Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაერო აქტიურად განიხილავს ერაყისთვის ჰუმანიტარული დახმარების პროგრამას მოსალოდნელი ომის შემთხვევაში


ბაღდადის წინააღმდეგ მოსალოდნელ სამხედრო ოპერაციას უშუალოდ უკავშირდება ერაყის მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაწევის საკითხი. ამ პრობლემაზე სამსჯელოდ გაეროს გენერალურმა

მდივანმა არაოფიციალურ თათბირზე მიიწვია უშიშროების საბჭოს წევრები. კოფი ანანთან ერთად შეხვედრაში მისმა მრჩევლებმაც მიიღეს მონაწილეობა.

როგორც თათბირის შემდეგ გაეროს კოორდინატორმა საგანგებო დახმარების საკითხებში კენძო ოშიმამ ჟურნალისტებს უთხრა, კოფი ანანს ჯერ კიდევ არ დაუკარგავს იმედი, რომ ინსპექციების გამკაცრებისა და გაფართოების გზით მაინც მოხერხდება ერაყის მშვიდობიანი გზით განიარაღება. თუმცა, როგორც ოშიმამ აღნიშნა, გაერო ვალდებულია, წინასწარ განსაზღვროს თავისი სტრატეგია იმ შემთხვევისთვის, თუ ომი მაინც დაიწყო.

[კენძო ოშიმას ხმა] "უნდა გვესმოდეს, რომ დაპირისპირება შეიძლება დაიწყოს და ერაყელ ხალხს მან უზარმაზარი დანაკარგი და ტანჯვა შეიძლება მოუტანოს. ამიტომ არის აუცილებელი, წინასწარვე მივიღოთ ზომები კონფლიქტის პოტენციურ ჰუმანიტარულ შედეგებთან გასამკლავებლად."

გაეროს ექსპერტთა ვარაუდით, შეიარაღებული კონფლიქტის დაწყების შემთხვევაში ერაყის ტერიტორიაზე იძულებით ადგილნაცვალ პირთა რაოდენობამ შეიძლება 2 მილიონს მიაღწიოს, ხოლო მილიონნახევარ ერაყელს ქვეყნის დატოვებაც შეიძლება მოუხდეს. საკვები პროდუქტების მიწოდება აუცილებელი გახდება ათ მილიონამდე ადამიანისთვის; ქვეყნის 24-მილიონიანი მოსახლეობის დაახლოებით ნახევარი სასმელი წყლის გარეშე დარჩება.

განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს ის მძიმე შედეგები, რომელსაც ომი მოუტანდა გაეროს პროგრამას "ნავთობი საკვების სანაცვლოდ". 1990 წელს, ბაღდადის მიერ მეზობელ ქუვეითში შეჭრის შემდეგ შემუშავებული ეს პროგრამა ერაყს ნავთობის ექსპორტის მოცულობას უზღუდავს და იმასაც ავალდებულებს, რომ "შავი ოქროს" გაყიდვით მიღებული შემოსავლით თავისი ხალხისთვის საკვები შეიძინოს. ერაყის ცენტრალური და სამხრეთი რეგიონების მოსახლეობა თითქმის მთლიანად დამოკიდებულია ხსენებული პროგრამით მთავრობის მიერ გამოყოფილ რაციონებზე. ცხადია, ომის შემთხვევაში ავად თუ კარგად მოქმედი მთელი ეს სტრუქტურა თვალის დახამხამებაში მოიშლება.

გაეროს წარმომადგენელთა შეშფოთებული განცხადებების საპასუხოდ ვაშინგტონი აცხადებს, რომ თავადაც ამუშავებს ერაყელი ხალხისთვის ჰუმანიტარული დახმარების პროგრამას. პრეზიდენტ ბუშის თქმით, სამხედრო ოპერაციის შემთხვევაში ერაყის მოსახლეობას დაუყოვნებლივ გაეწევა დახმარება. ხუთშაბათს, ფლორიდაში, ამერიკელ ჯარისკაცებთან შეხვედრაზე ჯორჯ ბუშმა განაცხადა:

[ჯორჯ ბუშის ხმა] "ამერიკის შეიარაღებული ძალები იბრძვის არა დასაპყრობად, არამედ გასათავისუფლებლად. კონფლიქტის შემთხვევისთვის ჩვენი დიადი ქვეყანა უკვე სახავს გეგმას და ამზადებს საკვებს იმისთვის, რათა ჰუმანიტარულმა დახმარებამ რაც შეიძლება მალე ჩააღწიოს ერაყელ ხალხამდე."

ჰუმანიტარული ორგანიზაციების მუშაკებისთვის ეს სიტყვები არადამაჯერებლად ჟღერს. შეერთებულ შტატებში მოქმედმა არასამთავრობო ორგანიზაციამ, ეკონომიკური და სოციალური უფლებების ცენტრმა, სულ ახლახან ერაყში შექმნილი ვითარება შეისწავლა და დაასკვნა, რომ ნებისმიერი სამხედრო ოპერაცია გამანადგურებლად იმოქმედებს ერაყის მშვიდობიან მოსახლეობაზე. ცენტრის დირექტორის როჯერ ნორმანდის აზრით, [როჯერ ნორმანდის ხმა] "ომის შემთხვევაში ჰუმანიტარული კატასტროფის წინაშე აღმოვჩნდებით. არც გაერო და არც ჰუმანიტარული ორგანიზაციები მზად არ არიან ამ კატასტროფასთან გასამკლავებლად. ერაყის მოსახლეობა დღეს გაცილებით უფრო მძიმე მდგომარეობაშია, ვიდრე 1991 წელს იყო. 12-წლიან სანქციებს შედეგად ის მოჰყვა, რომ ხალხის გადარჩენა მთლიანად დამოკიდებულია პროგრამაზე "ნავთობი საკვების სანაცვლოდ".

როჯერ ნორმანდის ამ მოსაზრებას მთლიანად იზიარებს ადამიანის უფლებათა დამცველი ავტორიტეტიანი ორგანიზაცია "ჰიუმან რაიტს უოჩი", რომელმაც მიმდინარე კვირის დამდეგს ამ საკითხს საგანგებო ანგარიში მიუძღვნა.

"ჰიუმან რაიტს უოჩში" გამართული საგანგებო ბრიფინგის მასალებს შეგიძლიათ გაეცნოთ შემდეგ მისამართზე:
www.hrw.org/backgrounder/mena/iraq021203.htm
XS
SM
MD
LG