უკრაინის სახალხო დამცველმა, დმიტრო ლუბინეცმა რუსეთს გადასცა დაჭრილი უკრაინელი სამხედროების სია, რომლებიც რუსეთის მხარეს ტყვედ ჰყავს აყვანილი. სია 800 სამხედროსგან შედგება. ინფორმაციას „უკრაინსკაია პრავდა“ ავრცელებს.
„ლაპარაკია არა რაოდენობრივ გაცვლაზე, არამედ კონკრეტულად რეპატრიაციაზე - ყველანაირი პირობის გარეშე, ორივე მხრიდან. ეს ინიციატივა პირველად გაისმა. ჩვენ გადავეცით სამხედროების სია, რომლებიც ჩვენი ინფორმაციით, არიან დაჭრილები და მძიმედ დაჭრილები. ლაპარაკია 800 დაჭრილზე“, - აცხადებს დმიტრო ლუბინეცი.
მისივე სიტყვებით, რუსეთმა საკუთარი სია გადასცა უკრაინის მხარეს:
„ვთვლი, რომ ეს პოზიტიური ნაბიჯია. რუსეთმა, ყოველ შემთხვევაში, ჩვენს ინიციატივას მხარდაჭერა გამოუცხადა. ახლა, ვნახოთ, რა იქნება“, - ამბობს ლუბინეცი.
10 იანვარს თურქეთში გაიმართა უკრაინის და რუსეთის სახალხო დამცველების, დმიტრო ლუბინეცის და ტატიანა მოსკალკოვას შეხვედრა. ტყვეთა რეპატრიაციის შესახებ ინფორმაცია ომბუდსმენებმა სწორედ ამ შეხვედრაზე გაცვალეს.