Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

ახალციხეში სტუდენტობის სურვილი წელს 732-მა აბიტურიენტმა გამოთქვა


„ერთიანი ეროვნული გამოცდები 2009", წინა წლებთან შედარებით, დაბალი კონკურსით დაიწყო. ახალციხის საგამოცდო ცენტრში მესამე გამოცდისთვის ემზადებიან. აბიტურიენტები და მათი მშობლები საგამოცდო პროცესით უკმაყოფილებას არ გამოთქვამენ, ცენტრის ადმინისტრაცია კი აცხადებს, რომ წლევანდელი სიახლით ახალციხის საგამოცდო ცენტრში არავინ ისარგებლა.

გამოცდები ქართულ ენასა და ლიტერატურაში, ასევე ზოგად უნარ-ჩვევებში უკვე დასრულდა. ახალციხის საგამოცდო ცენტრში სტუდენტობის სურვილი წელს 732-მა აბიტურიენტმა გამოთქვა. მათი უმრავლესობა სამცხე-ჯავახეთის მცხოვრებია. აბიტურიენტები ფიქრობენ, რომ საკითხები რთული არ იყო.

აბიტურიენტების მსგავსად, გამოცდების მიმდინარეობით კმაყოფილებას გამოთქვამენ მათი მშობლები. ისინი ფიქრობენ, რომ გამოცდებისთვის განსაზღვრული დრო ცოდნის გამოსავლენად საკმარისია.

ახალციხის საგამოცდო ცენტრის მონაცემებით, 732 აბიტურიენტიდან 71 უკვე სტუდენტია. ცენტრის ადმინისტრატორი გელა ინასარიძე ამბობს, რომ თითოეულ მათგანს შარშან მიღებული გრანტის გაუმჯობესება სურს. გელა ინასარიძის მტკიცებით, გამოცდები ნორმალურად მიმდინარეობს.

ერთიანი ეროვნული გამოცდების ახალციხის საგამოცდო ცენტრის ადმინისტრატორი გელა ინასარიძე ამბობს, რომ არაქართულენოვანი სულ 12 აბიტურიენტია, აქედან 1 სომეხი და დანარჩენი რუსი ეროვნების. "შარშანდელთან შედარებით, წელს ორი სექტორია დამატებული. შესაბამისად გაიზარდა აბიტურიენტების რაოდენობა. დღეს და ხვალ აბიტურიენტები ჩააბარებენ ზოგად უნარებს. 8 ივლისს გამოცდა ექნებათ უკვე სტუდენტებს, რომლებიც გრანტის გაუმჯობესებაზე ზრუნავენ."

ინასარიძის თქმით, წელს კიდევ ერთი სიახლეა. საგამოცდო ცენტრებში ახლა უკვე მაგისტრატურისთვის გამოცდების ჩაბარებაც შეიძლება. გელა ინასარიძის მტკიცებით, ახალციხის საგამოცდო ცენტრში შესაბამისი ბაზაც არის და პროფესურაც, თუმცა წელს ამისი სურვილი თავად სტუდენტებს არ გამოუთქვამთ. ერთიანი ეროვნული გამოცდები 17 ივლისს დასრულდება.
XS
SM
MD
LG