ტრაგიკული ინფორმაცია ნონიაშვილის ოჯახის ახლობელმა, წარსულში ასევე უკრაინის ტერიტორიული თავდაცვის მოხალისემ, ლაშა დიაროვმა, 17 იანვარს თავის ფეისბუკის გვერდზე გამოაქვეყნა.
„გუშინ გაგიზიარეთ სულისშემძვრელი ისტორია, სამწუხაროდ, უკვე დადასტურებულად შემიძლია გითხრათ, რომ რუსულ ტყვეობაში მყოფი ჩვენი გმირის, ზაქრო ნონიაშვილის მეუღლის, შვილისა და სიდედრის გადარჩენა ვერ მოხერხდა".- წერს ლაშა დიაროვი.
თავდაპირველად ზაქრო ნონიაშვილის ცოლ-შვილი და სიდედრი უგზო-უკვლოდ დაკარგულებად ითვლებოდნენ, მაგრამ სამაშველო სამუშაოების შემდეგ აღმოჩნდა, რომ დაბომბვას სამივე მათგანი შეეწირა. ამის შესახებ უკვე ოფიციალურად აცნობეს საქართველოში მყოფ ზაქრო ნონიაშვილის დას, ნონა ნონიაშვილს, რომელიც შეძრულია იმ განსაცდელით, რაც რუსეთის ტყვეობაში მყოფ მის ძმას დაატყდა.
„ჩემი ძმისშვილი, ლიანა ნონიაშვილი, 19 წლის იყო. იგი ჯერ ხარკოვის უნივერსიტეტის სტუდენტი იყო და საქართველოს საელჩოს დახმარებით, დავიხსენით იმ ხარკოვიდან, გამოვიყვანეთ როგორც იქნა. შემდეგ ცხოვრობდა ქალაქ დნეპრში და მერე ოდესაში. წავიდა გერმანიაში, შეიტანა საბუთები, ჩააბარა გასაუბრება და [დაბრუნდა დნეპრში] ონლაინ სწავლობდა. არ ჩააგდო წელი, მაგრამ აი, რა მოხდა. მტერს არ ვუსურვებ იმის წარმოდგენას, თუ რა მდგომარეობაში აღმოჩნდება ჩემი ძმა, როდესაც გამოვა და ოჯახი აღარ დახვდება“, - ამბობს ნონა ნონიაშვილი, რომელიც რადიო თავისუფლებას უდასტურებს, რომ მისი ძმა რამდენიმე თვეა რუსეთის ტყვეობაშია.
ლაშა დიაროვის ინფორმაციით, ზაქრო ნონიაშვილის გარდა, რუსეთის ტყვეობაში ამჟამად კიდევ ორი ქართველი წარმომავლობის მებრძოლი უნდა იმყოფებოდეს.
„სამივე მათგანი იბრძოდა „აზოვსტალში“, იცავდნენ მარიუპოლს და ახლა, ამ წუთას იმყოფებიან ტყვეობაში. და არიან ცოცხლები... მეორე ადამიანის მშობელმა დედამ მთხოვა მე, რომ მისი შვილის სახელი და გვარი არ მეხსენებინა, რადგან შიშობს, რომ მის შვილს შეიძლება რაიმე პრობლემა შეექმნას. ამიტომ თავს შევიკავებ. და ასევე არის მესამე, ძალიან კარგი ადამიანი, გვარად ჭინჭარაული. ის მოხალისედ იბრძოდა და შემდეგ დარჩა მარიუპოლში“, - გვიამბობს ლაშა დიაროვი.
დიაროვის თანახმად, ზაქრო ნონიაშვილი დაიბადა საქართველოში, მაგრამ ცხოვრობდა უკრაინაში, იქ შექმნა ოჯახი, მიიღო უკრაინის მოქალაქეობა. ასევე უკრაინის მოქალაქე უნდა იყოს რუსეთის ტყვეობაში მყოფი ქართული წარმოშობის კიდევ ორი მებრძოლი. მათი ვინაობა იცის უკრაინის ხელმძღვანელობამ, რომელიც ცდილობს მათ გათავისუფლებას რუსეთ-უკრაინას შორის მიმდინარე ტყვეთა გაცვლის პროცესში.
„ჩემი [უკრაინელი] მეგობრების მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ვინც უშუალოდ არიან ჩართული ამ პროცესში, არსებობს კონკრეტული გეგმა, რომლის მიხედვით ხდება უკრაინელი სამხედროების გაცვლა რუს ტყვეებში და მათი გათავისუფლება. ანუ, ეს ხალხიც, ჩემ მიერ ჩამოთვლილი სამი ადამიანიც არის ამ სიაში, უბრალოდ მათი [გათავისუფლების] დრო, უხეშად რომ ვთქვათ, ჯერ არ დადგა. როგორც კი დადგება ამ გეგმის მიხედვით ამ ადამიანების გათავისუფლების დრო, რა თქმა უნდა, მოხდება მათი გათავისუფლებაც“, - ამბობს დიაროვი.
„ყველასადმი ერთი თხოვნა მაქვს, არ დაწეროთ ისეთი რამ, რაც ჩემს ძმას ავნებს, კიდევ უფრო აგრესიულს გახდის მეორე მხარეს და ხელს შეუშლის მის გაცვლას“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ნონა ნონიაშვილი, რომელსაც უკრაინის ხელისუფლებაში დღემდე ვერავინ უთხრა ზუსტად, თუ როდის შეეხება გაცვლა ტყვეობაში მყოფ მის ძმას.
რუსეთის საოკუპაციო ჯარების მხრიდან ქალაქ მარიუპოლის ბლოკადა დაიწყო 2022 წლის მარტის დასაწყისში და გაგრძელდა მაისის შუა რიცხვებამდე, ვიდრე „აზოვსტალის“ ქარხანა არ დატოვეს მისმა ბოლო დამცველებმა, რომლებმაც, წინასწარი შეთანხმების თანახმად, იარაღი დაყარეს და მოწინააღმდეგეს ჩაბარდნენ. მხარეთა შორის მოლაპარაკების შედეგად უკრაინამ შეძლო მარიუპოლის დამცველთა დიდი ნაწილის დაბრუნება.
რუსეთმა და უკრაინამ ტყვეების პირველი ჯგუფები 2023 წელსაც გაცვალეს. მათ შორის იყო მარიუპოლის დამცველი რამდენიმე მებრძოლიც.
რუსეთის ტყვეობაში ამჟამად დაახლოებით 3400 უკრაინელი სამხედრო მოსამსახურე უნდა იმყოფებოდეს. ამის შესახებ სამხედროების უფლებების საკითხებში უკრაინის რწმუნებულმა, ოლენა ვერბიცკაიმ დეკემბრის ბოლოს განაცხადა გერმანულ გამოცემა RND-სთან ინტერვიუში.
თურქეთის ომბუდსმენის განცხადებით, რომელიც უკრაინისა და რუსეთის სახალხო დამცველების შეხვედრა ესწრებოდა, მხარეები დიდი რაოდენობით სამხედრო ტყვეების გაცვლაზე მუშაობენ, რომელშიც მონაწილეობა შესაძლოა 1000 ადამიანმა მიიღოს.
„შეხვედრაზე, რომელსაც ვესწრებოდი, უკრაინის ომბუდსმენმა რუსულ მხარეს 800-კაციანი სია, რუსეთის ომბუდსმენმა თავის უკრაინელ კოლეგას კი 200-კაციანი სია გადასცა“, - თქვა თურქეთის ომბუდსმენმა, შერეფ მალკოჩმა. ამ ინფორმაციას CNN Turk-ი ავრცელებს.