Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყოველკვირეული რადიოჟურნალი


წამყვანი: ბიძინა რამიშვილი, პრაღა 715-ე გამოშვება

საერთაშორისო კონფერენცია სეპარატიზმის არსთან დაკავშირებით

ბიძინა რამიშვილი:
27 სექტემბერს, სოხუმის დაცემიდან 14-ე წლისთავზე თბილისში სეპარატიზმსთან დაკავშირებით საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა. სასტუმრო ”ამბასადორში” პოლიტიკური მოძრაობა ”ჩვენ თვითონ” ორგანიზებით ჩატარებულ შეხვედრაში, რომლის სახელწოდებაც ”სეპარატიზმი - ორგანიზებული დანაშაულის უმაღლესი ფორმა” იყო, მონაწილეობდნენ ექსპერტები საქართველოდან, აზერბაიჯანიდან, გერმანიიდან, ისრაელიდან და სერბეთიდან. კონფლიქტების მოგვარების გზებთან დაკავშიერებით განსხვავებული პოზიციების მიუხედავად სეპარატიზმის თაობაზე მონაწილეებს ერთსულოვანი შეხედულება ჰქოდათ. ალექსანდრე ელისაშვილს მოუსმინეთ.

ალექსანდრე ელისაშვილი:
პოლიტიკური მოძრაობა ”ჩვენ თვითონ” ლიდერის პაატა დავითაიას გარდა სეპარატიზმთან დაკავშირებით საერთაშორისო კონფერენციის ორგანიზატორი გერმანიის ფედერალიზმის პრობლემების კვლევის ინსტიტუტიც იყო. ქართულ-გერმანულ შეხვედრაში მონაწილეობის სურვილი გამოთქვეს იმ ქვეყნების წარმომადგენლებმა, რომლებისთვისაც სეპარატიზმი სერიოზულ თავსატეხს წარმოადგენს. კონფერენციის მონაწილეთა შორის იყვნენ მეცნიერები: აზერბაიჯანიდან, ისრაელიდან და სერბეთიდან. მოძრაობა ”ჩვენ თვითონ” ლიდერის, თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის პროფესორის პაატა დავითაიას თქმით სეპარატიზმი რჩება თანამედროვე მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე დიდ საფრთხედ, ვინაიდან ერის თვითგამორკვევისა და დამოუკიდებლობის იდეების მიღმა რეალურად დგანან დანაშაულებრივი დაჯგუფებები:

[პაატა დავითაის ხმა] რა თქმა უნდა ყველა ქვეყანას თავისი მიდგომა აქვს, თავისი პოზიციები აქვს, მაგრამ პრობლემა ერთია, ყველგან დგას სახელმწიფოებრივი რღვევის საკითხი. ჩვენ გვინდა ყველას ვაჩვენოთ, რომ სეპარატიზმი ეს არის ფასადი იმისა, რომ თითქოსდა ვიღაცა ცდილობს მოიპოვოს დამოუკიდებლობა, სინამდვილეში კი ამ ფასადის უკან იმალებიან კრიმინალები, დამნაშავეები, ვინც სჩადიან დანაშაულს, დანაშაულს კაცობრიობის წინააღმდეგ.

ისრაელის წარმომადგენლის, პროფესორ ლევ სპივაკისათვის ისრაელ-პალესტინის, მთიანი ყარაბახისა და საქართველოში არსებული კონფლიქტები არამხოლოდ მეცნიერული შესწავლის საგანია. იგი დღეისათვის მართალია ისრაელის მოქალაქეა, მაგრამ როგორც ირკვევა, დაიბადა და გაიზარდა აზერბაიჯანში, ხოლო ახალგაზრდობის დიდი ნაწილი საქართველოში გაატარა, ამდენად ლევ სპივაკის თქმით, მისთვის კავკასიისა და ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტები და მათგან გამომიდინარე პრობლემები ძალზე მახლობელი და მტკივნეულია. სეპარატიზმზე და ამ პრობლემის მოგვარებაზე საუბრისას ებრაელმა პროფესორმა ბიბლია და ბიბლიური გამოცდილება მოიშველია:

[ლევ სპივაკის ხმა] კარგია, რომ სხვადახვა ქვეყანაში პოლიციელები და ჯარისკაცები სხვდასახვა ფორმებს ატარებენ, ვინაიდან სხვა შემთხვევაში შეუძლებელი იქნებოდა იმის გარჩევა, თუ სად მიმდინარეობს მოვლენები. მთელ მსოფლიოში ტერორს ერთი სახე აქვს. ეს კონფლიქტები აბსოლუტურად ერთნაირია. მათი მოგვარება რა თქმა უნდა საჭიროა და შესაძლებელია. მსურს შეგახსენოთ კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე უდიდესი ნაწარმოები ”ძველი აღქმა”, სადაც სეპარატიზმის უამრავი მაგალითია მოყვანილი. იქ, სეპარატისტებთან მოლაპარაკებებს არასდროს აწარმოებდნენ.

სეპარატიზმთან დაკავშირებით განსხვავებული პოზიცია გააჩნია სერბეთის პარლამენტის დეპუტატს დეან მიროვიჩს, რომელიც დაპირისპირებულ მხარეებს შორის ურთიერთობის ერთადერთ მისაღებ ფორმად სამშვიდობო მოლაპარაკებას მიიჩნევს. სერბ დეპუტატს ქართველმა ჟურნალისტებმა კოსოვოსთან დაკავშირებით დაუსვეს შეკითხვა. ქართული მედიის წარმომადგენლებისათვის საინტერესო იყო იმის შეტყობა - მოახერხებს, თუ არა კოსოვო დამოუკიდებლობის მოპოვებას:

[დეან მიროვიჩის ხმა] მე ვფიქრობ, რომ ვერ მოახერხებს. სერბეთის ერთიანობასთან დაკავშირებით ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის სრული თანხმობა არსებობს. მაგრამ პირველ რიგში რუსეთს გააჩნია პრინციპული პოზიცია და ის არ დაუშვებს კოსოვოს დამოუკიდებლობის საკითხის გაეროს უშიშროების საბჭოში განხილვას. რაც შეეხება კავკასიაში არსებულ პრობლემებს - მე მათი დიდი ექსპერტი არ ვარ, მაგრამ მიმაჩნია, რომ მოლაპარაკება აუცილებელია. დარწმუნებული ვარ რუსეთის ფედერაცია დაგეხმარებათ ამ პრობლემის მოგვარებაში, რუსეთის წარმომადგენლებთან მოლაპარაკება გაცილებით სასარგებლო იქნება ვიდრე ზესახელმწიფოების და ევროკავშირის წარმომადგენლებისა.

მართალია სერბეთის პარლამენტის წევრის დეან მიროვიჩის ეს მოსაზრება სასტუმრო ”ამბასადორში” შეკრებილი კონფერენციის მონაწილეების დიდმა ნაწილმა არ გაიზიარა, ამის მიუხედავად 5 ქვეყნის წარმომადგენელი მეცნიერები შეთანხმდნენ, რომ სეპარატიზმი უაღრესად ნეგატიურ მოვლენად რჩება და თანამედროვე მსოფლიოსათვის კვლავ გამოწვევასა და საფრთხეს წარმოადგენს.

ალექსანდრე ელისაშვილი, რადიო თავისუფლება, თბილისი.


როგორ ებრძვიან ტუბერკულოზს საქართველოში?

ბიძინა რამიშვილი:
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ტუბერკულოზით ყოველწლიურად მსოფლიოში 2 მილიონი ადამიანი იღუპება. ტუბერკულოზის პრობლემა აქტუალურია საქართველოშიც, სადაც ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, ყოველწლიურად 6 ათასამდე ადამიანი ავადდება, ხოლო 190 ასრულებს სიცოცხლეს. ვითარებას ისიც ართულებს, რომ ტუბერკულოზით დაავადებული ადამიანი, თუ მკურნალობის სათანადო კურსს არ იტარებს, საკუთარი თავის გარდა, საფრთხეს უქმნის ოჯახის წევრებსა და მთელ საზოგადოებას. არადა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოში ტუბერკულოზის დიაგნოსტიკა, მკურნალობა და საჭირო მედიკამენტები უფასოა. უფრო მეტს იმის შესახებ, თუ რა დაავადებასთან გვაქვს საქმე და როგორ უნდა გავუმკლავდეთ მას, ჯიმშერ რეხვიაშვილის მიერ მომზადებული მასალიდან შეიტყობთ.

ჯიმშერ რეხვიაშვილი:
ხვიჩა აგლაძე ტუბერკულოზით 15 წლის წინ დაავადდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს თადარიგის ვიცე-პოლკოვნიკი იხსენებს, რომ თავი შეუძლოდ აფხაზეთში ყოფნისას იგრძნო, თუმცა საომარ მოქმედებებში ჩართულმა 25 წლის ოფიცერმა მაშინ საკუთარი ჯანმრთელობისთვის ვერ მოიცალა. დაავადებამ თავი მოგვიანებით, თბილისში დაბრუნების შემდეგ იჩინა.

[ხვიჩა აგლაძის ხმა] „ახალი წლის წინ იყო: ამომახველა და სისხლი ამოვაყოლე. შინაგანი ჯარების სამმართველოს საავადმყოფოში გადამიღეს რენტგენი და ტუბერკულოზის დიაგნოზიც დამისვეს. საბჭოთა ხუთკაპიკიანის ხელა კავერნა მქონდა, ღია, საიდანაც სისხლი დიოდა...“

ხვიჩა აგლაძე ამბობს, რომ თავდაპირველად ექიმებმა რადიკალური გადაწყვეტილება მიიღეს, თუმცა საბოლოო ჯამში ქირურგიული ჩარევა საჭირო არ გახდა. თადარიგის ოფიცერი დღემდე მადლიერებით იხსენებს მკურნალ ექიმს.

[ხვიჩა აგლაძის ხმა] „მითხრეს, რომ მარჯვენა ფილტვის ზედა ნაწილი ამოსაჭრელია, ცალი ფილტვითაც ცხოვრობს ხალხიო. კინაღამ გადავირიე... მაგრამ მერე ქალბატონი მარინე ჯანელიძე შემხვდა, ღმერთმა გაუმარჯოს, მან მიშველა.“

მარინე ჯანელიძემ - ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის თერაპიული განყოფილების ხელმძღვანელმა ხვიჩა აგლაძის გარდა ათასობით სხვა დაავადებულსაც უშველა.

[მარინე ჯანელიძის ხმა] „თვითონ ის ფაქტი, რომ ადამიანი ავად ხდება ტუბერკულოზით, დაკავშირებულია ძლიერ ემოციურ ფაქტორთან და ასეთ დროს ყოველთვის დაისმის შეკითხვა - იკურნება თუ არა ტუბერკულოზი? მე შემიძლია დაბეჯითებით გითხრათ, რომ თუ ტებერკულოზი დროულად იქნება გამოვლენილი და ექმის მიერ დანიშნული მკურნალობა ჩატარდება ზუსტად ისე როგორც ავადმყოფს სჭირდება, მაშინ ტუბერკულოზი განიკურნება.“

მარინე ჯანელიძის თქმით, ტუბერკულოზი ინფექციური დაავადებაა და მას იწვევს მიკრო-ბაქტერია - ეგრეთ წოდებული კოხის ჩხირი, რომელსაც ფილტვის ან ხორხის ტუბერკულოზით დაავადებული ადამიანი ხველების ან დაცემინების დროს ავრცელებს, თუმცა საინტერესოა, რა იციან ამ მძიმე ინფექციური დაავადების შესახებ რიგითმა თბილისელებმა.

[ქალბატონის ხმა] „მე პირადად შეხება არ მქონია, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს საშინელი დაავადებაა და უამრავი ადამიანია ამ საშინელი სენით დაავადებული.“

[ქალბატონის ხმა] „მედიკამენტი კი არის სერიოზული, მაგრამ მაგრამ ამბობენ, რომ ეს კოხის ჩხირი იმდენად ძლიერია, რომ ავადმყოფმა დაუყოვნებლივ სტაციონარს უნდა მიაკითხოს. ვიცი, რომ მკურნალობა უფასოა.“

და მართლაც. საქართველოში ტუბერკულოზის დიაგნოსტიკა და მკურნალობა უფასოა. მეტიც, იმ ადამიანებს, ვისაც ტუბერკულოზისათვის დამახასიათებელი სიმპტომები - ხანგრძლივი ხველა, სერთო სისუსტე, წონის კლება, ტემპერატურა და ოფლიანობა აღენიშნებათ, ინფორმაციის მიღება ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ცენტრის ცხელი ხაზის საშუალებითაც შეუძლიათ. ამისათვის მათ უნდა აკრიფონ ნომერი 91 19 26 და ჩაინიშნონ ოპერატორის რჩევები. ცხელი ხაზის მომსახურებით სულ ახლახან „რადიო თაივსუფლებამაც“ ისარგებლა.

[ოპერატორის ხმა] „რენტგენი უნდა გადაიღოთ, ჩააბაროთ სამჯერ ნახველი, სისხლის ანალიზი და გაიაროთ ექიმთან კონსულტაცია...

[ავტორის ხმა] „იქნებ, არც ღირს?“

[ოპერატორის ხმა] „არა, არა, რა სამბობთ... კვლაფიციური ექიმი გაგსინჯავთ და თუ ტუბერკულოზი გამოირიცხება, მაშინ დაგინიშნავენ მკურნალობის ჩვეულებრივ კურსს და თუ ვინიციობაა და ტუბრკულოზია, მაშინ ჩაერთვებით სპეციალურ პროგრამაში. თანაც მკურნალობა უფასოა.“

იმას, რომ საქართველოში ტუბერკულოზის მკურნალობა უფასოა ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი არჩილ სალაყაიაც ადასტურებს. მისი თქმით, ცალკეული ქვეყნების მთავრობების, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების ძალისხმევის მიუხედავად ტუბერკულოზის ავადობა მთელ მსოფლიოში და მათ შორის საქართველოშიც ინეტრულობის მაღალი მაჩვენებლით გამოირჩევა, ანუ ვერ ხერხდება ტუბურკულოზის გავრცელების მყისიერი შეჩერება.

[არჩილ სალაყაიას ხმა] „ზოგადად ცნობლია, რომ მსოფლიოს მესამედი ინფიცირებულია ტუბერკულოზის მიკრობაქტერიით. წლებია საჭირ, რომ ამ ინფიცირების დონემ მოიკლოს, მაგრამ მთავრი ამოცანა მდგომარეობს ორ რამეში: ერთი - ტუბრკულოზის შემთხვევების კარგ გამოვლენაში და მეორე - გამოვლენილების კარგ, ანუ შედეგიან მკურნალობაში და, რაც მთავრია, არ უნდა შეწდეს მკურნალობა“.

იმისათვის, რომ მკურნალობა არ შეწყვიტოს, არჩილ სალაყაიას თქმით, დაავადებული ადამიანი უნდა ფლობდეს დეტალურ ინფორმაციას ტუბერკულოზის შესახებ. მან უნდა იცოდეს, რომ ტუბერკულოზი არ არის გრიპის გართულებული ფორმა და, რომ ამ დაავადების დასამარცხებლად რეგულარული მკურნალობაა საჭირო. მარინე ჯანელიძე - ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის თერაპიული განყოფილების ხელმძღვანელი ამბობს, რომ მკურნალობის შეწვეტა იწვევს დაავადების გართულებას, რის შედეგადაც ყალიბდება ეგრეთ წოდებული რეზისტენტული - ტუბერკულოზი.

[მარინე ჯანელიძის ხმა] „რეზისტენტული ტუბერკულოზი, ეს ისეთი ფორმის ტუბერკულოზია, რომელსაც იწვევს წამლებისადმი მდგრადი მიკრობაქტერია, მაგრამ მეტწილად რეზისტენტული ტუბერკულოზის განვითარება დიდად არის დამოკიდებული თავდაპირველად წარმოებულ მკურნალობაზე“.

მკურნალობის შეწყვეტის გარდა, ტუბერკულოზის დამარცხებას ხელს უშლის სტიგმა - დამღა, რომლითაც ცრურწმენითა და უსაფუძვლო სტერეოტიპებით დაშინებული საზოგადოება ტუბერკულოზით დაავადებულს გამოარჩევს. ამ მხრივ განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობა რეგონებშია, სადაც ტუბერკულოზით დაავადებულთა შთამომავლებიც კი გარიყულები არიან. ხშირ შემთხვევაში, მათ არ შეუძლიათ გათხოვება ან ცოლის მოყვანა. არადა, მედიკოსები ამტკიცებენ, რომ საზოგადოების შიში უსაფუძვლოა.

[მარინე ჯანელიძის ხმა] „ხაზგასმით შემიძლია გითხრათ, რომ მემკვიდრეობითობას ტუბერკულოზის განვითარებაში, ანუ პათოგენეზში არავითარი ადგილი არ უკავია. შემიძლია გითხრათ, რომ საყოფაცხოვრებო ნივთებით ტუბერკულოზი ავადმყოფიდან ჯანმრთელ ადამიანს არ გადაეცემა. ტუბერკულოზის გადაცემის ერთადერთი გზა ჰაერწვეთოვანი გზაა, მაგრამ ამ დროსაც საჭიროა განსაზღვრული პირობები. კერძოდ, მჭიდრო და ხანგრძლივი კონტაქტი“.

მარინე ჯანელიძის თქმით, მკურანლობის პირველივე ეტაპზე, დაახლოებით ორ კვირაში, დაავადებული წყვეტს ტუბერკულოზის მიკრობაქტერიების ჰაერში გამოყოფას და ირგვლივ მყოფთათვის აღარ წარმოადგენს საფრთხეს, თუმცა საბოლოო გამოჯანმრთელებამდე პაციენტმა მედიკამენტები იმდენ ხანს უნდა მიიღოს, რამდენსაც მკურნალი ექიმი საჭიროდ ჩათვლის. ხვიჩა აგლაძემ - აფხაზეთის ომის ვეტერანმა, რომელიც ტუბერკულოზით 15 წლის წინ დაავადდა, მარინე ექიმის ეს რჩევა ყურად იღო.

[ხვიჩა აგლაძის ხმა] „ჩემი სურვილი დაემთხვა ექიმისას, რომ გამოვმძვრალიყავი ამ სიტუაციიდან და ერთობლივი ძალისხმვით გამომივიდა კიდეც. ახლა პრობლემა არ მაქვს, არადა რამდენი წელი გავიდა. 15 წელი ვიმსახურე ჯარში. მთავრია, არ შეშინდე და ენდო ექიმს, აუცილებლად დაუჯერო და ყველაფერი კარგად იქნება“.

ხვიჩა აგლაძეს - თადარიგის ვიცე-პოლკოვნიკს ამჟამად თავადაც ყველაფერი რიგზე აქვს. განკურნების შემდეგ შექმნილ მის ოჯახში ორი ულამაზესი ქალიშვილი იზრდება, ხოლო სამაგალითო სამსახურისათვის, 2004 წელს, ვიცე-პოლკოვნიკი აგლაძე, პრეზიდენტის ბრძანებულებით, ვახტანგ გორგასლის მეორე ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს. გამოჯანმრთელებული ოფიცერი ამბობს, რომ მზად არის პირველივე დაძახილზე, მხედრული ვალის მოსახდელად, სამშობლოს დამცველთა რიგებში ჩადგეს.

ვის უნდა მილიონი?

ბიძინა რამიშვილი:
ახლა ერთ უცნაურ ამბავზე მოგითხრობთ, რომელიც ამ ერთი კვირის წინ გერმანიაში მოხდა. 70 წლის ქვემო საქსონიელმა პენსიონერმა ლატარეაში მოგებულ 3 მილიონ ევროზე უარი განაცხადა. მისი განმარტებით, შვილები არ ჰყავს, მეუღლე - ცოტა ხნის წინ გარდაეცვალა. შესაბამისად, ფული მას არ სჭირდება. რამდენად შესაძლებელია, მსგავსი რამ საქართველოშიც მომხდარიყო? - მილიონებისადმი ქართველების დამოკიდებულების გარკვევა თამარ ჩიქოვანმა სცადა.

თამარ ჩიქოვანი:
ცვლის თუ არა მოულოდნელად ნაშოვნი დიდი ფული - მაგალითად, ერთი მილიონი ადამიანს?

[რამაზ საყვარელიძის ხმა] ”თუ ზუსტი პასუხი გინდათ - მომეცით მილიონი”.

სამწუხაროდ, ფსიქოლოგ რამაზ საყვარელიძის მიერ შემოთავაზებული ექსპერიმენტის ჩატარება დღეს საქართველოში არარეალურად გამოიყურება. თუმცა, ამგვარი ექსპერიმენტის გარეშეც, როგორც რამაზ საყვარელიძე ამბობს, დღევანდელ საქართველოში, სადაც ღარიბთა რაოდენობა კრიტიკულ ზღვარს აჭარბებს, დიდი ფულის ქონებას დიდი სიხარული არ მოაქვს:

[რამაზ საყვარელიძის ხმა] ” იმ გარემოცვაში, რომელშიც ჩვენ ვართ, დიდი ფულის ან ძალაუფლების მქონე - ესეც ხომ ვალუტაა - რჩება მარტო. მეფეები მარტო არიან.”
[ჟურნალისტის ხმა] ანუ მდიდარი ადამიანი ცდილობს დისტანცირება მოახდინოს ღატაკი გარემოცვიდან?
[რამაზ საყვარელიძის ხმა] რა თქმა უნდა, დისკომფორტია ღატაკური გარემო, რადგან მასთან მეგობრობას იწყებენ, რადგან ფული აქვს; უყვართ იმიტომ, რომ ფული აქვთ; ეფერებიან იმიტომ, რომ ფული აქვთ. ასეთი ”ნაყიდი” მოფერება და სიყვარული მას უკვე აღარ ჭირდება. ამიტომ, ურჩევნია სხვა მილიონერთან ჰქონდეს ურთიერთობა. ანალოგიურად - მეფე უყვართ იმიტომ, რომ მეფეა, ელაქუცებიან და მერე მეფე რჩება მარტო, რადგან, პრინციპში, მისგან ითხოვს ყველა. და მას მოსათხოვი სხვებისგან აღარაფერი აქვს. ანალოგიურ მდგომარეობაშია დიდი ფულის პატრონიც.”

დიდი ფული რომ დიდი გამოცდაა - ამას ეკონომისტი სოსო ცისკარიშვილიც ადასტურებს:

[სოსო ცისკარიშვილის ხმა] ”უცებ გამდიდრებული ადამიანი, რასაკვირველია, დიდი სტრესის ქვეშ იმყოფება და წინასწარ პროგნოზირება იმისა, როგორ გამოამჟღავნებს ახალ რეალობაში თავს - ძალიან ძნელია.”

მწერალი და პარლამენტარი დავით ზურაბიშვილი დარწმუნებულია, რომ მოულოდნელი გამდიდრების შემთხვევაში, მისი ცხოვრება დიდად არ შეიცვლებოდა:

[დავით ზურაბიშვილის ხმა] ”მე არა მგონია, რაიმე დიდი ბიზნესი წამომეწყო, რადგან არა მაქვს ამის ნიჭი და არ ვარ ბიზნესმენი. საერთოდ მიკვირს, ადამიანს რომ ბევრი ფული აქვს, რატომ მუშაობს. რადგან ჩემი ძირითადი სამუშაო და საქმე არის წერა, ლაპარაკი, საზოგადოებრივი აქტიურობა - კონკრეტულად ფულის მოხვეჭა ჩემთვის არანაირ ინტერესს არ იწვევს. არის ხალხი, ვისაც ეს აინტერესებს. მე, ალბათ, თავს ძალიან არ მოვიკლავდი. შევეცდებოდი, კარგი ბანკი მომენახა და საბანკო პროცენტით მეცხოვრა. და გავაგრძელებდი ჩემს საქმიანობას - გავაკეთებდი იმავეს, რასაც დღეს ვაკეთებ. თუ არ ჩავთვლით იმას, რომ კიდევ - ვიმოგზაურებდი.”

დავით ზურაბიშვილის მოსაზრებას ეთანხმება სოსო ციკარიშვილიც, რომელიც ამბობს, რომ მოულოდნელად დიდი თანხის ხელში აღმოჩენა არ ნიშნავს, რომ ადამიანი აუცილებლად ბიზნესს წამოიწყებს:

[სოსო ცისკარიშვილის ხმა] მოულოდნელად დიდი ფულის ხელში ჩავარდნის შემთხვევაში, ბიზნესით იწყებს ადამიანი, რომლის ცნობიერებაში ბიზნესი მანამდე იყო რეალიზებული. თუ ადამიანს მანამდე არ ჰქონდა ხელმისაწვდომად კეთილდღეობა, ცხადია, ის იწყებს პირადი წუხილების დაკმაყოფილებას. და ეს ჩვენს ბინათმშენებლობის ბაზარსაც ეტყობა - ვინც რამეს შოულობს, ცდილობს, უპირველეს ყოვლისა, უკანასკნელი ფულითაც კი მოიწყოს საცხოვრისი.”

თბილისელების მინი-გამოკითხვა მართლაც მოწმობს, რომ ბინის შეძენა - ერთერთი ყველაზე ოცნებაა. გარდა ამისა, მოულოდნელად გამდიდრების შემთხვევაში, რესპონდენტებს ასეთი გეგმები აქვთ:

[კაცის ხმა] გავხსნიდი ჩემთვის პატარა კომპანიას, დავასაქმებდი მძღოლებს. თვითომ მძღოლი ვარ და ეს საქმე მესმის.”
[კაცის ხმა] დავეხმარებოდი ახლობლებს, ნათესავებს - ბევრი გაჭირვებულია ირგვლივ. სხვებსაც დავეხმარები. ცხოვრებას ავიწყობ”.
[კაცის ხმა] შემოსავალი ყოველდღიური რომ მქონოდა, ისეთ ბიზნესს (დავიწყებ). დანარჩენი ფულით - გაჭირვებულებს დავეხმარებოდი.
[ჟურნალისტის ხმა] სამოგზაუროდ არ წახვიდოდით?
[კაცის ხმა] წავიდოდი. ეგვიპტეში. ბავარიაში წავიდოდი ლუდის ფესტივალზე. წავიყვანდი მეგობრებს.
[კაცის ხმა] მთავარია, მოვიგოთ მილიონი.

ფეხბურთში ავღანელი ქალები იმედის სხივს ხედავენ

ბიძინა რამიშვილი:
6 წლის წინ, მაშინ, როცა ავღანეთს თალიბები მართავდნენ, შამილა კოჰესტანიმ მუსლიმანი ქალების მთელი სხეულის შესაბური სამოსი – ბურკა – მოისროლა და თალიბების წარმომადგენლის ცემას გაექცა. ამჯერად ახალგაზრდა ქალს სწრაფად სირბილისთვის სულ სხვა მიზეზი აქვს. ეს ფეხბურთია. შამილა კოჰესტანი ავღანეთის ქალთა ეროვნული საფეხბურთო ნეკრების კაპიტანია და მოედანზე გულმოდგინედ დარბის იმისთვის, რომ თავისი ქვეყანა ასახელოს. რით განსხვავდება ფეხბურთი ავღანელი ქალების თავისუფლებისკენ სწრაფვისგან - ლელა კუნჭულია მოგითხრობთ.

ლელა კუნჭულია:
შამილა კოჰესტანის ბურკის ტარება სულ ახალი დაწყებული ჰქონდა, როცა ერთმა თალიბმა მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა – სამოსი ისე რატომ არ გაცვია, როგორც საჭიროაო:

(კოჰესტანის ხმა) "რადგანაც ბურკის ტარება ახალი დაწყებული მქონდა, წესიერად არ ვიცოდი, როგორ უნდა შემებურა მთელი ჩემი სხეული. ერთმა თალიბმა მკითხა – რატომ არ ვმალავდი სხეულის წინა ნაწილს... შემდეგ მან დამარტყა, მე კი, ჩამოვიძრე ბურკა და გავიქეცი."

მას შემდეგ 6 წელიწადი გავიდა... 20 წლის შამილა კოჰესტანი ახლა ავღანეთის ქალთა პირველი ეროვნული საფეხბურთო ნაკრების კაპიტანია. ის და მისი 15 თანაგუნდელი აგვისტოს ბოლოსისლამაბადში იმყოფებოდნენ, პაკისტანის ქალთა საფეხბურთო ლიგის მიერ ორგანიზებულ ტურნირზე. ავღანეთის ეროვნულმა ნაკრებმა 5-დან 3 მატჩი მოიგო და ფინალში ყარაჩის გუნდს დაუპირისპირდა. მართალია ავღანელები დამარცხდნენ, ანგარიშით 0:1, მაგრამ ისინი თავს მაინც ჩემპიონებად თვლიან და სიამაყის გრძნობას არ მალავენ. მატჩს ესწრებოდა შაფიყ ჰამიდი, ისლამაბადში მცხოვრები ავღანელი ლტოლვილი. მისთვის ქალთა ნაკრების დამარცხება გამარჯვების ტოლფასი იყო. "დღეგრძელობა ავღანეთს, დღეგრძელობა ავღანეთს!" – გაჰყვიროდა ჰანმიდი:

(ჰამიდის ხმა) "ჩვენ, ავღანელები ვგრძნობთ სიამაყეს, რომ ჩვენმა გუნდმა სატურნირში მეორე ადგილი დაიკავა. მადლიერი ვარ ღმერთის და ამაყი ვარ, რომ ავღანეთმა სახელი მოიხვეჭა მსოფლიოში."

შამილა კოჰესტანის ანგარიშზე ავღანეთის ნაკრების მიერ ტურნირზე გატანილი 11 გოლიდან 5 მოდიოდა და ამიტომ სწორედ ის მოექცა განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში. "კაპიტანი ჩვენი გუნდის ნამდვილი ვარსკვლავი იყო" – დარწმუნებით აცხადებდა ავღანეთის ქალთა საფეხბურთო ნაკრების მწვრთნელი საბორ ვალიზადა და მას ავღანელი გულშემატკივარიც ეთანხმებოდა.

ავღანელი ფეხბურთელი ქალი მოედანზე გრძელი შარვლით, გრძელმკლავიანი მაისურითა და თავშალით გადის. ეს უცვლელი წესია მიუხედავად ამინდისა – სიცივეშიც და სიცხეშიც. თუმა ეს უკვე მიღწევაა, რადგანაც თალიბანის მმართველობის დროს ქალებს ფეხბურთის თამაში საერთოდ ეკრძალებოდათ. ეს ნებადართული იყო მხოლოდ კაცებისთვის და ისიც ერთი პირობით – მატჩის ტაიმებს შორის შესვენებისას, უნდა ელოცათ როგორც თავად ფეხბურთელებს, ასევე – მაყურებლებს.

თალიბანის რადიკალური ისლამისტური რეჟიმის ბატონობის ხანაში ქაბულელ შამილა კოჰესტანს, ფეხბურთის თამაშის გარდა, სკოლაში სიარულიც ეკრძალებოდა. გოგონას მხოლოდ ოცნების უფლება ჰქონდა:

(კოჰესტანის ხმა) "ჩემს თავს ვეკითხებოდი – კიდევ რამდენ ხანს მომიწევს სახლში მეცადინეობა? კიდევ რამდენ ხანს ვერ გავალ გარეთ და ვერ მივიღებ ნამდვილ განათლებას? შემდეგ მე დავიჯერე, რომ ძველებური სიტუაცია დიდხანს ვეღარ გასტანდა და რომ ერთ დღესაც მე შესაძლებლობა მომეცემოდა წავსულიყავი სასწავლებელში, მეთამაშა ფეხბურთი და გამეკეთებინა ის, რაც მომწონდა."

საჯარო სკოლაში სიარულის ოცნება გოგონას პირველად 2002 წელს აუხდა, მალევე მას შემდეგ, რაც ამერიკული კოალიციის სამხედრო ძალების დახმარებით ავღანეთში თალიბანის რადიკალური რეჟიმი დაემხო. რაც შეეხება ფეხბურთის მოედანზე სირბილს, ამ ოცნების ასასრულებლად შამილას ლოდინი კიდევ 2 წელიწადს მოუწია.

იმისათვის, რომ ფიფასგან დაფინანსება მიეღო, ავღანეთის ფეხბურთის ფედერაციას სპორტის ამ სახეობის დანერგვა ქალთა შორისაც უნდა მოეხერხებინა. მსურველების შეკრების რთული ამოცანა წილად ხვდა საბორ ვალიზადას – ავღანეთის ეროვნული ნაკრების ყოფილ წევრს. ვალიზადამ მომავალი ფეხბურთელების ძებნა-ძიება ქაბულის ქალთა სკოლებში დაიწყო:

(ვალიზადას ხმა) “შევედი საკლასო ოთახში და მივხვდი, რომ გოგონებში ფეხბურთის თამაშის სურვილი საკმაოდ დიდი იყო. ჩემი მისიის ყველაზე ძნელი ნაწილი მათი მშობლების და ოჯახების დაყოლიება იყო. ბევრი ოჯახი თავდაპირველად სასტიკად ეწინააღმდეგებოდა ჩემს შეთავაზებას – გამოეშვა გოგონა ფეხბურთის სათამაშოდ. ასეთთა შორის იყო შამილა კოჰესტანის ოჯახიც. ამჟამად დაახლოებით 500 გოგონას მიეცა შანსი ითამაშოს ფეხბურთი ქაბულში და ჩრდილოეთის 3 პროვინციაში ფარვანში, ჯავზჯანსა და შარე პულში.”

თალიბანის რადიკალური რეჟიმის ხანის დასრულების შემდეგ ავღანელი ქალების ცხოვრება გარკვეულწილად მართლაც შეიცვალა, ყოველ შემთხვევაში – დიდ ქალაქებში. თუმცა უმრავლესობისთვის ყოველდღიურობის ატმოსფერო ისეთივე მწვანე და გაშლილი არ არის, როგორც ფეხბურთის მოედანი შამილა კოპესტანისთვის. ასეთი ადარებენ ავღანელი გულშემატკივრები რეალურ ცხოვრებას ფეხბურთს. და კიდევ ერთი პარალელი:

“ფეხბურთი თამაშის დროს შამილას, მიზნის მიღწევამდე, გოლის გატანამდე, 100 მეტრზე ნაკლები მანძილი აშორებს და ის რბილ, მწვანე მინდორზე დარბის... აი, ნამდვილი თავისუფლების მოსაპოვებელ თამაშში კი, მას და სხვა ავღანელ ქალებს მიზნამდე შესაძლოა 100 წელიწადი აშორებს. თანაც ამ თამაშის მინდორი ურთულესი ბარიერებით არის სავსე” - ასე ხედავს განსხვავებას ფეხბურთსა და ავღანელი ქალების თავისუფლებისკენ სწრაფვას შორის ფატიმა ჰუსეინი, ქაბულის უნივერსიტეტის სტუდენტი, მომავალი იურისტი და ქალთა უფლებების დამცველი აქტივისტი.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG