Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისელი მოხუცები პენსიას სტაჟისა და დამსახურების მიხედვით მიიღებენ


თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილებით, პენსიონერები სექტემბრის თვიდან პენსიას სტაჟისა და დამსახურების მიხედვით მიიღებენ.

ამის შესახებ განცხადებას თბილისის ჯანდაცვისა და სოცუზრუნველყოფის სამსახურის უფროსი აკეთებს. მამუკა ქაცარავას მიაჩნია, რომ სექტემბრიდან ისედაც 38 ლარამდე გაზრდილი პენსია 2-დან 10 ლარამდე კიდევ გაიზრდება. თბილისელი პენსიონერები ამ გადაწყვეტილებას მიესალმებიან, თუმცა ხელისუფლებას სთხოვენ, რომ პენსიის გაზრდას პირველადი მოხმარების საგნებზე ფასების აწევა არ მოჰყვეს.

ის ფაქტი, რომ თბილისელი მოხუცები სექტემბრის თვიდან პენსიას სტაჟისა და დამსახურების მიხედვით მიიღებენ, მათთვის უკვე დიდი ხანია ცნობილია. თბილისის მერიამ საინფორმაციო წერილები გაუგზავნა პენსიონერებს და აღნიშნული სიახლის შესახებ თავად შეატყობინა. თანხა მხოლოდ იმ პენსიონერებს ემატებათ, რომლებიც პენსიაზე ასაკის გამო გავიდნენ და მუშაობის გარკვეული სტაჟიც აქვთ. თბილისის ჯანდაცვისა და სოცუზრუნველყოფის საქალაქო სამსახურში მონაცემები ჯერ კიდევ მუშავდება და ყველა იმ პენსიონერის მონაცემთა ბაზაში, რომელიც პრეტენზიითა და სათანადო დოკუმენტაციით მიმართავს სპეციალურად შექმნილ კომისიას 24 აგვისტოდან 10 სექტემბრამდე, შესაძლებელია, ცვლილებებიც განხორციელდეს. მამუკა ქაცარავა საზოგადოებას პროცენტულ მაჩვენებელს სთავაზობს:

[მამუკა ქაცარავას ხმა] "5 წლამდე სტაჟის მქონე პირებს ეზრდებათ 2 ლარით, 5-დან 15 წლამდე პენსიონერებს - 4 ლარით და 25 წლის ზემოთ მქონე პირებს გაეზრდებათ 10 ლარით. 10 ლარით ეზრდება პენსიონერთა 65%-ს, 30%-ს - 7 ლარით, 5 %-ს - 4 ლარით და მხოლოდ 85 პენსიონერია, ვისაც ეზრდება 2 ლარით. რამდენადაც მატება იწყება 1 სექტემბრიდან, ჩვენ ყველანაირად მოვასწრებთ ეს ცვლილებები შევიტანოთ მონაცემთა ბაზაში და, შესაბამისად, ბიუჯეტში არის ყველანაირი რესურსი იმისათვის, რომ, თუ იქნება ცვლილებები, ჩვენ ეს ნამატი გავაკეთოთ.” (სტილი დაცულია)

პენსია ასევე მოემატებათ ჩერნობილის კატასტროფის მონაწილეებს 3 ლარით, ხოლო პირველი ჯგუფის ინვალიდებს, ობოლ და მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს - 5 ლარით. ეს ცვლილებები საქართველოს მასშტაბით განხორციელდება. სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ხელმძღვანელის ზაზა სოფრომაძის განცხადებით, ეს არ არის პენსიის მომატება, ეს არის დანამატი დამსახურების მიხედვით. თბილისელებისთვის თანხა ქალაქის ბიუჯეტიდან გამოიყო, ფინანსთა სამინისტროში კი მიმდინარეობს მუშაობა იმისათვის, რომ 2007 წლის იანვრიდან პენსია რეგიონის მოხუცებსაც გაეზარდოთ და იგი ცენტრალური ბიუჯეტიდან დაფინანსდეს.

[ზაზა სოფრომაძის ხმა] "უკვე მუშაობენ ჩვენი რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელები ამ საკითხებზე. ეს მუშაობა გაგრძელდება მთელი წლის განმავლობაში. 10 სექტემბრამდე, ბუნებრივია, ალბათ, ძირითადი მასა მოვა პენსიონერების. თუ ვინმე მერეც წარმოადგენს თავისი სტაჟის დამადასტურებელ ობიექტურ ინფორმაციას, ეს გათვალისწინებული იქნება მისი დანამატის დაანგარიშების დროს. ყველა პენსიონერი მინდა დავამშვიდო: არც ერთი მათი განცხადება, არც ერთი მათი მომართვა არ დარჩება შესაბამისი რეაგირების გარეშე. რესურსი არის აბსოლუტურად საკმარისი."

სოცდაზღვევის ერთიან სახელმწიფო ფონდში 4 თვის შემდეგ პენსიის დაკლებას კატეგორიულად გამორიცხავენ, თუმცა იმასაც ვარაუდობენ, რომ, შესაძლოა, თანხის მომწოდებელი წყარო იანვრიდან შეიცვალოს. ხელისუფლების ამ გადაწყვეტილებით კმაყოფილია მოსახლეობა, თუმცა მოხუცები აღნიშნავენ, რომ, პროდუქტზე ფასების გაზრდის შემთხვევაში, პენსიის 2-დან 10 ლარამდე მომატებას აზრი ეკარგება.

[პენსიონერების ხმა] "მე 20 წლის სტაჟი მქონდა, უწყვეტი სტაჟი მაქვს. მერიიდან მომივიდა წერილი, უწყვეტი სტაჟი გაქვს და 7 ლარი დაემატა და უნდა ავიღო 45 ლარი. რატო არ ნიშნავს, 8 ლარი გვქონდა და ეგ ხომ სჯობია?

- კმაყოფილი ვარ, რომ მომიმატებენ, მაგრამ მომატებას რა აზრი აქვს, სანამ მომატებულს ავიღებ, სხვა რამეს რომ ემატება. სხვა რამეს ნუღარ გააძვირებენ რა...

- იძულებული ვარ ვიმუშაო, იმიტომ რომ 33 ლარზე მე თავს ვერ შევინახავ და ავადმყოფი მყავს ოჯახში კიდო. და მეორე, 45 წელი მაქვს უწყვეტი ერთ-ერთ ორგანიზაციაში, უნდა მომცეს 33 ლარი და მომიმატოს კიდევ 5 ლარი, რატომ? მომცენ ჩემი სტაჟითა და ხელფასით ის პენსია და დღესვე წავალ მე. ეს არაფერს არ ნიშნავს, ეს არის საცინლად აგდება ჩვენი...” (სტილი დაცულია)

როგორც მამუკა ქაცარავა განმარტავს, ეს არის ქალაქის ჯანდაცვისა და სოცუზრუნველყოფის პროგრამული 4 მილიონიანი დაფინანსება, რომელიც განიხილა თბილისის საკრებულომ და რადგან დანამატია, მას საკანონმდებლო ცვლილება არ სჭირდება. თბილისის მერიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გამო, შესაძლებელია, საპარლამენტო ბოიკოტიც შეწყდეს, რადგან კონსერვატორი კობა დავითაშვილი მიიჩნევს, რომ პენსიების შესახებ კანონში შესატანი ცვლილებები ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხია, რომელსაც ბოიკოტის შეწყვეტა შეიძლება მოჰყვეს.
XS
SM
MD
LG