Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ და რა გზით მოხდა თაბუკაშვილის ქუჩის კორპუსის დემონტაჟი


მესამე დღეა თაბუკაშვილის 50-ში მცხოვრები მოსახლეობა

ხელისუფლებისგან კორპუსის დემონტაჟის გამო მორალურ და მატერიალურ ანაზღაურებას მოითხოვს. თბილისის სააპელაციო სასამართლოში ამ კორპუსის მობინადრეებმა საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა ის გადაწყვეტილება გაასაჩივრეს, რომლითაც ზედამხედველობის სამსახურს დემონტაჟზე უარი არ ეთქვა. დღეს ზედამხედველობის სამსახურში მოსახლეობას განუმარტეს, რომ მათ მხოლოდ შუამავლის ფუნქცია აკისრიათ ინვესტორსა და დაზარალებულებს შორის. შენობის არამდგრადობაზე კამათის ნაცვლად, 26 ოჯახი ინვესტორთან შეხვედრისას უკვე კომპენსაციის ოდენობაზე საუბრობს. მე შევეცადე კორპუსის დემონტაჟთან დაკავშირებული პრობლემები გამერკვია.

სამდღიანი პროტესტის შემდეგ თაბუკაშვილის ქუჩის მოსახლეობა, ვიდრე ინვესტორთან შეხვედრაზე კომპენსაციის ოდენობას გაარკვევს, ხელისუფლებისგან ბოდიშის მოხდას ელოდება. მერია გაურემონტებელი ბინების მეპატრონეებს ერთ კვადრატულ მეტრზე 1 200 დოლარის კომპენსაციას, გარემონტებული ბინების მფლობელებს კი 1 400 დოლარს სთავაზობს. თაბუკაშვილის ქუჩის მობინადრეები დღეს ზედამხედველობის სამსახურში კომპენსაციის საკითხის გასარკვევად დაიბარეს. სამსახურის უფროს ლაშა მაქაცარიასთან მხოლოდ 8 მათგანი - ისინიც ადვოკატისა და ჟურნალისტების გარეშე - შეუშვეს. ზედამხედველობის სამსახურთან შეხვედრაზე გაირკვა, რომ ინვესტორი სამშენებლო ფირმა ”ევორდია”, რის გამოც, შეთავაზებული 1 400 დოლარის ნაცვლად, დაზარალებულები კვადრატულ მეტრში 2 500 დოლარს მოითხოვენ.

,,მოსახლეობამ ხომ იცოდა იმელის შენობა რომ გაიყიდა? ეს რომ ფირმა ”ევორდი” იყო, ანუ კემპინსკი? ახლა გვითხრეს, შეგახვედრებთ ინვესტორს - ,,კაპიტალ - ვოსტოკის” წარმომადგენლებს - დღეს საღამოს ან ხვალ დილითო. მათი პრეროგატივა არ არის ფულადი კომპენსაციის გაცემა ან თანხაზე საუბარი, რა რაოდენობის თანხას მოგვცემენ. ის სახლი კი არის არამდგრადი, მაგრამ მიწა, რომელზედაც სახლი დგას, ჩვენია და ამიტომ, ალბათ, ინვესტორი მიწის ღირებულებას იხდის. 2 300 დოლარიდან იწყება შავი კარკასის ფასები, თვითონ იმ ფირმის ბინებისა, რომელმაც ჩვენ გამოგვასახლა ბინიდან,”- ამბობს ლალი ზამთარაძე.

,,იძახიან, რომ აქ არის შავი კარკასი, მისი ფასი იწყება 2 300 – 2 500 დოლარიდან, მაშინ როცა ჩვენ ევრორემონტიან გაკეთებულ სახლებში გვთავაზობენ კაპიკებს. მინდა ერთი რამეც დავაფიქსირო: მუშები რომ მუშაობდნენ, დემონტაჟის მუშებმა თვითონ აღნიშნეს, ასეთი მდგრადი სახლი და ასეთი მაგარი კედლები, დიდი ხანია, რაც ვმუშობთ და ასეთი წინააღმდეგობა არსად შეგვხვედრიაო,” - აცხადებს თემურ მათითაშვილი.

ზედამხედველობის სამსახურში დაზარალებულებს მხოლოდ ის განუმარტეს, რომ ინვესტორსა და მოსახლეობას შორის მათ შუამავლის ფუნქცია აკისრიათ. მეგი კუხალაშვილისათვის ბევრი რამ ჯერ კიდევ გაურკვეველია:

,,დიდი პატივი არ არის, 300 კვადრატული ბინები დაგვაცლევინეს და ოთახ-ნახევრიან ბინას ქირაობენ ერთი წლით. ერთი წლით რატომ, ეს გაუგებარია კიდევ. დამინგრიეს გარემონტებული ბინა? მომცენ ზუსტად ამ ტერიტორიის რადიუსში, ახლომახლო, იგივე ალტერნატიული ფართობი. თუ ურემონტო იქნება, რემონტის ფული დამიმატონ, თუ არადა, გარემონტებული ბინა ჩამაბარონ. ისეთი დანაშაული ჩაიდინა სახელმწიფომ ჩვენს წინაშე, რომ ჯობია როგორმე გამოისყიდოს.”

შექმნილი მდგომარეობის მიუხედავად, მერიაში მიაჩნიათ, რომ ხელისუფლება კანონიერად მოქმედებს. ლევან ემხვაია დაზარალებულებს ინვესტორთან მოლაპარაკებას ურჩევს:

,,ჩვენ თავიდანვე კანონის ფარგლებში ვმოქმედებდით და დარწმუნებული ვიყავით ჩვენს სიმართლეში. სასამართლომაც შესაბამისი გადაწყვეტილება გამოიტანა. გასაჩივრების უფლება ჩვენს ქვეყანაში ჯერჯერობით არ გაუუქმებიათ. მოსახლეობაც ხვდება, რომ ინვესტორთან მოლაპარაკება უფრო უპრიანია, რადგან გასაჩივრებით ნაკლებ შედეგს მიიღებს.”

შენობის არამდგრადობის გამო დანგრეული 13 სართულიანი შენობიდან დაზარალებულებმა ავეჯის გატანა დღეს უნდა დაასრულონ. მოსახლეობა ამბობს, რომ ნივთების უმრავლესობა დაზიანებულია. ვანო ადამაშვილი უფლებების დაცვას ყველა დონეზე აპირებს:

,,ამხანაგობა არის შეკრული ერთ მუშტად, ინფორმაციები სხვადასხვანაირი ვრცელდება. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, ყველა არის ერთ აზრზე. ბრძოლა იქნება ბოლომდე. ჩვენ ჩვენს პოზიციებს არც ერთ შემთხვევაში არ დავთმობთ. თუ ჩვენ სამართალს ჩვენს ქვეყანაში ვერ ვიპოვით, ეს ბრძოლა ევროპის სასამართლოში გაგრძელდება.”

მოსახლეობის მოთხოვნებს განმუხურიდან დღესვე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე, რომელმაც დაზარალებულთა მოთხოვნებს რეალური უწოდა. მან ისიც განმარტა, რომ შენობა უსაფრთხოების ნორმების დარღვევით იყო აშენებული და მისი დანგრევა ამიტომ გადაწყდა:

,,რეალურად ბინა ავარიულად საშიშ მდგომარეობაში იმყოფებოდა. მე ამ ადამიანების ძალიან კარგად მესმის, მესმის მათი წუხილი, მაგრამ მათ სწორად უნდა გაიგონ, რომ ისინი რეალური საფრთხის ქვეშ იმყოფებიან და, რაც ყველაზე მთავარია, ვიცი, რომ უკვე ადეკვატურ კომპენსაციას სთავაზობენ. ის კომპენსაცია, რაც ადრე იყო, მეც ვთვლიდი, რომ არ იყო საკმარისი, ჩვენ გვქონდა საუბარი ლამის პრეზიდენტის დონეზე და ახლა ვთვლი, რომ კომპენსაცია არის ნამდვილად სამართლიანი.”









XS
SM
MD
LG