Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვინ გახდება მორიგი პრემიერ-მინისტრი?


ზურაბ ადეიშვილი
ზურაბ ადეიშვილი
26 ივნისს საინფორმაციო სააგენტო „პირველმა“ - "სამთავრობო კულუარებიდან მიღებულ ცნობებზე დაყრდნობით" - გაავრცელა ინფორმაცია, რომ ხელისუფლება გეგმავს ახალ „სამთავრობო კარუსელს“, რომლის შედეგადაც საქართველოს პრემიერ-მინისტრად იუსტიციის ამჟამინდელ მინისტრს, ზურაბ ადეიშვილს დანიშნავენ. რა ფუნქციას ასრულებს პრემიერ-მინისტრის ინსტიტუტი საქართველოში, რამდენად მოსალოდნელია და რას შეიძლება მოასწავებდეს ზურაბ ადეიშვილის დანიშვნა პრემიერის პოსტზე?

საქართველოს კონსტიტუციაში, რომელიც პარლამენტმა 1995 წელს მიიღო, პრემიერ-მინისტრის პოსტი არ არსებობდა. ეს პოსტი გაჩნდა ვარდების რევოლუციის შემდეგ, 2004 წლის თებერვალში – საკონსტიტუციო ცვლილებების შედეგად. პირველ პრემიერად ზურაბ ჟვანია დაინიშნა, რომელიც აცხადებდა, რომ პრემიერ-მინისტრის პოსტი საკმაოდ სუსტი და უფლებრივად შეზღუდული იყო. თავად ჟვანიას გავლენის მხრივ პრობლემა არ ჰქონია, მაგრამ, როგორც შემდეგ გაირკვა, მისი გავლენა ეფუძნებოდა არა პრემიერის კონსტიტუციურ ფუნქციებს, არამედ მხოლოდ პიროვნულ ფაქტორებს.

ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების შემდეგ საქართველოს მთავრობას ოთხი პრემიერი ჰყავდა: ზურაბ ნოღაიდელი, ვლადიმერ გურგენიძე, გრიგოლ მგალობლიშვილი და ნიკა გილაური. ერთმნიშვნელოვნად შეიძლება ითქვას, რომ ზურაბ ჟვანიას შემდეგ პრემიერ-მინისტრის პოსტზე არ დანიშნულა ძლიერი პოლიტიკური ფიგურა, რომელიც პირდაპირ არ იქნებოდა დამოკიდებული პრეზიდენტის უახლოეს გარემოცვაზე. უფრო მეტიც, ტენდენციად ჩამოყალიბდა, რომ ყოველი მომდევნო პრემიერი წინამორბედზე სუსტი და უუფლებო იყო.

2007 წლის გაზაფხულზე მთავრობაში გაჩნდა ორი მინისტრი, რომელთაგან თითოეულმა დაიწყო ოფიციალური განცხადებების კეთება თავისი უშუალო სფეროდან საკმაოდ დაშორებულ სფეროებში მიმდინარე პროცესებზე. ერთი მათგანი ალექსანდრე ლომაია იყო, მეორე – გელა ბეჟუაშვილი. ექსპერტების შეფასებით, ორივე მინისტრს პრემიერის პოსტზე სხვადასხვა გავლენიანი ლობისტი ჰყავდა, რომელთა უშუალო ჩარევით ერთმანეთის პარალელურად იქმნებოდა „საპრემიერო იმიჯი“ ორივე ფიგურისთვის.

ბეჟუაშვილებს და ვანო მერაბიშვილს ბევრი საერთო ინტერესი ჰქონდათ, რის გამოც მაშინდელი პრესა პირდაპირ წერდა, რომ გელა ბეჟუაშვილის გაპრემიერებას შინაგან საქმეთა მინისტრი ლობირებდა. როდესაც 2007 წლის გაზაფხულზე ძლიერი სატელევიზიო კამპანია დაიწყო სკოლებში არსებულ ძალადობასთან დაკავშირებით, იქვე გაჩნდა ვერსია, რომ ახალგაზრდებს შორის ძალადობის მძლავრი საინფორმაციო უზრუნველყოფა სწორედ განათლების მინისტრის ალექსანდრე ლომაიას წინააღმდეგ მიმართული „PR ტრიუკი“ იყო. ლამის ყოველდღე „კურიერის“ პირველ სიუჟეტად გადიოდა ინფორმაცია სკოლის მოსწავლეების მიერ ერთმანეთის დაჭრის ან რაიმე სხვა ახალგაზრდული კრიმინალის შესახებ. არადა, სკოლებში ძალადობის ფაქტები ადრეც ხდებოდა და ახლაც ხდება, თუმცა საინფორმაციო პროგრამების ცხოველ ინტერესს ეს ფაქტები მხოლოდ 2007 წლის გაზაფხულზე იწვევდა.

მაშინ დაპირისპირება იმით დამთავრდა, რომ პრემიერად დაინიშნა არა ლომაია ან ბეჟუაშვილი, არამედ პოლიტიკური ამბიციების არმქონე ვლადიმერ გურგენიძე. ეს გადაწყვეტილება ვანო მერაბიშვილის გამარჯვებად შეფასდა, რადგან ალექსანდრე ლომაიას დანიშვნა დაარღვევდა სუსტი პრემიერ-მინისტრების უკვე დამკვიდრებულ ტრადიციას.

არანაკლებ ნიშანდობლივია გრიგოლ მგალობლიშვილის პრემიერობის ხანმოკლე ისტორია: როგორც კი მან დამოუკიდებელი ნაბიჯების გადადგმა დააპირა, მაშინვე წნეხის ქვეშ მოექცა და იძულებული გახდა, თანამდებობა დაეტოვებინა.

თუ საქართველოს პრემიერ-მინისტრების პერსონალურ შემადგენლობას და მათი საქმიანობის შინაარსს გადავხედავთ, ადვილად მივხვდებით, რომ ზურაბ ადეიშვილის დანიშვნა პრემიერის პოსტზე მორიგი „სამთავრობო კარუსელის“ ჩარჩოში ვერ მოთავსდება, რადგან ზურაბ ადეიშვილი ყოველთვის შედიოდა მიხეილ სააკაშვილის მცირერიცხოვან, მაგრამ ყველაზე გავლენიან გარემოცვაში.

ამიტომ, პოლიტიკის ლოგიკიდან გამომდინარე, დღეს ორი პროგნოზის გაკეთება შეიძლება. პირველი უფრო მარტივია: მოარული ხმების მიუხედავად, ზურაბ ადეიშვილი პრემიერ-მინისტრად არ დაინიშნება. მეორე პროგნოზი გაცილებით რთულია და ორი სავარაუდო მიმართულება აქვს: თუ ადეიშვილი საქართველოს მინისტრთა კაბინეტის ლიდერი გახდება, ეს მიანიშნებს, რომ, გავლენიანი პრემიერის ფონზე, მოსალოდნელი იქნება „სახელმწიფოს ხერხემლის“ – ვანო მერაბიშვილის – პოლიტიკური წონის კლება. ან, მეორე ვერსიით, შესაძლოა, მიხეილ სააკაშვილი ისეთი მკაცრი პოლიტიკის გატარებას აპირებდეს, რომელიც, ძლიერი შინაგან საქმეთა მინისტრის გვერდით ძლიერ პრემიერსაც მოითხოვს.

პირადად მე უპირატესობას პირველ პროგნოზს მივანიჭებდი და ადეიშვილის გაპრემიერებას დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დავტოვებდი.
XS
SM
MD
LG