Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში დაკავებულია პირი, რომელიც თურქეთში მცხოვრები ქურთებისთვის იარაღის მიწოდებაშია ეჭვმიტანილი


იარაღის უკანონო ტრანზიტის გზები საქართველოზეც რომ იკვეთება, უცნაური არავისთვისაა. ქვეყანა, რომლის ხელისუფლებაც საკუთარ ტერიტორიებს ბოლომდე ვერ აკონტროლებს და რომელიც რუსეთის

სამხედრო ბაზების მძევლობაში რჩება, ნებსით თუ უნებლიეთ, ქმნის პირობებს იმისათვის, რომ ის შავი ბიზნესისთვის იყოს გამოყენებული. საქართველოში დაკავებულია პირი, რომელიც თურქეთის ტერიტორიაზე მცხოვრები ქურთებისთვის იარაღის მიწოდებაშია ეჭვმიტამილი. მას სასამრთლომ უკვე შეუფარდა სამთვიანი წინასწარი პატიმრობა.

გასული წლის შემოდგომაზე თურქეთის სპეცსამსახურების თანამშრომლებმა საქართველოდან თურქეთის მიმართულებით მოძრავ სატვირთო ავტომანქანაში იარაღის სერიოზული პარტია აღმოაჩინეს. ეს იყო: რამდენიმე სახეობის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, ხელყუმბარები, ასაფეთქებელი საშუალებები, ტყვიამფრქვევები, სარაკეტო დანადგარები და რაკეტებიც. მძღოლი, რომლის სატვირთო მანქანაშიც იარაღის და საბრძოლო მასალის ეს მთელი არსენალი იმალებოდა, თურქეთის მოქალაქე იყო. ის, რა თქმა უნდა, დააკავეს. მას შემდეგ თურქეთისა და საქართველოს უშიშროების სამსახურების თანამშრომლები საქართველოდან თურქეთში იარაღის გატანის ამ ფაქტთან დაკავშირებით კოორდინირებულად მუშაობდნენ და, როგორც საქართველოს უშიშროების სამინისტროს წარმომადგენელი ნიკა ლალიაშვილი ამბობს:

[ნიკა ლალიაშვილის ხმა] "საწყისი მონაცემები ასეთი იყო: ეს იარაღი გადაადგილდებოდა მესამე ქვეყნიდან საქართველოს გავლით და შევიდა თურქეთში. მაგრამ მას შემდეგ, რაც უშიშროების სამინისტრომ დაიწყო ინტენსიური მუშობა, მთელი ქრონომეტრაჟი აღდგა იმასთან დაკავშირებით, თუ საქართველოში რა ადგილას გაჩერდა საეჭვოდ ეს მანქანა. დეტალებს ვერ გეტყვით, რადგან ის ოპერატიულ მონაცემებს შეიცავს. ერთი სიტყვით, გაჩნდა ეჭვი, რომ ეს არ იყო ტრანზიტი და იარაღი ჩაიტვირთა საქართველოს ტერიტორიაზე."

ამ ეჭვის გამოკვეთის შემდეგ გასულ ხუთშაბათს უშიშროების სამინისტროს თანამშრომლებმა მარნეულის მკვიდრი თამაზ მუმლაძე დააკავეს. მიზეზი, ერთი მხრივ, სახლში იარაღის უკანონო შენახვა იყო, მეორე მხრივ, შარშან დაკავებული თურქეთის მოქალაქის ჩვენება. უშიშროების თანამშრომლებს აქვთ სერიოზული ეჭვი, რომ თურქეთის ამ მოქალაქისთვის, რომელიც ეროვნებით ქურთია, იარაღი და საბრძოლო მასალა სწორედ მუმლაძეს უნდა მიეწოდებინა. ამავე ვერსიით, საქართველოდან თურქეთისკენ დაძრული შეიარაღების ადრესატები თურქეთში მცხოვრები ქურთები უნდა ყოფილიყვნენ. თამაზ მუმლაძეს სამთვიანი წინასწარი პატიმრობა აქვს მისჯილი. მისი ადვოკატები კი ირწმუნებიან, რომ დაკავებული განუკითხაობის მსხვერპლია, რადგან თურქეთის მოქალაქის ჩვენებაში აღწერილი გარეგნული ნიშნები (იგულისხმება იარაღის ქართველი მიმწოდებლის გარეგნობის ნიშნები) მის გარეგნობას არ ემთხვევა. თამაზ მუმლაძე საქართველოს ეროვნული გვარდიის სარდლის კობა კობალაძის ნათესავია და, ადვოკატების თქმით, მისი დაკავება სწორედ კობალაძის კომპრომეტირების მიზნით მოხდა. უფრო მეტი გამოძიებამ უნდა თქვას. უშიშროების სამინისტროში სერიოზულ იმედებს ამყარებენ ექსპერტიზაზე, რომელმაც იარაღის იდენტიფიცირება უნდა მოახდინოს. "მოცემულ ეტაპზე მუმლაძის და კობალაძის ნათესაური კავშირის გამო მათ დანაშაულებრივ კავშირზე საუბარი არ შეიძლება,"- ამბობს ნიკა ლალიაშვილი. სხვათა შორის, შარშან ნატახტართან იქნა დაკავებული იარაღის დიდძალი პარტია, რომლის გადამზიდველიც თავად უშიშროების სამსახურის თანამშრომელი იყო. გაირკვა, რომ ეს იარაღი ცხინვალის რეგიონიდან მოდიოდა და ადგილი ჰქონდა საქართველოდან მისი გატანის მცდელობას. კონკრეტულად - რა მიმართულებით, ნიკა ლალიაშვილს არ დაუზუსტებია.
XS
SM
MD
LG