Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხელისუფლება გიორგაძის მომხრეების დაკავებას განაგრძობს, ნიკოლეიშვილი კი აღიარებით ჩვენებას იძლევა


“ანტისოროსის” ერთ-ერთ ლიდერს, მაია ნიკოლეიშვილსა, და პროკურატურას შორის საპროცესო გარიგება შედგა.

მან, გირაოს სახით, 10 000 ლარი უნდა გადაიხადოს. ნიკოლეიშვილის ამ გადაწყვეტილებას პოლიტიკური მოძრაობა ,,იმედი”-ს თავმჯდომარე ირინა სარიშვილი პიროვნულ სისუსტედ აღიქვამს და ხელისუფლებას რევოლუციას უწინასწარმეტყველებს. შინაგან საქმეთა მინისტრი ამის პარალელურად გიორგაძის კიდევ ერთ თანამოაზრეს აკავებს.

“ანტისოროსის” ლიდერი მაია ნიკოლეიშვილი თავისუფლების სანაცვლოდ აღიარებით ჩვენებას იძლევა და სასამართლო დარბაზს ისე ტოვებს, კომენტარს არ აკეთებს. მისი განცხადებით, იგი 4 მაისს მონარქისტულ-კონსერვატიული პარტიის შეკრებას ესწრებოდა, სადაც ამბოხების კონკრეტულ გეგმებზე მსჯელობდნენ. მისივე თქმით, ეს გეგმა მაია თოფურიას იგორ გიორგაძემ მიაწოდა.

,,თანხმობა განვაცხადე - ვთქვი, რომ მისაღები იყო გეგმა. გეგმის მიხედვით, უნდა მენახა 100-მდე სანდო ადამიანი, რომლებიც იყვნენ ჩვენს რიგებში, უნდა შემეთავაზებინა 3 ათასიდან 5 ათას დოლარამდე თანხა, რომ მათ შემდეგ უკვე შეიარაღებულ მოქმედებებში მიეღოთ მონაწილეობა. მე დამირეკა მაია თოფურიამ.”

ნიკოლეიშვილის განცხადებით, ამ სხდომას ირინა სარიშვილი და ელიზბარ ჯაველიძეც ესწრებოდნენ, თუმცა ისინი გეგმას არ დაეთანხმნენ. ბრალდების მხარემ მისთვის 10 000 ლარის გადახდა მოითხოვა. სასამართლომ ეს მოთხოვნა დააკმაყოფილა. ნიკოლეიშვილმა თანხა 13 სექტემბრამდე უნდა გადაიხადოს. ირინა სარიშვილი ნიკოლეიშვილის აღიარებით ჩვენებას პიროვნულ სისუსტეს უწოდებს და ყველა სახის შეთქმულებაში მონაწილეობას კატეგორიულად უარყოფს. სარიშვილი იმასაც აცხადებს, რომ მასზე კონტროლი გამკაცრდა. იგი შიშობს, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება.

[სარიშვილის ხმა] ,,თუ ეს ხელისუფლება ამტკიცებს, რომ 4 მაისს ეს შეხვედრა შედგა, ჩვენ რაც არ უნდა გავჩუმებულიყავით, ნებისმიერი ჩვენგანი ვალდებული იყო განეცხადებინა სახელმწიფო სტრუქტურებისთვის, რომ ქვეყანაში ასეთი საშიშროება მზადდება. ამიტომ ყველას მივმართავ, ამ შემთხვევაში ხელისუფლებას, პირველ რიგში, რატომ არ გვაპატიმრებთ მე და ბატონ ელიზბარ ჯაველიძეს, რომლებმაც მოვისმინეთ ეს ყველაფერი და, თუნდაც თქვენი ყალბი ჩვენებიდან გამომდინარე, არ დავეთანხმეთ ამას? ამ ქვეყანაში რევოლუცია, სამწუხაროდ, გარდაუვალია.”(სტილი დაცულია)

ვიდრე პოლიტიკური მოძრაობა ,,იმედისა” და იგორ გიორგაძის საქველმოქმედო ფონდის თავმჯდომარე კატეგორიულად უარყოფს სახელმწიფო გადატრიალებაში ბრალდებულ მაია ნიკოლეიშვილის აღიარებით ჩვენებაში მოყვანილ ფაქტებს, ძალოვანები გიორგაძის კიდევ ერთ მომხრეს აკავებენ. ჭუმბურიძე ნაციონალური ოფისის აფეთქებას გეგმავდა.

[ჭუმბურიძის ხმა] ,,სად მუშაობდით? - კონტრდაზვერვაში ვიყავი...მერე უშიშროებაში.... არაფერი არ მაქვს.
- კონტრდაზვერვაში ვისთან მუშაობდი, ვინ გყავდა უფროსი?
- გიორგაძე იგორი..
- რომელ განყოფილებაში იყავი?
- ალფაში.”

შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის განცხადებით, ჭუმბურიძე ბოლო დროს პარტია ,,სამართლიანობისა” და იგორ გიორგაძის მამის ,,კომუნისტური პარტიის” აქტიური წევრი იყო.დაკავებისას ეჭვმიტანილს დიდი რაოდენობით ასაფეთქებელი ნივთიერება ტროტილი აღმოაჩნდა.

[მერაბიშვილის ხმა] ,,როდესაც უშიშროების სამინისტროში მსახურობდა, იგი ცნობილი იყო როგორც ,,ალფას” სპეცნაზის წევრი. ჩვენ თვალყურს ვადევნებდით ყველა იმ შესყიდვებს, რომელსაც იგი ახორციელებდა.”

6 სექტემბერს, მთელი საქართველოს მასშტაბით ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, 29 ადამიანი დააკავეს ხელისუფლების დამხობის მიზნით შეთქმულების ბრალდებით. აქედან 12 მათგანს სასამართლომ 2 თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
XS
SM
MD
LG