექსპერტები.

რადიო თავისუფლებას კი ტინა კეიდენაუს გამოცდილების შესახებ მოსაზრებები რადიო თავისუფლების პრიშტინის ბიუროს ხელმძღვანელმა არბანა ვიდიშიჩიმ გაუზიარა. მისი მოსაზრებები ჩვენს მსმენელს ერთხელ უკვე მოვასმენინეთ :

”ელჩი კეიდენაუ ყველას ასე ახსოვს: საქმის გამკეთებელია და კოსოვოში ძალიან კრიტიკულ პერიოდში მუშაობდა. აქ დამოუკიდებლობის გამოცხადებამდე ჩამოვიდა, გამოცხადების შემდეგ კი ერთი წელი დარჩა. საქმის გამკეთებელია,თუმცა ურჩევნია საქმე საზოგადოების თვალთახედვის მიღმა აკეთოს.”

ტიკა კეიდენაუ ახალ სამუშაოზეა და საქართველოში ვითარებას სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილის პოსტზე მყოფი ეცნობა. საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის შემდეგ, 14 სექტემბერს საღამოს, მან დაიწყო შეხვედრები ოპოზიციის ლიდერებთან. რამდენიმე დღეში კი ის საქართველოს კრიზისის შესახებ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში მიიღებს მონაწილეობას.
XS
SM
MD
LG