გარდა ამისა, ოთხშაბათს ეჭვმიტანილად გამოცხადდა ქვეყნის ენერგეტიკისა და ქვანახშირის მრეწველობის ყოფილი მინისტრი, იჰორ ნასალიკი, რომელმაც სახელმწიფოსათვის საზარალოდ 1,5 მილიარდი ჰრივნის გარიგება დადო უკრაინელ ოლიგარქ დმიტრი ფირტაშის კომპანიასთან.
საგამოძიებო ქმედებების პარალელურად უკრაინაში გაგრძელდა მინისტრთა კაბინეტის მიერ ორი კვირის წინ დაწყებული მასობრივი „საკადრო წმენდა“, რომელიც ამჯერად ქვეყნის საბაჟო და საგადასახადო სამსახურების მთელი ხელმძღვანელობის გადაყენებით დასრულდა.
უკრაინის ხელისუფლებას ამ ნაბიჯებით სურს დაამტკიცოს, რომ ომის მდგომარეობაში მყოფ ქვეყანას შეუძლია ებრძოლოს აგრესორსაც და კორუფციასაც.
გაზაფხულზე აქტიური „ჩაჯენები“ იქნება
1 თებერვალს უკრაინის ხელისუფლებაში თანამდებობებს დაემშვიდობნენ უკრაინის სახელმწიფო საბაჟო სამსახურის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი, ვიაჩესლავ დემჩენკო და მისი ორი მოადგილე, იგივე ბედი გაიზიარა ასევე სახელმწიფო საგადასახადო სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა, ტატიანა კირიენკომ.
უკრაინის მინისტრთა კაბინეტის ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა გამოძიების ბიუროს აგენტების მიერ კიევის მთავარი საგადასახადო სამსახურის ხელმძღვანელების ჩხრეკა. უკრაინული მედიის თანახმად, დედაქალაქის საგადასახადო სამსახურის უფროსი და მისი მოადგილე ეჭვმიტანილი არიან სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი ღირებულების გადასახადის ანაზღაურებასთან დაკავშირებულ უკანონო ქმედებასთან.
23 იანვარს, როდესაც სახელმწიფო მოხელეთა პასუხისმგებლობაზე ლაპარაკობდა, უკრაინის მმართველი პარტია „ხალხის მსახურის“ საპარლამენტო ფრაქციის ლიდერმა დავით არახამიამ თქვა, რომ გაზაფხულზე „აქტიური ჩაჯენები“ დაიწყებოდა. 1 თებერვლის მასობრივი ჩხრეკების და საკადრო წმენდის ფონზე არახამიამ ეს დაპირება კვლავ გაიმეორა.
„საზოგადოებას ინფორმაციას მივაწვდი დაანონსებული საგაზაფხულო ჩაჯენების შესახებ. ქვეყანა ომის დროს შეიცვლება, ხოლო ვინც ცვლილებისთვის მზად არ იქნება, სახელმწიფო თავად მივა მათთან და დაეხმარება ცვლილებისთვის“, - წერს ტელეგრამის არხში უკრაინის მმართველი პარტია „ხალხის მსახურის“ ფრაქციის ხელმძღვანელი დავით არახამია.
და მივიდნენ კიდეც!
1 თებერვალს უკრაინის უშიშროების სამსახურისა და გამოძიების სახელმწიფო ბიუროს გამომძიებლები ჩხრეკის ჩასატარებლად უკრაინაში ორ გავლენიან ადამიანს - ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრ არსენ ავაკოვსა და ოლიგარქ იჰორ კოლომოისკის ესტუმრნენ ჩხრეკისა და საგამოძიებო მოქმედების ჩასატარებლად.
გამომძიებლებს მათთან განსხვავებული შეკითხვები ჰქონდათ.
უკრაინის ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრთან, არსენ ავაკოვთან, ჩხრეკა ჩატარდა 18 იანვარს ბროვარიში ვერტმფრენის ჩამოვარდნასთან დაკავშირებით. ავიაკატასტროფაში 14 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, შინაგან საქმეთა მინისტრი დენის მონასტირსკი და სამინისტროს მთელი ხელმძღვანელობა.
არსენ ავაკოვი ინსტაგრამში გამოეხმაურა მის სახლში ჩატარებულ ჩხრეკას და კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა საგამოძიებო მოქმედებების მიზანშეწონილობა.
„გამომძიებლებს აინტერესებდათ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ შვეულმფრენ Super Puma-ს (Airbus Helicopters H225) შესყიდვასთან დაკავშირებული კონტრაქტები.
გამომძიებლები კორექტულად იქცეოდნენ, მაგრამ ასეთი საგამოძიებო მოქმედების მიზანშეწონილობა მთლიანად ცოტა სულელურად გამოიყურება, კონტრაქტის დადებიდან 6 წლის შემდეგ. შესაბამისად, გამოძიების მიერ ვერაფერი საინტერესო ვერ იქნა აღმოჩენილი“, - წერს არსენ ავაკოვი.
კიევი და პარიზი უკრაინისთვის ფრანგული ვერტმფრენების შესყიდვაზე 2018 წელს შეთანხმდნენ. კონტრაქტის ფარგლებში უკრაინამ კონცერნ Airbus-ისგან მიიღო რამდენიმე Super Puma შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საგანგებო ვითარებათა სახელმწიფო კომიტეტის საჭიროებებისთვის. ავაკოვის თქმით, კონტრაქტი უკრაინის ვერხოვნა რადის მიერ იყო რატიფიცირებული იმავე წელს. გარდა ამისა, საფრანგეთის მთავრობისა და ხაზინის შესაბამისი აუდიტიც გაიარა.
„ამ შვეულმფრენებმა გადაარჩინეს და კვლავაც გადაარჩენენ ათასობით სიცოცხლეს. ამაყი ვარ, რომ ვმონაწილეობდი ამ პროექტში“, - წერს არსენ ავაკოვი.
მისგან განსხვავებით კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია გავლენიან უკრაინელ ოლიგარქ იჰორ კოლომოისკის, რომლის საცხოვრებელი სახლი 1 თებერვალს ასევე გაჩხრიკეს უკრაინის სახელმწიფო უშიშროების სამსახურისა და ეკონომიკური უსაფრთხოების ბიუროს აგენტებმა.
იუწყებიან, რომ ჩხრეკა უკავშირდება შესაძლო მაქინაციების გამოძიებას კომპანიებში Ukrnafta და Ukrtatnafta. საუბარია დიდი ოდენობის, დაახლოებით, 40 მილიარდი ჰრივნის ნავთობპროდუქტების გაფლანგვასა და მსხვილი გადასახადებისთვის თავის არიდებაზე.
იჰორ კოლომოისკი ადრე ორივე კომპანიის მფლობელი იყო, თუმცა 2022 წლის ნოემბერში კომპანიები ნაციონალიზაციას დაუქვემდებარეს.
უკრაინის შესაბამისმა უწყებებმა ჯერჯერობით არ უპასუხეს რადიო თავისუფლების თხოვნას კომენტარზე.
კოლომოისკი უკრაინაში ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანია. იგი არის დნეპროპეტროვსკის ოლქის ყოფილი გუბერნატორი. 2020 წელს კოლომოისკის აშშ-ში წაუყენეს ბრალი მასშტაბურ საბანკო მაქინაციებში.
შარშანდელი მარტის შემდეგ კოლომოისკი და მისი ოჯახის წევრები აშშ-ის სანქციებს ექვემდებარებიან.
შარშან კოლომოისკის უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვა პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, რომელიც პრეზიდენტობის პირველ წელს ცდილობდა მასთან საერთო ენის გამონახვას. 2019 წლის 20 ივნისს, პრეზიდენტმა ზელენსკიმ ბიზნესფორუმზე განაცხადა, რომ შეხვდა სამ უკრაინელ ოლიგარქს: რინატ ახმეტოვს, იჰორ კოლომოისკისა და ვიქტორ პინჩუკს და მიაღწია მათთან გარკვეულ შეთანხმებებს.
საპრეზიდენტო კამპანიის წინ უკრაინის მოქმედმა პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ, თავის მეტოქეს, ვოლოდიმირ ზელენსკის, უწოდა „კოლომოისკის მარიონეტი“. პასუხად ზელენსკიმ განაცხადა, რომ ოლიგარქთან მას აქვს მხოლოდ და მხოლოდ საქმიანი ურთიერთობა.
„ეს ყველაფერი სპორტულ თევზაობას წააგავს“
იჰორ კოლომოისკისა და არსენ ავაკოვთან ჩატარებული ჩხრეკის შესახებ ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის, რომელიც 3 თებერვლისთვის დანიშნული უკრაინა-ევროკავშირის სამიტის სამზადისშია.
სწორედ მოახლოებულ სამიტს უკავშირებენ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის გააქტიურებას დამოუკიდებელი უკრაინელი სამხედრო ექსპერტები, რომლებიც ხელისუფლების მოქმედებაში გარკვეულ სიჩქარეს და პოპულიზმის ნიშნებს ხედავენ.
„ერთი მხრივ, ინფორმაციული თვალსაზრისით ხელისუფლების ეს [ქმედება] გამოიყურება ძალიან ეფექტიანად. მაგრამ, მეორე მხრივ, ცივილიზებულ ქვეყნებში ნებისმიერი გადაწყვეტილება გამაგრებული უნდა იყოს სასამართლოების გადაწყვეტილებით. ანუ ჩხრეკა, დოკუმენტების ამოღება, ფოტოფიქსაცია - ყველაფერი ეს, რა თქმა უნდა, ძალიან კარგია, მაგრამ ვიდრე ამა თუ იმ საქმის გარშემო არ არის ეჭვი აღძრული ვინმეს მიმართ, - ყველაფერი ეს სპორტულ თევზაობას წააგავს. როდესაც მთავარი რაოდენობაა და არა ის, თუ რა აღმოჩნდება ტაფაზე. ამიტომ, ჩემი აზრით, ეს აქტიურობა განპირობებულია ევროკავშირ-უკრაინის სამიტით, რომელიც კიევში ზეგ გაიმართება. და ასევე იმ ამერიკელი რევიზორების სავარაუდო გადაწყვეტილებებით, რომლებიც უკრაინაშიც ჩამოვიდნენ ვაშინგტონის მიერ გამოყოფილი სახსრების გამოყენების შესასწავლად“, - ამბობს ევჰენ მაგდა, კიევში არსებული „მსოფლიო პოლიტიკის ინსტიტუტის“ დირექტორი.
ევროკავშირმა არაერთხელ შეახსენა კიევს, რომ მიუხედავად მძიმე საომარი მდგომარეობისა, ევროკავშირში სამომავლო გაწევრიანების მსურველი კანდიდატი ქვეყნისათვის ანტიკორუფციული ზომების გატარება მნიშვნელოვანი წინაპირობაა კიდევ უფრო მეტი საფინანსო დახმარების მისაღებად.
„უკრაინამ მომავალში მეტს უნდა მიაღწიოს კორუფციის გამოვლინების საქმეში. ევროკომისია მიესალმება კორუფციაში ბრალდებების გამოძიებას“, - განაცხადა კომისიის პრესმდივანმა, ანა პისონერომ.
ევროკავშირმა უკრაინას იანვრის ბოლოს 3 მილიარდი ევროს ოდენობის კრედიტი გადაურიცხა. წლის ბოლომდე ეს თანხა 15 მილიარდი ევროთი უნდა გაიზარდოს. კიევში ესმით, რომ ევროკავშირის ფინანსურ დახმარებაზე დიდწილად არის დამოკიდებული რუსეთთან გამანადგურებელ ომში მყოფ ქვეყანაში ეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნება.
„ყველა დონის მოხელისათვის მე ერთი სიგნალი მაქვს: ძველ დროში დაბრუნება აღარ იქნება. უკრაინა ევროპული გზით მიდის და არ გადაუხვევს მას“, - განაცხადა 1 თებერვალს უკრაინის გენერალურმა პროკურორმა, ანდრეი კოსტინმა.
დღესვე უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ ოფიციალურად წარუდგინა ბრალი უკრაინის ექსთავდაცვის მინისტრის მოადგილეს, ვიაჩესლავ შაპოვალოვს და თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების მთავარი დეპარტამენტის ყოფილ დირექტორს, ბოჰდან ხმელნიცკის, რომლებმაც თანამდებობა საკადრო წმენდის პირველი დიდი ტალღის დროს, მიმდინარე წლის 22-24 იანვარს დატოვეს.