მას შემდეგ, რაც 4 დეკემბერს პოლიციამ დაიწყო პოლიტიკური პარტიების ოფისების, ასევე სამოქალაქო აქტივისტების ბინების ჩხრეკა, ადამიანის უფლებათა დამცველები მოქალაქეებს ურჩევენ, როგორ უნდა მოიქცნენ ასეთ შემთხვევაში.
საბა ბრაჭველი, „ღია საზოგადოების ფონდის“ იურისტი, წერს:
- „თუ სახლში მოგადგნენ და აკაკუნებენ, არ შეშინდეთ და დაპანიკდეთ, დარეკეთ ცხელ ხაზზე 577070563
- სანამ კარს გააღებთ, გადით ლაივში (გაქვთ ამის უფლება). ვიდეოს ლაივი ჯობია, რადგან ვერ წაგიშლიან
- არ დააწყებინოთ ჩხრეკა, სანამ ადვოკატი არ მოვა. რაღაც ეტაპზე კარის გაღებას მოგთხოვენ, მაგრამ ეცადეთ, ადვოკატისთვის დრო მოიგოთ
- შეგიძლიათ ასევე მოსთხოვოთ ჩხრეკის დადგენილების/განჩინების გაცნობა“.
ბინებისა და ავტომობილების ჩხრეკის შემთხვევებისთვის,მოქალაქეებისთვის რჩევები გამოაქვეყნა არასამთავრობო ორგანიზაცია „სოციალური სამართლიანობის ცენტრმა“.
„ამოღების ან ჩხრეკის დაწყებამდე, გამომძიებელი ვალდებულია, ხელმოწერით გაგაცნოს სასამართლო განჩინება ან დადგენილება, რომლის მიხედვით ტარდება პროცედურა“, - წერს ორგანიზაცია.
4 დეკემბერს არაერთი ადამიანი დააკავეს, მათ შორის ოპოზიციონერი ლიდერი ნიკა გვარამია, „გირჩის“ წევრი გელა ხასაია, ასევე „ლელოს“ ორი წევრი.
ჩხრეკა ტარდება პოლიტიკური პარტიების - „გირჩი-დროას“, „ახლის“, „ნაციონალური მოძრაობის“ - ოფისებში.
ასევე - სამოქალაქო აქტივისტების სახლებში. მათ შორის ჯგუფ „დაიტოვეს“ ადმინისტრატორის, ილია ღლონტის ბინაში. ჩხრეკა ჩატარდა ამავე ჯგუფის დამფუძნებლის, ნენსი ვოლანდის ბინაში.
არაერთი აქტივისტი წერს, რომ პოლიცია მათ ბინებში ჩხრეკას ატარებს.
ფორუმი