Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

წინასაარჩევნოდ პარტიები ერთიანდებიან


7 სექტემბერს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში პარტიების ბლოკებად გაერთიანება დასრულდა.

ერთადერთი განაცხადი ცსკო-ში კონსერვატორებმა და რესპუბლიკელებმა შეიტანეს და 5 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში დავითაშვილი-ხიდაშელი-ბერძენიშვილის სახელით მიიღებენ მონაწილეობას. ზვიად ძიძიგურს გული სწყდება, რომ სუბიექტური მიზეზების გამო ოპოზიციის გაერთიანება ვერ მოხერხდა. ლეიბორისტები აცხადებენ, რომ მათთვის სხვა პარტიებთან ერთ ბლოკში გაერთიანება მიუღებელია, რადგან პარტიების ერთობა ხალხის მოტყუებას გულისხმობს. 7 პარტია და ერთი საარჩევნო ბლოკი გამარჯვებისთვის იბრძვის.

ოპოზიციის გაჭიანურებული კონსულტაციები უშედეგოდ დასრულდა. ისინი ვერც საერთო კანდიდატზე შეთანხმდნენ და ვერც გაერთიანება მოახერხეს. პარტიების ერთი ნაწილი თუ ბოიკოტისაკენ იხრებოდა, მეორე ნაწილი გაერთიანებას ფიქრობდა. იმ ლოგიკით, რომ კანონმდებლობა არ ვარგა და ხელისუფლება ადმინისტრაციულ რესურსებს იყენებს, ჯობია არჩევნებში მონაწილეობა საერთოდ არ მიიღო და ბოიკოტი საპარლამენტო არჩევნებსაც გამოუცხადო, რადგან არც მაშინ შეიცვლება რაიმე, -აცხადებს ბლოკ ,,დავითაშვილი-ხიდაშელი-ბერძენიშვილი”-ს წარმომადგენელი ზვიად ძიძიგური და ასეთ პირობებში არჩევნებში მონაწილეობის მიღებას გაბედულებად აფასებს:

[ძიძიგურის ხმა] ,,ჯობდა, რომ უფრო დიდი გაერთიანება შემდგარიყო, მაგრამ ეს ამბავი, სამწუხაროდ, არ გამოვიდა მთელი რიგი სუბიექტური მიზეზების გამო და ამიტომ მწყდება გული, თორემ როცა ობიექტური მიზეზებია და შენზე არ არის დამოკიდებული, უფრო ნაკლებად არის ხოლმე სამწუხარო. ჩვენ და რესპუბლიკელებმა გადავწყვიტეთ, რომ არ არის ჩვენი საქმე წუწუნი, არ არის ჩვენი საქმე უკანდახევა და ჩავერთეთ ამ ბრძოლაში.”(სტილი დაცულია)

ახალი ბლოკი, გამარჯვების შემთხვევაში, ბიუჯეტის გაკონტროლებითა და ამომრჩევლის შეკვეთების შესრულებით დაკავდება. ბლოკებად გაერთიანების წინააღმდეგია ლეიბორისტული პარტია, რომელსაც, სხვა პარტიებისგან განსხვავებით, არჩევნებში მონაწილეობის დიდი გამოცდილება აქვს. გიორგი გუგავა კიდევ ერთხელ ხაზგასმით შენიშნავს, რომ ოპოზიციასთან გაერთიანება მათ მხოლოდ არჩევნების ბოიკოტირებისათვის სურდათ. სხვა შემთხვევაში ყველანაირი გაერთიანება შრომის პარტიისთვის მიუღებელია:

[გუგავას ხმა] “ ‘მრგვალი მაგიდა’ სწორედ ვინც გაიყვანა უზენაეს საბჭოში, მაშინდელში, სწორედ მათმა უღალატეს. იგივე მოქკავშირი გავიხსენოთ. ეს ხომ გაერთიანება იყო. ასევე დაიშალა და დაასამარა ქვეყნის ინტერესები და დააქცია ხალხი. გაიხსენეთ აღორძინება, ნეომოქკავშირი - ნაციონალური მოძრაობა, ესეც ბლოკი გახლდათ, რომელსაც გამოეყო შემდეგ კონსერვატორები, რესპუბლიკელები. ეს არის საუკეთესო საშუალება პირადი წარმატების მიღწევისა,მაგრამ ეს არის დამანგრეველი ქვეყნისათვის და ეს არის კლასიკური მაგალითი მოსახლეობის მოტყუებისა.”(სტილი დაცულია)

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში მესამედ ტარდება. 1998 წელს 12 პარტია და 2 ბლოკი ეცილებოდა ერთმანეთს პირველობას. უფრო შთამბეჭდავად გამოიყურება 2002 წლის 2 ივნისის საარჩევნო სუბიექტების სია: 7 ბლოკი და 14 პოლიტიკური პარტია თუ მოძრაობა ძალთა გადანაწილებას სხვადასხვა ხერხებით ცდილობდა. რევოლუციის შემდეგ საქართველოში პოლიტიკოსები ჯერ არჩევნების ბოიკოტირებას აპირებდნენ. ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში განაცხადთა საბოლოო რაოდენობაზე გურამ ჩალაგაშვილი საუბრობს:

[ჩალაგაშვილის ხმა] ,,რესპუბლიკელები და კონსერვატორები დაბლოკდნენ. ჩვენ გვაქვს, საერთო ჯამში, 9 სუბიექტი და ახლა უკვე იქნება 7 პარტია და 1 საარჩევნო ბლოკი.”(სტილი დაცულია)

არჩევნების მოსალოდნელ შედეგებზე ახალი გაერთიანება ხმამაღლა არ საუბრობს. მას, ისევე როგორც დანარჩენ პოლიტიკურ პარტიებს, მოსახლეობის მხარდაჭერის იმედი აქვს.
XS
SM
MD
LG