Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სისხლის სამართლის საერთაშორისო მუდმივმოქმედი სასამართლო მალე საქმიანობას შეუდგება


სამშაბათს ჰააგაში გაიმართება სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ოფიციალური გახსნის საზეიმო ცერემონია. ექსპერტთა და მიმომხილველთა დიდი ნაწილი ამ ფაქტს ადამიანის უფლებათა

დაცვის სეფროში ბოლო ნახევარი საუკუნის ყველაზე მნიშველოვან მოვლენად მიიჩნევენ. თუმცა, საქმეში ჩახედული პირები საზოგადოებას აფრთხილებენ, რომ ახალი უწყების მოღვაწეობის პირველ ხანებში რაიმე ეპოქალურ ძვრებს არ უნდა ველოდეთ.

ვიდრე მოკლედ გავიხსენებდეთ სასამართლოს შექმნის ისტორიას, ორიოდე სიტყვას თვით გახსნის ცერემონიაზე მოგახსენებთ. მასში მონაწილეობას მიიღებს გაეროს გენერალური მდივანი კოფი ანანი, სასამართლოს მასპინძელი ქვეყნის - ჰოლანდიის დედოფალი ბეატრისი, ათობით მაღალი რანგის საპატიო სტუმარი. საინაუგურაციო სხდომას გაუძღვება სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ხელშეკრულების, ე.წ. "რომის სტატუტის", მონაწილე სახელმწიფოთა ასამბლეის თავმჯდომარე, იორდანიის მუდმივი წარმომადგენელი გაეროში, უფლისწული სეიდ რაად სეიდ ალ-ჰუსეინი. ფიცს დადებს ახალი უწყების პირველი 18 მოსამართლე.

თუმცა, ეს ყველაფერი გარეგნული მხარეა. კულისებს მიღმა სასამართლო სამზადისს ჯერ კიდევ შარშან ზაფხულში შეუდგა, როცა ხელშეკრულება ოფიციალურად ამოქმედდა. "რომის სტატუტის" ასამოქმედებლად კი აუცილებელი იყო, მისი მონაწილე 120 ქვეყნიდან ნახევარს მაინც მოეხდინა ხელშეკრულების რატიფიკაცია. 2002 წლის ივლისში ეს ნაბიჯი მე-60 ქვეყანამ გადადგა, დღეისთვის კი ასეთ სახელმწიფოთა რიცხვი 89-ს აღწევს (მათ შორის არ არის საქართველო, რომელიც, მართალია, "რომის სტატუსის" ერთ-ერთი ხელმომწერია, მაგრამ დოკუმენტის რატიფიკაციისგან ჯერჯერობით თავს იკავებს).

ადამიანის უფლებათა დამცველი საერთაშორისო ორგანიზაციის "ჰიუმან რაიტს უოჩის" თანამშრომელი რიჩარდ დიკერსონი მუდამ იმათ რიცხვს ეკუთვნოდა, ვინც თავგამოდებით უჭერდა მხარს სისხლის სამართლის მუდმივმოქმედი საერთაშორისო სასამართლოს დაარსებას. ბუნებრივია, რომ ახალი უწყების გახსნა მას მეტად ახარებს:

[რიჩარდ დიკერსონის ხმა] "სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს 18 მოსამართლის ინაუგურაცია ისტორიული მნიშვნელობის მოვლენაა. ეს ნიშნავს, რომ სასამართლო - რომელიც ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში ბოლო 50 წლის მანძილზე იქნებ უმნიშვნელოვანესი მექანიზმიც იყოს - კარს გააღებს და ნელ-ნელა მუშაობას შეუდგება."

სიტყვა "ნელ-ნელა" რიჩარდ დიკერსონს შემთხვევით არ უხმარია: ვიდრე სასამართლო აქტიურ საქმიანობას დაიწყებდეს, კიდევ არაერთი კვირა და, შესაძლოა, არაერთი თვეც გავიდეს. საკმარისია ითქვას, რომ სასამართლოს ჯერ არც მთავარი პროკურორი ჰყავს და არც რიგითი პროკურორები, ხოლო ვიდრე მთავარი პროკურორი დაინიშნებოდეს (რაც აპრილისთვის არის ნავარაუდევი), უწყებას გამომძიებელთა დასაქმების უფლებაც კი არ აქვს.

მიუხედავად ამისა, ორშაბათს ჰააგაში გაემგზავრა აფხაზეთის დევნილი უზენაესი საბჭოს იურისტთა ჯგუფი, რომლის მიზანია, შეისწავლოს აფხაზეთში ქართველთა წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების გამო ჰააგის სასამართლოში სარჩელის შეტანის პირობები. ამ რამდენიმე დღის წინათ, რადიო "თავისუფლების" თბილისელ კორესპონდენტთან საუბარში, უზენაესი საბჭოს თავმჯდომარემ თამაზ ნადარეიშვილმა უარყო გავრცელებულ შეხედულებას, რომ ჰააგის საერთაშორისო სასამართლო უფლებამოსილი იქნება გაარჩიოს მხოლოდ "რომის სტატუტის" წევრი სახელმწიფოების სარჩელები.

[თამაზ ნადარეიშვილის ხმა] "სარჩელის შეტანა მაინც შეიძლება ქვეყნის პრეზიდენტის ან პარლამენტის მიმართვის საფუძველზე."

რამდენად მოისურვებს საქართველოს პრეზიდენტი ჰააგის სასამართლოსთვის მიმართვას, სხვა საკითხია. ორშაბათს გამართულ ბრიფინგზე ედუარდ შევარდნაძემ განაცხადა, რომ მასა და რუსეთის პრეზიდენტს შორის სოჭში მიღწეული შეთანხმებების განხორციელების შემთხვევაში თბილისი აღარ დააყენებს საკითხს ჰააგის ტრიბუნალისთვის აფხაზეთის ტრაგედიაში დამნაშავეთა გადაცემის შესახებ.

გამორიცხული არ არის, ამ განცხადებით საქართველოს ხელმძღვანელს ერთბაშად ორი კურდღლის დაჭერა სურდეს: რუსეთი, როგორც სოხუმის რეჟიმის მთავარი მფარველი, ცხადია, კმაყოფილი დარჩება, თუ თბილისმა უარი თქვა ჰააგის სასამართლოში სარჩელის შეტანაზე; ამავე დროს, ვაშინგტონი, რომელმაც თავდაპირველი თანხმობის მიუხედავად, საერთოდ უარი განაცხადა "რომის სტატუტთან" მიერთებაზე, მით უფრო კმაყოფილი იქნება, რაც უფრო ნაკლები ქვეყანა მოახდენს ხელშეკრულების რატიფიკაციას.

მეტიც: ოცამდე მცირე ქვეყანასთან აშშ-მა უკვე გააფორმა ორმხრივი ხელშეკრულება, რომლის თანახმად მხარეები ვალდებულებას კისრულობენ, ერთმანეთის მოქალაქეები არ გადასცენ ჰააგის საერთაშორისო სასამართლოს. უცნაური ის არის, რომ ამ ქვეყნებიდან ზოგიერთს "რომის სტატუტის" მონაწილეთა შორისაც შეხვდებით. სასამართლოს იურიდიული მრჩეველი, ლესოტოელი ფაკისო მოჩოჩოკო ამაში რაიმე საფრთხეს ვერ ხედავს.

[ფაკისო მოჩოჩოკოს ხმა] "იმ სახელმწიფოებს, რომლებმაც გააფორმეს შეთანხმება შეერთებულ შტატებთან და, ამავე დროს, ხელი მოაწერეს ჩვენს სტატუტსაც, სავსებით შეგნებული აქვთ ამ დოკუმენტის ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებები. ამდენად, ჩვენს მუშაობაში ჯერჯერობით არავითარი შეფერხება არ გვქონია, არც თვით შეერთებული შტატების მხრიდან და არც იმ ქვეყნების მხრიდან, რომლებმაც მასთან შეთანხმება გააფორმეს."

ბოლოს ისევ შეერთებულ შტატებსა და სხვა ქვეყნებს შორის გაფორმებულ ორმხრივ შეთანხმებებს დავუბრუნდეთ. როგორც ჩვენს რადიოს საერთაშორისო სამართლის საკითხებში საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა ლევან ალექსიძემ გვითხრა, ასეთი ხელშეკრულება უკვე მზად არის და მას სულ მალე განიხილავს საქართველოს პარლამენტი.
XS
SM
MD
LG