უკრაინის სახელმწიფო უშიშროების სამსახურისა და ეკონომიკური უსაფრთხოების ბიუროს აგენტებმა 1 თებერვალს გაჩხრიკეს მილიარდერი ბიზნესმენის, იჰორ კოლომოისკის სახლი, იტყობინება უკრაინული მედია ანონიმურად დატოვებულ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით.
იუწყებიან, რომ ჩხრეკა უკავშირდება შესაძლო მაქინაციების გამოძიებას კომპანიებში Ukrnafta და Ukrtatnafta. საუბარია დიდი ოდენობის ნავთობპროდუქტების გაფლანგვაზე და მსხვილი გადასახადებისთვის თავის არიდებაზე, წერს "უკრაინსკაია პრავდა".
იჰორ კოლომოისკი ადრე ორივე კომპანიის მფლობელი იყო, თუმცა 2022 წლის ნოემბერში კომპანიები ნაციონალიზაციას დაუქვემდებარეს.
უკრაინის შესაბამისმა უწყებებმა ჯერჯერობით არ უპასუხეს რადიო თავისუფლების თხოვნას კომენტარზე.
კოლომოისკი უკრაინაში ერთ-ერთი უმდიდრესი პირია. იგი არის დნეპროპეტროვსკის ოლქის ყოფილი გუბერნატორი. 2020 წელს კოლომოისკის აშშ-ში წაუყენეს ბრალი მასშტაბურ საბანკო მაქინაციებში.
შარშანდელი მარტის შემდეგ კოლომოისკი და მისი ოჯახის წევრები აშშ-ის სანქციებს ექვემდებარებიან.
შარშან კოლომოისკის უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვა პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.