Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კედელთან მიყენებული პოლკოვნიკი ჯანჯღავა საქართველოს დასატოვებლად ემზადება


მიუხედავად საქართველოს თავდაცვის მინისტრის ძალისხმევისა,

იგი ვერც საკუთარი ძალაუფლებითა და ვერც ავტორიტეტით ვეღარ ახერხებს არმიის რიგებში მიმდინარე დეზინტეგრაციული პროცესების შეჩერებას. მატერიალური რესურსებისა და ფინანსური საშუალებების ნაკლებობა, რითაც გენერალიტეტი აქამდე შეიარაღებულ ძალებში არსებული უკმაყოფილების ახსნას ცდილობდა, საზოგადოების თვალის ასახვევად შექმნილი მითი უფრო აღმოჩნდა. საქართველოს შეიარაღებული ძალებისთვის გაცილებით უფრო საშიშია ოფიცერთა ორი თაობის, ორი განსხვავებული მსოფლმხედველობის დაპირისპირება, რაც 19 ივლისს მომხდარი ოფიცერთა უპრეცედენტო პროტესტის მიზეზი გახდა. და საქართველოს ხელისუფლებას ტყუილად აქვს იმედი, რომ ოფიცრებეზე ზეწოლითა და ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული ოფიცრის, პოლკოვნიკ ნიკოლოზ ჯანჯღავას ინტრიგანად და არაადეკვატურ მეთაურად მონათვლით, ამ დაპირისპირების შეჩერებას შეძლებს.

ნიკა ჯანჯღავა საქართველოს არმიას მეორედ ტოვებს და ამის მიზეზი მეორედაც შეიარაღებული ძალების მართვის მოძველებული სისტემისადმი ახალგაზრდა ოფიცრის შეურიგებელი პოზიცია ხდება.

1997 წელს, როდესაც გენერალი ვარდიკო ნადიბაიძე ჯერ კიდევ საკმაოდ მყარად იჯდა თავდაცვის მინისტრის სავარძელში, საზოგადოება იმხანად სრულიად უცნობი კაპიტნის საგაზეთო აღსარებამ აალაპარაკა. ამერიკის ერთ-ერთი პრესტიჟული სამხედრო სასწავლებლის, "ფორტ ბენინგის" კურსდამთავრებული ახალგაზრდა ოფიცერი საუბრობდა არმიის მშენებლობის საბჭოური მოდელის უპერსპექტივობაზე, გენერალთა კორუმპირებულობაზე, მანკიერ საკადრო პოლიტიკაზე და შიდა დაპირისპირებულობაზე, რაც, საბოლოო ანგარიშით, რეალურ საფრთხეს უქმნიდა ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას.

საკუთარ რიგებში სხვაგვარად მოაზროვნე ოფიცრის აღმოჩენამ წონასწორობა დააკარგვინა გენერალ ნადიბაიძეს, რომელსაც ისედაც არ მოსდიოდა თვალში დასავლური სამხედრო სკოლის კადრები. სასაწრფოდ შეკრებილმა საატესტაციო კომისიამ ერთხმად დაგმო ინტერვიუში მოყვანილი ფაქტები და კაპიტანი ნიკოლოზ ჯანჯღავა ოფიცრის ღირსების შეურაცხმყოფელი საქციელის გამო ჯარიდან დაითხოვა.

მაგრამ თავისი სიმკაცრითა და აბსურდულობით ეს ფორმულირება ახლოსაც ვერ მივა 19 ივლისს თავდაცვის მინისტრ დავით თევზაძის მიერ ტელეკამერების წინაშე წაკითხულ ტექსტთან, რომელშიც ვიცე-პოლკოვნიკ ნიკა ჯანჯღავას ბრალი ედება "არასანქცირებული ინფორმაციის გაცემაში", ინტრიგანობაში, ოფიცრების წაქეზებასა და არაადეკვატურ საქციელში, რაც ძირითადად იმაში გამოიხატება, რომ ჯანჯღავამ "არაჯანსაღი მსჯელობის საგნად აქცია "წვრთნისა და აღჭურვის" პროგრამის მზადების პროცესი". და ეს ყველაფერი ბრალდება ოფიცერს, რომელმაც ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ამერიკის ორი უმაღლესი სამხედრო სასწავლებელი დაამთავრა და დავით თევზაძის პირადი რეკომენდაციით ჯერ სწრაფი რეაგირების ძალების სარდლად, ორი კვირის წინათ კი სახმელეთო ჯარების სარდლის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა.

ყველაზე საინტერესო ისაა, რომ როდესაც 25 მაისს საქართველოს ხელისუფლების სამხედრო პოლიტიკის წინააღმდეგ ქართველ ოფიცერთა ერთმა ნაწილმა ამბოხი წამოიწყო, თევზაძის მთავარი დასაყრდენი სწორედ სწრაფი რეაგირების ძალების "კომანდოსის" ბატალიონი გახლდათ, რომელმაც მუხროვანში მყოფ მეამბოხეთა ლოკალიზება მოახერხა. ამ შემთხვევის შემდეგ ვიცე-პოლკოვნიკი ნიკა ჯანჯღავა კიდევ უფრო ამაღლდა საქართველოს ხელისუფლების თვალში და ლამის ქართველი ოფიცრის ეტალონად იქცა. მაგრამ დღეს იგი უკვე ანტიგმირია. სულ რაღაც საათები გამოდგა საკმარისი იმისთვის, რათა მას პოლკოვნიკ გია კრიალაშვილისა და კობა ოთანაძის ბედი გაეზიარებინა.

და მართლაც, მუხროვანისა და კოჯრის მოვლენებს შორის მართლაც არსებობს ღრმა შინაგანი მსგავსება - არა ის, რაც ზედაპირზე ჩანს, არამედ უფრო საშიში და ხანგრძლივი, რაც, როგორც სამხედრო-სამოქალაქო ურთიერთობის ექსპერტი დავით დარჩიაშვილი მიიჩნევს, საქართველოს შეიარაღებულ ძალებს სამხედრო გადატრიალების შემდეგ მოჰყვება.

[დავით დარჩიაშვილის ხმა] "

ერთი თვის წინათ აშშ-ის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის კოლეჯიდან დაბრუნებული ვიცე-პოლკოვნიკის, ნიკა ჯანჯღავასთვის, ორი კვირაც საკმარისი აღმოჩნდა, რათა საბოლოოდ დარწმუნებულიყო, რომ "ძველი კადრები" მას ხელის თავისუფლად განძრევის საშუალებას არ მისცემდნენ. თუმცა თევზაძე, როგორც ჩანს, ბოლომდე იმედოვნებდა, რომ მაღალ თანამდებობაზე დანიშვნით, იგი რეფორმატორი და მეამბოხე ოფიცრის დუმილს იყიდდა. სწორედ ამ დუმილის დარღვევა ეთვლება დღეს არაადეკვატურ საქციელად ნიკა ჯანჯღავას და მან აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილება მიიღო, რომ წავიდა.

მაგრამ ძალიან ცუდი იქნება, თუ ჯანჯღავა სამხედრო სისტემასთან ერთად საქართველოსაც დატოვებს. როგორც მისი ახლობლები იხსენებენ, 5 წლის წინათ მან ეს ერთხელ უკვე სცადა და რაოდენ უცნაურიც უნდა იყოს, მაშინ ამ ნაბიჯზე მან დავით თევზაძის გამინისტრების შემდეგ თქვა უარი.

19 ივლისის შემდეგ პოლკოვნიკი ნიკა ჯანჯღავა კადრების განკარგულებაში გადაიყვანეს. ეს კი ნიშნავს, რომ სხვაგვარად მოაზროვნე ოფიცერს სამი თვის განმავლობაში შეუნარჩუნდება ხელფასი და კვების კონპენსაცია, ხოლო შემდეგ, თუ თევზაძემ გული მოიბრუნა, მას ან რაიმე სამხედრო თანამდებობას შესთავაზებენ, ან, როგორც პოლკოვნიკ გია კრიალაშვილის შემთხვევაში იყო, ცოტა ხნით მოაშორებენ თვალს რაიმე გამოგონილი დიპლომატიური სტატუსით.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG