Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინის ყოველწლიურმა პრესკონფერენციამ მნიშვნელოვანი სიურპრიზების გარეშე ჩაიარა


2001 წელს ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ პუტინმა ყოველწლიურ რიტუალად აქცია პრესკონფერენციები, რომლის ერთი ნიმუშიც გუშინ მოსკოვში ვიხილეთ.

წელს პრესკონფერენციას 1200-ზე მეტი ჟურნალისტი დაესწრო. თემათა სპექტრი, რომელსაც რუსეთის პრეზიდენტი შეეხო, მრავალფეროვანი იყო - ენერგეტიკული უსაფრთხოებიდან და რუსეთში მოახლოებული საპრეზიდენტო არჩევნებიდან, ცუდი გუნება-განწყობის გაუმჯობესების მეთოდებამდე.

ხალხმრავალი პრესკონფერენციების გამართვის ტრადიცია სათავეს ყოფილი პრეზიდენტის, ბორის ელცინის პერიოდიდან იღებს. თუმცა, ეს ღონისძიება ჭეშმარიტად მასშტაბურ სანახაობად მისმა შემცვლელმა, ვლადიმირ პუტინმა გადააქცია. წელს თავისებური რეკორდიც კი დამყარდა - 3,5 საათის განმავლობაში გაგრძელებულ პრესკონფერენციაზე 1232 ჟურნალისტი იყო აკრედიტებული. ღინისძიების პირველი ნახევარი სახელმწიფო ტელევიზიის ორი არხით პირდაპირ ეთერში გადაიცა.

რადიოსადგურ ”ეხო მოსკვის” მთავარი რედაქტორი, ალექსეი ვენედიქტოვი თვლის, რომ ამ ყოველწლიურ პრეს-კონფერენციებს ჟურნალისტებისა და რიგითი მოქალაქეების გარდა, თვალს ყურადღებით სხვებიც ადევნებენ:

[ვენედიქტოვის ხმა]: ”ჩემი აზრით, ეს პრეს-კონფერენციები ბევრისთვის - მათ შორის, სახელმწიფო ჩინოვნიკებისთვის - განმსაზღვრელია. ამ პრეს-კონფენრენციების გზით, პუტინი აბსოლუტურად განსხვავებული საკითხების ირგვლივ მთელი წლის ხედვას აყალიბებს. ის, როგორც ამბობენ ხოლმე, სიგნალებს გზავნის - მიმართავს რუსეთის ბიუროკრატიას და უცხოელ პარტნიორებს თუ ოპონენტებს. ეს კი ძალიან მნიშვნელოვანია”.

პრეს-კონფერენცია პუტინს პოლიტიკაზე ლაპარაკის გარდა, სტატისტიკის დეტალური ცოდნისა და რთულ შეკითხვებზე თავის არიდების უნარის დემონსტრირების საშუალებას აძლევს. წინა წლების მსგავსად, პუტინმა გამოსვლა ამჯერადაც რუსეთის ეკონომიკის მდგრადი ზრდის ამსახველი სტატისტიკური მონაცემებით დაიწყო.

მთლიანობაში, მწარე ენით ცნობილი პუტინი ამჯერად შემრიგებლურ ტონალობას დასჯერდა, რაც ბევრმა ანალიტიკოსმა რუსეთის შელახული იმიჯის გამოსწორების მცდელობად აღიქვა. პრეზიდენტმა აღიარა, რომ რასიზმის ნიადაგზე ჩადენილ დანაშაულთა აღკვეთისთვის რუსეთის მთავრობას მეტის გაკეთება შეუძლია; ამასთან, მან თავი აარიდა იმ სირთულეების ხაზგასმას, რომლებიც რუსეთს საგარეო პოლიტიკაში აქვს - მაგალითად, ბელორუსიასთან და საქართველოსთან ურთიერთობაში.

პუტინმა პრეს-კონფერენციაზე დადებითად ისაუბრა გასული წლის ოქტომბერში მოკლულ ჟურნალისტ ანა პოლიტკოვსკაიაზე - მაშინ, როდესაც უშუალოდ მკვლელობის შემდეგ გაკეთებულ განცხადებებში პუტინი პოლიტკოვსკაიას გავლენის დაკნინებას ცდილობდა.

მოსკოვში განთავსებული ანალიტიკური ცენტრის, ”ექსპერტიზის” დირექტორი მარკ ურნოვი თვლის, რომ პუტინის ამაღლებული განწყობილება და ოპტიმისტური ტონი შესაძლოა საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების მოახლოებამ განაპირობა. ეს ტიპური წინასაარჩევნო გამოსვლა იყო და არა პრეს-კონფერენციაო, - ამბობს პოლიტოლოგი და აღნიშნავს, რომ მთელი ღონისძიების პათოსი სწორედ ამიტომ იყო დადებითზე, წარმატებაზე აგებული. მწვავე თემებს კი ნაკლები ყურადღება მიექცაო, - ამბობს ურნოვი და მაგალითად მოჰყავს საქართველოსთან გართულებული ურთიერთობის პრობლემა: [ურნოვის ხმა]: ”საქართველოს საკითხი ასეთი ფორმით დადგა - დიახ, ჩვენ გვაქვს გარკვეული პრაქტიკული სირთულეები, რომელთა გადალახვაზეც ვმუშაობთ და ვითარების ნორმალიზაციისთვის ყველაფერს ვაკეთებთ. დასავლეთთან ურთიერთობის საკითხს რაც შეეხება, ერთმა ამერიკელმა ჟურნალისტმა განაცხადა, 1985 წლის შემდეგ ამ მხრივ ახლა ყველაზე უარესი მდგომარეობააო. პრეზიდენტმა, რასაკვირველია, თავი აარიდა ამ საკითხზე კომენტარის გაკეთებას”.

თუმცა უცხოეთის მხრიდან რუსეთის კრიტიკას პუტინმა მაინც მწვავედ უპასუხა. მან გადაჭრით უარყო ბრალდება, რომ რუსეთი ენერგეტიკას პოლიტიკურ იარაღად იყენებს: სხვა ქვეყნებში ეკონომიკის სუბსიდირება სულაც არ გვევალებაო, - განაცხადა პუტინმა.

როგორც მოსალოდნელი იყო, პუტინს მისი პრეზიდენტობის ვადის ამოწურვის შემდგომ პერსპექტივებზეც დაუსვეს შეკითხვები. პუტინის თქმით, მომავალი პრეზიდენტი მისი ”შემცვლელი” კი არა, დემოკრატიული არჩევნებით, ხალხის ნებით მოსული ფიგურა იქნება.

კარნეგის ცენტრის მოსკოვის წარმომადგენლობაში მუმუშავე ანალიტიკოსი, მარშა ლიპმანი, პუტინი პრესკონფერენციას ასე აფასებს: [ლიპმანის ხმა]: ”ამ მოვლენას ვიწრო გაგებით პრეს-კონფერენციას ვერ ვუწოდებთ. პრეს-კონფერენცია იმ არსენალის ნაწილია, რომელსაც ჟურნალისტები მიმართავენ, რათა მთავრობა ანგარიშვალდებული გახადონ საზოგადოების სახელით. იმ ფორმატში, რომელიც ამ ყოველწლიური ღონისძიებისას გამოიყენება - და რომელსაც მე უფრო ქვეყნის ლიდერის გალა-პრეზენტაციას დავარქმევდი - შეუძლებელია შეკითხვების დასმა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე, იმიტომ რომ ეს მხოლოდ წელიწადში ერთხელ ხდება და ამას, უბრალოდ, ზედმეტად ბევრი ადამიანი ესწრება”.

მართლაც, კონფერენცია პუტინს საშუალებას აძლევს პრეზიდენტის იმიჯი წარმოაჩინოს, როგორც ღია, კომპეტენტური და შარმიანიც კი. თავდაჯერებული პუტინი პრეს-კონფერენციაზე ბევრს ხუმრობდა და ქალ ჟურნალისტებს ეარშიყებოდა კიდეც - ამას კი ჟურნალისტები სიცილითა და აპლოდისმენტებით პასუხობდნენ. ერთ-ერთი ქალი ჟურნალისტის მიპატიჟებას ქალაქ მურმანკსში პუტინმა კოკეტურად, შეკითხვით უპასუხა - "ეს დაპატიჟება პირადი ხასიათის თუაო?".

ჟურნალისტებმა ისიც შეიტყვეს, რომ ცუდ გუნებაზე მყოფი პუტინი შვებას თავის ლაბრადორის ჯიშის ძაღლთან თამაშში, ან ომარ ხაიამის პოეზიის კითხვაში ეძებს.
  • 16x9 Image

    სალომე ასათიანი

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან. მუშაობს კულტურისა და პოლიტიკის თემებზე. არის ავტორი პოდკასტისა "ასათიანის კუთხე“, რომელიც ეხება ლიტერატურას, კინოს, მუსიკას, კულტურის ისტორიას, ფსიქოანალიზს, ფემინიზმის საკითხებს და იდეების ისტორიას.

XS
SM
MD
LG