Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის სენატორთა დელეგაცია ყოველმხრივ დახმარებას ჰპირდება საქართველოს


აშშ-ის სენატორთა დელეგაცია, ჯონ მაკკეინის ხელმძღვანელობით, მესამე დღეა საქართველოში იმყოფება. ამ ხნის განმავლობაში მასპინძელ მიხეილ სააკაშვილთან ერთად

მათ მცხეთის ახლად გარემონტებული შენობა გახსნეს, ეწვივნენ გორს, საიდანაც მაკკეინმა მოულოდნელად ცხინვალში ვიზიტი გადაწყვიტა. "აშშ-ის მომავალი პრეზიდენტი", როგორც მას მიხეილ სააკაშვილი უწოდებს, დე ფაქტო პრეზიდენტს ედუარდ კოკოითისა და მის წარმომადგენლებს შეხვდა. მაკკეინის განცხადებით, ვიზიტის მიზანი პრობლემების ახლო გაცნობა იყო. ამის შემდეგ იგი აჭარასა და უშგულს სტუმრობდა. დღეს კი საქართველოს პრეზიდენტს, აშშ-ის სენატორთა დელეგაციასთან ერთად, ქუთაისში ელოდებოდნენ. თუმცა, ამაოდ - ვიზიტის პროგრამა გაურკვეველი მიზეზით შეიცვალა.

სენატორ ლუგარის შემდეგ საქართველოს სტუმრობს უკვე სენატორთა მთელი ჯგუფი, რომელსაც სათავეში ჯონ მაკკეინი უდგას. როგორც საქართველოს ხელისუფლება და ექსპერტები აცხადებენ, ვიზიტი განპირობებულია ამერიკის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, აქტიური როლი ითამაშოს კონფლიქტების დარეგულირების საკითხში. ლუგარმა დააყენა საკითხი როკის გვირაბის გაკონტროლების შესახებ, - აცხადებს საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე კოტე გაბაშვილი და იმედოვნებს, რომ სენატორთა ვიზიტებს ჩვენს ქვეყანაში კარგი შედეგები მოჰყვება:

[გაბაშვილის ხმა] "ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რამე, იმიტომ რომ მაკკეინი არის უკიდურესად ძლიერი ფიგურა, მე ვიტყოდი აგრეთვე, პრაქტიკულად დემოკრატიის მზომელი ამერიკის პოლიტიკაში. ამიტომ მისი ჩამოსვლა სხვა კოლეგებთან ერთად ნიშნავს - მით უმეტეს, თუ შევხედავთ, რომ ეს ლუგარის ვიზიტის შემდეგ მოხდა, პირდაპირ მიდევნებულად, - პრაქტიკულად უკვე ინტენსიურ, აქტიურ მუშაობას ამერიკელი სენატორებისა საქართველოს საკითხებზე, განსაკუთრებით კონფლიქტების მოგვარებასთან დაკავშირებით. ხომ ხედავთ, ლუგარმა დააყენა საკითხი როკის გვირაბის აუცილებლად გაკონტროლების შესახებ, რაც პრაქტიკულად გასაღების საკითხია იმისათვის, რომ კონფლიქტი ცხინვალში გადაიჭრას." (სტილი დაცულია)

სენატორებს თავად საქართველოს პრეზიდენტი მასპინძლობს. მიხეილ სააკაშვილი არ გამორიცხავს, რომ საქართველო შეიძლება ამერიკის მომავალ პრეზიდენტს მასპინძლობდეს, მაკკეინის სახით. ქვეყნის პირველმა პირმა ისიც აღნიშნა, რომ მაკკეინი იყო ერთ-ერთი იმ ხუთიდან, ვინც საქართველოს სასამართლო რეფორმას მხარი დაუჭირა. ვიზიტის მეორე დღეს მაკკეინმა მოულოდნელად ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებასთან შეხვედრა გადაწყვიტა. ედუარდ კოკოითთან და მის წარმომადგენლებთან საუბარმა დაახლოებით ნახევარ საათს გასტანა. ქართველი ჟურნალისტებისთვის კომენტარი არავის გაუკეთებია. რადიო ,,თავისუფლების” გორელი კორესპონდენტი გოგა აფციაური შეხვედრის დეტალებზე ჰყვება:

[გოგა აფციაურის ხმა] "შეხვედრაზე ჯონ მაკკეინმა ხაზი გაუსვა ეუთოს როლს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოწესრიგების საკითხებში, ხოლო თვითაღიარებული რესპუბლიკის ლიდერმა კოკოითმა სამშვიდობო მოლაპარაკებების შეცვლის წინააღმდეგ გააკეთა განცხადება. ამ შეხვედრის დასრულების შემდეგ ამერიკელმა სენატორმა ჯონ მაკკეინმა ოსი ჟურნალისტების კითხვებზე უპასუხა. კითხვაზე, კოსოვოს დამოუკიდებლობას თუ აღიარებს მსოფლიო, იქნება თუ არა ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან მზადყოფნა, რომ აღიაროს სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა, ჯონ მაკკეინმა უპასუხა, რომ ეს ფაქტი მისთვის გასაოცარი იქნებოდა.” (სტილი დაცულია)

სენატორების ვიზიტი მიანიშნებს იმას, რომ ამერიკის ხელისუფლებამ აქტიური ზრუნვა დაიწყო საქართველოს პრობლემების მოსაგვარებლად. შეერთებული შტატები აცნობიერებს, რომ საქართველოს კურსის შეუქცევადობისთვის მხარდაჭერა სჭირდება, - აცხადებს ექსპერტი არჩილ გეგეშიძე და ჯერ ლუგარის, შემდეგ კი მაკკეინის ვიზიტს უკიდურესად მნიშვნელოვანს უწოდებს. გეგეშიძე ისტორიულ მაგალითებზე დაყრდნობით იმედოვნებს, რომ, აშშ-ის მხრიდან მსგავსი ყურადღების შემთხვევაში, რუსეთი საქართველოსთან ურთიერთობას კიდევ ერთხელ გადახედავს:

[გეგეშიძის ხმა] "ჯერ სენატორ ლუგარის, შემდეგ კი მაკკეინის მიერ გაკეთებულ განცხადებებს თუ გავაანალიზებთ, დავინახავთ, რომ ძალიან სერიოზული გზავნილებით ჩამოვიდნენ ესენი საქართველოში, რაც ცხადად მიუთითებს იმაზე, რომ შეერთებულ შტატებში აშკარად სხვა, თვისებრივად მაღალ ხარისხში ადის საქართველოს მხარდაჭერის საკითხი. მე ვფიქრობ, რომ თუ ეს კურსი გაგრძელდა და კიდევ უფრო ინტენსიური გახდა, მაშინ ეს აუცილებლად გამოიღებს შედეგს, იმიტომ რომ თუ რაიმე კონკრეტულ საკითხში დასავლეთი, ზოგადად, და ამერიკის შეერთებული შტატები, კერძოდ, იჩენს განსაკუთრებულ ინტერესს და ამას აგრძნობინებს რუსეთს, რუსეთი, საბოლოო ჯამში, თმობს პოზიციებს.” (სტილი დაცულია)

საქართველოს პრეზიდენტს შეერთებული შტატების სენატორთა დელეგაციასთან ერთად დღეს ქუთაისშიც ელოდებოდნენ, თუმცა იმერეთში ვიზიტი არ შედგა. სენატორთა სამდღიანი მოგზაურობის მთავარი დეტალი მაინც დე ფაქტო ხელისუფლებასთან შეხვედრა იყო, -მიაჩნიათ ექსპერტებს. მაკკეინის განცხადებით, ცხინვალში ჩასვლის მიზანი საქართველოს იმ რეგიონის ახლოს გაცნობაა, რომელიც ,,გარკვეულ პრობლემებს იწვევს”.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG