Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

5 დღიანი პატიმრობა დასრულდა


ნანა ლეჟავასა და ლევან თეთვაძის პატიმრობა ვლადიკავკაზში დღეს დასრულდა. 5 დღიანი ინფორმაციული ვაკუუმის შემდეგ რუსეთის ელჩმა საქართველოში

ვლადიმირ ჩხიკვიშვილმა პირველმა განაცხადა, რომ ,,რუსთავი 2”-ის გადამღები ჯგუფი გათავისუფლდებოდა. ლეჟავასა და თეთვაძის დასახვედრად ლარსში უშიშროების მინისტრის მოადგილე ამირან მესხელი და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე გივი თარგამაძე გაემგზავრნენ. მინდა გაცნობოთ, რას გვიამბობენ ქართველი პატიმრები განვლილი 5 დღის შესახებ.

სამაუწყებლო კომპანია ,,რუსთავი 2”-ის გადამღები ჯგუფი გათავისუფლებულია. ნანა ლეჟავა და ლევან თეთვაძე 5 დღიანი პატიმრობის შემდეგ ვლადიკავკაზიდან თბილისში დაბრუნდნენ. გათავისუფლებული ჟურნალისტები რუსული სპეცსამსახურების მიერ დაგეგმილ სცენარზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ იზოლატორში მათ ნორმალურად ექცეოდნენ, თუმცა საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ძალოვანთა ღიად გამოხატულ აგრესიაზეც ამახვილებენ ყურადღებას. ნანა ლეჟავა ჩატარებულ სამედიცინო შემოწმებას იხსენებს:

[ნანა ლეჟავას ხმა] ,,მე, უბრალოდ, არ ვიცოდი, თუ რა ინსტრუმენტებით ატარებდნენ ისინი შემოწმებას და ვიყავი კატეგორიული წინააღმდეგი, მაგრამ, მიუხედავად ჩემი ტირილის და წინააღმდეგობისა, მათ მაინც ჩაატარეს ეს შემოწმება. ასევე იმავე საღამოს, ორშაბათს, გამიმასპინძლდნენ ყავით, რის შემდეგაც მე უკვე აღარ მახსოვს, როგორ ჩამიყვანეს იზოლატორში. ზუსტად საღამოს, მეორე დღის საღამოს, 8 საათზე, მე უკვე მოვედი გონს იზოლატორში.”

ლეჟავა ვარაუდობს, რომ, წინააღმდეგობის მიუხედავად, მას გამოკვლევა მაინც ჩაუტარეს. გათავისუფლებული ჟურნალისტი იმასაც აცხადებს, რომ მათთან ერთად სხვა ჟურნალისტებიც იყვნენ დაკავებულნი. ნანა ლეჟავა და ლევან თეთვაძე ცალ-ცალკე საკნებში იმყოფებოდნენ. თეთვაძე ახლად გაცნობილ მუსლიმანზე საუბრობს:

[ლევან თეთვაძის ხმა] ,,ნორმალურად მექცეოდა ყველა. ვიჯექი ვიღაც უცხო მუსლიმანთან ერთად, რომელსაც გაუხარდა, რომ მივედი, იმიტომ რომ ის კაი ხანი მარტო იჯდა საკანში, მელაპარაკა და, რა ვიცი, კარგად მექცეოდნენ.”

პირველი, ვინც ლეჟავასა და თეთვაძის გათავისუფლების შესახებ განაცხადა, ეს რუსეთის ელჩი საქართველოში ვლადიმირ ჩხიკვიშვილი იყო.

[ვლადიმირ ჩხიკვიშვილის ხმა] ,,მე მაქვს ინფორმაცია, რომ ,,რუსთავი 2”-ის ჟურნალისტები დღეს იქნებიან გათავისუფლებულნი.”

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო დაკავებული ჟურნალისტების გათავისუფლებას აქტიურ კონსულტაციებს უკავშირებს. სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელი ნატო ჩიქოვანი კმაყოფილებას გამოთქვამს ლეჟავასა და თეთვაძის გათავისუფლების გამო:

[ნატო ჩიქოვანის ხმა] ,,საგარეო საქმეთა სამინისტრო მიესალმება 4 სექტემბერს ბესლანში დაკავებული ქართველი ჟურნალისტების ნანა ლეჟავასა და ლევან თეთვაძის გათავისუფლებას და კმაყოფილებას გამოთქვამს ასევე იმის გამო, რომ რუსეთის მხარემ გაიზიარა ის კანონიერი მოთხოვნები და არგუმენტები, რასაც ქართული მხარე აყენებდა ქართველი ჟურნალისტების გათავისუფლებასთან დაკავშირებით.”

,,რუსთავი 2”-ის ხელმძღვანელობას, ჟურნალისტთა გათავისუფლების მიუხედავად, მიაჩნია, რომ საკითხი ამოწურული არ არის და საქმეში საერთაშორისო კომისიის ჩართვას გეგმავს.
XS
SM
MD
LG