Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზუზანე რის-პასერი: ავსტრიის გადამდგარი ვიცეკანცლერი


11 სექტემბრის ტრაგედიის წლისთავის მოლოდინმა ამ დღეებში

ჩრდილში მოაქცია მოვლენა, რომელიც ევროპის საინფორმაციო საშუალებებში გასული კვირის მთავარ თემად არის აღიარებული: ეს გახლავთ ავსტრიის მმართველი კოალიციის დაშლა. ამ მოვლენას უყურადღებოდ არც ჩვენ დავტოვებთ: გადაცემაში ციკლიდან ”ქალი და მსოფლიო” გიამბობთ ზუზანე რის-პასერზე, რომლის გადადგომას ავსტრიის თავისუფლების პარტიის თავმჯდომარისა და ავსტრიის ვიცე-კანცლერის პოსტებიდან ამ ქვეყანაში სამთავრობო კრიზისი და ვადამდელი არჩევნების დანიშვნა მოჰყვა.

ორიოდე კვირის წინ ზუზანე რის-პასერს ჯერ კიდევ ”სამეფო კობრად” მოიხსენიებდნენ - ასეთი ზედმეტსახელი გამოუნახეს თანაპარტიელებმა პოლიტიკოს ქალს მისთვის დამახასიათებელი მოულოდნელი და გადამჭრელი ზომების გამო. და თუ ”სამეფო კობრად” მონათვლა სხვას, ალბათ, გულს ატკენდა, რის-პასერს უკმაყოფილება არ ემჩნეოდა: ”ეს მირჩევნია ყოველთვის საყვარელ გოგოდ მოხსენიებასო”, ნათქვამი აქვს მას. ორიოდე კვირის წინ იმასაც ამბობდნენ, რომ სამეფო კობრის კბილებმა თვით ჰაიდერის სახესთანაც გაიელვა, რითაც იგულისხმებოდა, რომ თავისუფლების პარტიის ლიდერთა შორის ძალაუფლებისათვის ბრძოლაში რის-პასერმა საბოლოოდ დაამარცხა პარტიის ყოფილი თავმჯდომარე – ევროპელ პოლიტიკოსთა შორის ერთ-ერთი ყველაზე ქარიზმატული და იმავდროულად სახიფათოდ მიჩნეული მოღვაწე იორგ ჰაიდერი.

მაგრამ დასკვნა, რომლის საფუძველი ვენაში პოლიტიკურ მოღვაწეობასთან ჰაიდერის, თითქოსდა, საბოლოოდ გამოთხოვება გახდა, ნაადრევი აღმოჩნდა. ავსტრიის თავისუფლების პარტიაში უთანხმოების მოგვარების ამაო მცდელობის შემდეგ, კვირას საღამოს რის-პასერმა გამოაცხადა პარტიასა და მთავრობაში დაკავებული ყველა თანამდებობიდან გადადგომის შესახებ. მასთან ერთად გადადგნენ ფინანსთა მინისტრი კარლ-ჰაინც გრასერი და თავისუფლების პარტიის საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარე პეტერ ვესტენტალერი. პარტიულ დაპირისპირებაში გამარჯვებული კი ისევდაისევ იორგ ჰაიდერი აღმოჩნდა. გავიხსენოთ- ეს ის კაცია, რომელსაც ულტრამემარჯვენე პოპულისტის იმიჯი დაუმკვიდრა ქსენოფობიურმა კომენტარებმა და ნაცისტური რეჟიმის ზოგიერთი გადაწყვეტილების შექებამ და რომლის პოპულარობა იყო ბოლო საპარლამენტო არჩევნებში თავისუფლების პარტიის წარმატების მთავარი მიზეზი.

მაგრამ როცა 2000 წლის არჩევნებში წარმატებას, სწორედ ჰაიდერის გამო, ავსტრიაში მრავალათასიანი საპროტესტო დემონსტრაციები, ხოლო ევროკავშირის სხვა წევრი ქვეყნების მხრივ ავსტრიის წინააღმდეგ სანქციებიც კი მოჰყვა, თავისუფლების პარტიის თავმჯდომარე იძულებული გახდა, უკან დაეხია. ის ვენას გამოეთხოვა და მშობლიურ კერნტენის მხარეში პრემიერ-მინისტრის პოსტს დასჯერდა. პარტიის მართვის სადავეები კი ზუზანე რის-პასერს დარჩა, რომელსაც სახალხო პარტიასთან სამთავრობო კოალიციაში ვიცე-კანცლერის პოსტი ერგო.

მაშინ 39 წლის იურისტის კომპეტენტურობა არავის აეჭვებდა: რის-პასერის მოწინააღმდეგეებზეც კი დიდ შთაბეჭდილებას ახდენს მისი შრომისუნარიანობა, ორგანიზატორული ნიჭი და პრინციპულობა.

ზუზანე რის-პასერის პოლიტიკური კარიერა 1987 წელს ჰაიდერის პარტიის მასმედიასთან ურთიერთობის განყოფილებაში დაიწყო. და სულ რამდენიმე თვეში ახალგაზრდა ქალი ჰაიდერის უახლოეს მრჩეველთა წრეს მიეკუთვნებოდა. ფსიქოლოგების შეფასებით, მოხდენილი გარეგნობის ჰაიდერს, რომელსაც ავსტრიაში ხშირად ნარცისს უწოდებენ, თავის მემკვიდრედ ქალი შემთხვევით არ აურჩევია: მას იმედი ჰქონდა, რომ რუხი კარდინალის პოზიციიდან ქალს უფრო ადვილად დაიმორჩილებდა, ვიდრე მამაკაცს. ”ჩემი ზუზი” ან ”უმანკო კრავი” – ასე და არა ”სამეფო კობრად” მოიხსენიებდა იორგ ჰაიდერი თავის, ერთ დროს, ერთგულ თანამებრძოლს. მაგრამ ის დრო წარსულს ჩაბარდა.

თავისუფლების პარტიაში საბოლოო განხეთქილება გამოიწვია უთანხმოებამ საგადასახადო პოლიტიკაზე. ჰაიდერის მოთხოვნა მთავრობის მიერ გაისად გადასახადების შეკვეცის შესახებ რის-პასერმა და ფინანსთა მინისტრმა უპასუხისმგებლობად მიიჩნიეს და ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ (როცა აშკარა გახდა, რომ ჰაიდერთან და მის თანამოაზრეებთან კომპრომისს ვერ მიაღწევდნენ) ფარ-ხმალი დაყარეს.

[რის-პასერის ხმა]”ბოლო კვირების მანძილზე პარტიის ნაწილსა და ჩვენს შორის მზარდი განხეთქილება გამოიკვეთა. უთანხმოების მოგვარების ყველა მცდელობა, სამწუხაროდ, ამაო გამოდგა. მრავალსაათიან, ხშირად მთელი ღამე გაგრძელებულ სხდომებზე ყველა ღონე ვიხმარეთ პარტიისათვის ერთსულოვნების დასაბრუნებლად. დღეს გვიწევს ვაღიაროთ, რომ ამ მიზანს, სამწუხაროდ, ვერ მივაღწიეთ,” - ეს სიტყვები კვირას საღამოს გამართულ პრეს-კონფერენციაზე წარმოთქვა ზუზანე რის-პასერმა, რომლის მთელი გამოსვლა ზომიერებითა და თავშეკავებულობით გამოირჩეოდა. ეს ეხება გადამდგარი ვიცეკანცლერის მიერ თავისი პარტიის შეფასებასაც: [რის-პასერის ხმა] ”თავისუფლების პარტია ამ ქვეყანაში გადამწყვეტი მნიშვნელობის რეფორმატორული ძალაა. ასეთი ძალა იყო, როგორც ოპოზიციური პარტია და ასეთი ძალაა, როგორც სამთავრობო პარტია. სწორედ ამიტომ ამ კრიზისს წერტილი უნდა დაესვას.”

ზუზანე რის-პასერმა კვირასვე გამოაცხადა, რომ 20 ოქტომბერს გაიმართება თავისუფლების პარტიის საგანგებო ყრილობა ახალი ლიდერების ასარჩევად. ხოლო ორშაბათს განცხადების გაკეთების ჯერი ავსტრიის კანცლერ ვოლფგანგ შიუსელზე მიდგა: ის სამთავრობო კრიზისს გამოეხმაურა გადაწყვეტილებით, ვადამდელი არჩევნების დანიშვნის შესახებ.

ასე რომ, ავსტრია მორიგი კენჭისყრისთვის ემზადება. მიიღებს თუ არა მასში მონაწილეობას ზუზანე რის-პასერი, ცნობილი არ არის. თუმცა, შესაძლოა, ერთგვარ მინიშნებად გამოდგეს თანამდებობებიდან გადადგომის შესახებ განცხადების უჩვეულოდ რბილი ტონი: როგორც ვარაუდობენ, ”სამეფო კობრამ” უკან დასახევი გზა დაიტოვა.
XS
SM
MD
LG