Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაღდადის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის დაწყებამ კიდევ უფრო მეტი სიმწვავე შესძინა


ბაღდადის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის დაწყებამ კიდევ უფრო მეტი სიმწვავე შესძინა უცხოეთის საინფორმაციო საშუალებებში გაჩაღებულ დისკუსიას იმის თაობაზე, რამდენად გამართლებულია

სადამ ჰუსეინის რეჟიმის ძალით დამხობის ცდა. თუმცა, თვით ომის დაწყების ფაქტმა ერთგვარად თითქოს აქცენტები შეცვალა: თუ აქამდე დისკუსია სამართლებრივსა და ეთიკურ ასპექტებზე უფრო იყო კონცენტრირებული, ხუთშაბათის გაზეთებში გამოქვეყნებული სტატიების ავტორები ძირითადად იმაზე მსჯელობენ, როგორი უნდა იყოს ომისშემდგომი ერაყი.

ბრიტანეთის "ფაინენშლ ტაიმსი" ბეჭდავს ჯეიმს ბეიკერის წერილს, რომელშიც აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ სადამ ჰუსეინის რეჟიმის დამხობის შემდეგ ვაშინგტონმა არავითარ შემთხვევაში არ უნდა სცადოს ერაყელი ხალხისთვის საკუთარი ნების თავს მოხვევა. ბეიკერის აზრით, ამერიკის მხრიდან შეცდომა იქნებოდა როგორც ომისშემდგომი მთავრობის ჩამოყალიბებაში აქტიური მონაწილეობა, ისე ქვეყნის ხანგრძლივი ოკუპაცია. "პირიქით - დაასკვნის ვაშინგტონის საგარეო უწყების ყოფილი ხელმძღვანელი - ერაყელმა ხალხმა რაც შეიძლება მალე უნდა აიღოს ხელში საკუთარი ქვეყნის მართვის სადავეებიო."

საფრანგეთის გაზეთი "მონდი" აქვეყნებს მარი-კლოდ დეკანისა და კლერ ტრეანის სტატიას, რომლის ავტორები იშველიებენ ჟენევაში მოქმედი იურისტთა საერთაშორისო კომისიის დასკვნას იმის თაობაზე, დაირღვა თუ არა საერთაშორისო კანონი გაეროს მანდატის გარეშე ომის დაწყებით. სამოცამდე ავტორიტეტიანი ექსპერტისგან შემდგარმა ამ კომისიამ დაასკვნა, რომ კანონი დაირღვა. თუ 11 სექტემბრის ტერაქტების შემდეგ შეერთებულმა შტატებმა თავდაცვის პრინციპისა და გაეროს ქარტიის 50-ე მუხლის შესაბამისად, პრევენციული დარტყმა მიაყენა ავღანეთს, ერაყის შემთხვევაში ეს პრინციპი ომის დაწყების გამართლებად აღარ გამოდგება.

"ძალის გამოყენება მკაფიოდ უნდა იყოს ნებადართული გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ; ხოლო ამერიკისა და ბრიტანეთის გადაწყვეტილება, ძალა ეხმარათ, ეწინააღმდეგება გაეროს უშიშროების საბჭოს წევრთა უმრავლესობის ნებას" - აღნიშნავენ ფრანგი მიმომხილველები.

მათგან განსხვავებით, გერმანიის გაზეთ "ველტის" მიმომხილველი მარტინ ჰალუზა დარწმუნებული არ არის, რომ ერაყზე იერიშის მიტანით შეერთებული შტატები მართლაც არღვევს საერთაშორისო კანონმდებლობას. ამასთანავე, იგი აღნიშნავს, რომ მართალია, გაეროს უშიშროების საბჭოს ზოგიერთ წევრთა მცდელობა, ომი შეეჩერებინათ, წარუმატებელი გამოდგა, მაინც მნიშვნელოვანი იყო, რომ სამხედრო აქციის მოწინააღმდეგეებს ომის თავიდან ასაცილებლად ძალა არ დაუშურებიათ.

ეგვიპტის გაზეთი "ალ-გომჰურია" ბეჭდავს სამირ რაჯაბის სტატიას, რომლიდანაც, ჩვენი მიმოხილვის დასასრულს, ერთი მოზრდილი ციტატა გვინდა გაგაცნოთ: "მოდით, გულახდილები ვიყოთ და ვაღიაროთ: ამერიკა დღეს ერთადერთი ძალაა, რომელსაც ვერავინ გაუწევს მეტოქეობას. და ერაყთან ბრძოლაში იგი დამაჯერებელ გამარჯვებას მოიპოვებს. მაგრამ ომისშემდგომი ეტაპის დადებითი და უარყოფითი ასპექტები დამოკიდებული იქნება ვაშინგტონის კეთილ ნებასა და მოქმედებაზე და იმაზეც, შეასრულებს თუ არა დადებულ პირობებს - ხელი შეუწყოს ერაყში დემოკრატიული მთავრობის ჩამოყალიბებას, თავი შეიკავოს ერაყის ბუნებრივი სიმდიდრის, კერძოდ ნავთობის მიტაცებისგან. ასეთ შემთხვევაში ვითარება შეიძლება სტაბილური გახდეს, ხოლო ქაოსი მინიმუმამდე იქნეს დაყვანილი; განსაკუთრებით კი მაშინ, თუ ვაშინგტონი არ დააყოვნებს ახლო აღმოსავლეთში პალესტინელთა სახელმწიფოს შექმნას. მაგრამ თუ სიხარბემ ვაშინგტონს სიტყვა გაატეხინა, ბალანსი დაირღვევა და მას ქაოსი შეცვლის. ძალადობისა და შურისძიების აქტები პლანეტის მრავალ რეგიონს შეძრავს."
XS
SM
MD
LG