Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩეხეთის ახალ პრეზიდენტად ვაცლავ კლაუსის კურთხევის ცერემონია


პარასკევს, 7 მარტს, პრაღის კრემლში გაიმართა ჩეხეთის ახალ პრეზიდენტად ვაცლავ კლაუსის კურთხევის ცერემონია. კომუნიზმის დამხობის შემდეგ, 1989 წლიდან მოყოლებული თებერვლის

დამდეგამდე ეს თანამდებობა ყოფილ დისიდენტსა და ცნობილ მწერალს ვაცლავ ჰაველს ეკავა. ასე რომ, მისი მემკვიდრისა და სეხნიის წინაშე არცთუ იოლი ამოცანა დგას: წონა და ავტორიტეტი შეუნარჩუნოს თანამდებობას, რომელსაც ჩეხეთის კონსტიტუცია უფრო სიმბოლურსა თუ საცერემონიო ფუნქციას ანიჭებს.

ვაცლავ კლაუსის გაპრეზიდენტებასთან დაკავშირებით ჩეხეთის პრესა ბევრს მარჩიელობს იმ როლზე, რომელსაც ვაცლავ კლაუსი თავისი ქვეყნის საგარეო პოლიტიკაში შეასრულებს. საერთოდ, ეს სფერო პრეზიდენტის კი არა, მთავრობის პრეროგატივაა, მაგრამ ვაცლავ ჰაველის დიდი საერთაშორისო ავტორიტეტიდან გამომდინარე, მისი პოზიცია საგარეო პოლიტიკის ნებისმიერ საკითხში მნიშვნელოვან გავლენას ახდენდა ქვეყნის მთავრობის გადაწყვეტილებებზე და საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებაზე.

ამ მხრივ ამჯერად მხოლოდ ერთ ასპექტზე მინდა შევჩერდე. ეს გახლავთ დამოკიდებულება ევროპის კავშირის გაფართოებისა და, კერძოდ, მასში ჩეხეთის გაწევრიანების მიმართ. მოგეხსენებათ, ერთ წელიწადში ჩეხეთი ამ კავშირის სრულუფლებიანი წევრი გახდება და, ამდენად, ქვეყნის პრეზიდენტის პოზიცია, რაოდენ სიმბოლურიც უნდა იყოს მისი თანამდებობა, უმნიშვნელოდ არ შეიძლება ჩაითვალოს. არადა, ვაცლავ კლაუსი, თავისი წინამორბედისგან განსხვავებით, ევროსკეპტიკოსად არის მიჩნეული.

ჩეხ მიმომხილველთა უმრავლესობა (ცხადია, თავად კლაუსის გამონათქვამებისა და მოქმედების საფუძველზე) მიიჩნევს, რომ ახალი პრეზიდენტი ენთუზიაზმით არ ხვდება ჩეხეთის შესვლას ევროკავშირში. თუმცა, არსებობს განსვავებული მოსაზრებაც. აი, რა უთხრა რადიო "თავისუფლებას" ვაცლავ ჰაველის ყოფილმა მრჩეველმა, პოლიტოლოგმა ირჟი პეჰემ:

[ირჟი პეჰეს ხმა] 0640 "ჩემი აზრით, კლაუსი შეეცდება ისტორიაში შევიდეს პოლიტიკოსად, რომელმაც ჩეხეთის რესპუბლიკა ევროპის კავშირში შეიყვანა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მისი ევროსკეპტიკური გამონათქვამები უნდა განვიხილოთ, როგორც დისკუსიის ნაწილი ევროპის კავშირის მომავალზე და არა როგორც ამ კავშირში ჩეხეთის გაწევრიანების პროცესში ჩარევა. არა მგონია, მას უნდოდეს ისტორიაში დარჩენა კაცად, რომელმაც ხელი შეუშალა ევროკავშირში ჩეხეთის გაწევრიანებას; პირიქით."

თავად კლაუსი კატეგორიულად უარყოფს თავის "ევროსკეპტიკოსობას". იგი პრინციპულად წინააღმდეგია მის მიმართ ამ ტერმინის ხმარებისა და საკუთარ თავს "ევრორეალისტს" უწოდებს:

[ვაცლავ კლაუსის ხმა] 0639 "ჩვენ ახლა ვიმყოფებით ფაზაში, როცა სერიოზულად უნდა ვფიქრობდეთ იმაზე, თუ როგორი სახის ევროპა გვსურს მომავალში, და არა მხოლოდ იმაზე, გვინდა თუ არა კავშირში შესვლა. რეფერენდუმი კი სწორედ გაწევრიანების საკითხზე ჩატარდება. მაგრამ პირადად მე ამ საკითხს გადაწყვეტილად განვიხილავ. ახლა მთავარია გავარკვიოთ, როგორი ევროპა გვინდა და აი, აქ, ვფიქრობ, ჩვენს ქვეყანაში სერიოზული დისკუსიის გამართვაა აუცილებელი."

რაც შეეხება იმას, თუ რამდენად რთული იქნება კლაუსისთვის ვაცლავ ჰაველის შემდეგ პრეზიდენტობა, ამასთან დაკავშირებით კლაუსმა გაზეთ "მლადა ფრონტა დნესს" განუცხადა, ჩემი წინამორბედისგან განსხვავებით, ყველაფერში არ ჩავერევიო. "პრეზიდენტის ფუნქციაა, კონსენსუსის საფუძველზე იმუშაოს. მან უნდა იცოდეს, როგორ წარმართოს მოლაპარაკება, როგორ მოაგვაროს უთანხმოებები, როგორ შეუწყოს ხელი მთელს ქვეყანაში ჰარმონიული ატმოსფეროს შექმნასო", უთხრა კლაუსმა გაზეთის კორესპონდენტს.
XS
SM
MD
LG