Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

11 სექტემბერი, ანუ მსოფლიო ტერორიზმის წინააღმდეგ


3 წლის შემდეგ ამერიკის შეერთებული შტატების მოსახლეობამ 11 სექტემბრის ტერაქტის დროს 2000-მდე დაღუპულს კვლავინდებურად მიაგო პატივი. თუმცა წელს

ცათამბჯენის საძირკველთან დაღუპულთა სახელები შვილების ნაცვლად ხმამაღლა მშობლებმა, ბებიებმა და ბაბუებმა წარმოთქვეს. ნიუ-იორკში 5 დღის განმავლობაში გაგრძელდება უჩვეულო აქციები, რომელშიც მსახიობები მიიღებენ მონაწილეობას. დანგრეული ცათამბჯენების მშენებლობა კი 2015 წელს დასრულდება. საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლას თბილისშიც გამოეხმაურნენ და სოლიდარობის აქციები სტუდენტებმა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა აშშ-ის საელჩოს წინ და შარდენის ქუჩაზე გამართეს.

[ზარის ხმა]

ასე დაიწყო 11 სექტემბრის დილა შეერთებულ შტატებში. ამერიკის მოქალაქეები 3 წლის წინ ტერაქტის შედეგად დაღუპულებს იხსენებდნენ. სამგლოვიარო ცერემონიალი, რომელშიც გარდაცვლილთა ახლობლები და ნათესავები იღებდნენ მონაწილეობას, მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდა. შარშანდელისაგან განსხვავებით, წელს დაღუპულთა სახელები ხმამაღლა შვილების ნაცვლად მშობლებმა, ბებიებმა და ბაბუებმა იმ ცათამბჯენის საძირკველთან წაიკითხეს, რომელიც 2001 წელს დანგრეულის ნაცვლად უნდა აშენდეს. სამგლოვიარო ცერემონიის დროს დაღუპულთა ხსოვნას წუთიერი დუმილით 4 -ჯერ მიაგეს პატივი ზუსტად იმ დროს, როცა თვითმფრინავები შენობებს შეეჯახნენ და როცა ტყუპები დაინგრნენ. თავისუფლების ცათამბჯენის მშენებლობა 2015 წელს დასრულდება. მისი სიმაღლე აშშ-ის დამოუკიდებლობის მიღების დღეს ემთხვევა და 1776 ფუტს შეადგენს. თავისუფლების ცათამბჯენის გარდა, ახალ კომპლექსში 11 სექტემბერს დაღუპულთა მემორიალიც შევა. თავისუფლების ცათამბჯენი, რომელიც მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ტყუპი ცათამბჯენების ადგილზე აშენდება, ახალი ტერორიზმისაგან თავისუფალი ამერიკის სიმბოლოდ უნდა იქცეს. 11 სექტემბრის ტერაქტში დაღუპულებს პატივი საქართველოშიც მიაგეს. თბილისში აშშ-ის საელჩოს წინ და შარდენის ქუჩაზე არასამთავრობო ორგანიზაციებმა და სტუდენტებმა სოლიდარობის აქცია გამართეს. აქციის მონაწილე ლევან ჯაფარიძე ამ ნაბიჯით გულისტკივილის გამოხატვას ცდილობს:

[ლევან ჯაფარიძის ხმა] ,,გვინდა ჩვენ, ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ ,,ახალი თაობა - ახალი ინიციატივა”, უბრალოდ, ის გულისტკივილი გამოვხატოთ, რაც ამ დღესთან დაკავშირებით მოხდა და შევუერთდეთ იმ ლოზუნგს, რასაც ჰქვია ,,ერთად - ტერორიზმის გარეშე”.

ამერიკის მოსახლეობას ,,მოძრაობა-დარბაზის” წევრი ალექსანდრე სილაგაძეც თანაუგრძნობს. სილაგაძე პარტნიორობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ საქართველოში არაფერი დავიწყებული არ არის:

[ალექსანდრე სილაგაძის ხმა] ,,იცით, რომ 11 სექტემბრის შემდეგ უკვე დაიწყო ეს გაუთავებელი სენი, რასაც ტერორიზმი ჰქვია და გვსურს ჩვენი სოლიდარობა, ჩვენი პოზიცია გამოვხატოთ. ამერიკის შეერთებული შტატები ჩვენი პარტნიორია და ჩვენ გვსურს ვაჩვენოთ ამერიკის ხალხს, რომ ჩვენ გვახსოვს ყველაფერი და მათ გვერდით ვდგავართ.”

საქართველოსაგან განსხვავებით, სამგლოვიარო აქცია ნიუ-ორკში 5 დღეს გაგრძელდება. უჩვეულო აქციაზე მსახიობები 2741 დაღუპული ადამიანის ცხოვრების შესახებ მოკლე ჩანახატებს წაიკითხავენ. მთელი ღამის განმავლობაში კი დანგრეული ტყუპი ცათამბჯენების ადგილზე აღმართული იქნება სინათლის 2 სვეტი. 11 სექტემბერი იმითაც არის განსაკუთრებული, რომ ამ დღემ საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლაში მსოფლიო გააერთიანა, აღნიშნავენ მსოფლიო ლიდერები.

[მუსიკა]
XS
SM
MD
LG