Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დემონსტრანტებმა 5:30 საათისთვის თსუ-სთან გადაინაცვლეს - წყლის ჭავლის მანქანა რუსთაველიდან გავიდა


დემონსტრაციამ თსუ-სთან გადაინაცვლა.
დემონსტრაციამ თსუ-სთან გადაინაცვლა.

საპროტესტო აქციამ, სპეცრაზმთან მრავალსაათიანი დაპირისპირების შემდეგ, 3 დეკემბერს, 05:30 საათისათვის ილია ჭავჭავაძის გამზირზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან გადაინაცვლა.

ამის შემდეგ წყლის ჭავლის მანქანამ, რომელიც რუსთაველის გამზირზე, სასტუმრო „თბილისი მერიოტთან“ იყო მობილიზებული, ტერიტორია დატოვა. ტერიტორია დატოვეს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებმაც.

რამდენიმე ასეული ადამიანი ახლა თსუ-სთან არის შეკრებილი. პროტესტი გრძელდება. „გამოდით! გამოდით!“ - სკანდირებენ ისინი და მოქალაქეებს მოუწოდებენ, შეუერთდნენ აქციას.

პოლიციელთა ნაწილმა მოგვიანებით რუსთაველის გამზირზე მსვლელობა გააგრძელა. მათ 06:00 საათისთვის რესპუბლიკის მოედანი დაიკავეს.

პარალელურად, დასუფთავების სამსახურმა რუსთაველის გამზირის დასუფთავება დაიწყო.

2 დეკემბრის საღამოსა და 3 დეკემბრის ღამით მოვლენები წინა დღეებისგან განსხვავებულად განვითარდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 21:45 საათზე, - წინა დღეებთან შედარებით, უფრო ადრე - დაიწყო დემონსტრაციის ძალის გამოყენებით დაშლა. გამოიყენეს წყლის ჭავლი და ცრემლმდენი გაზი.

მანამდე, აქციის მონაწილეების შეკრებიდან რამდენიმე წუთში, დაახლოებით 19:30 საათზე, პარლამენტის შენობის ეზოდან, სახანძრო მანქანებიდან გამოიყენეს წყლის ჭავლი მომიტინგეების წინააღმდეგ.

სპეცრაზმის მხრიდან სპეციალური საშუალებების გამოყენების მიუხედავად, თბილისის ცენტრში პროევროპული აქცია გაგრძელდა.

აქციის მონაწილეების ძირითადი ნაწილი რუსთაველის გამზირზე იყო გამაგრებული. სპეცრაზმელები პერიოდულად მომიტინგეების მისამართით გაზის კაფსულებს ისროდნენ.

მოქალაქეთა კიდევ ერთი ჯგუფი კი სანაპიროდან მსვლელობით მივიდა თავისუფლების მოედნის მიმდებარე ტერიტორიასთან. მათ ადგილზე სპეცრაზმის კორდონი დახვდათ და აღარ მიეცათ მოედნის მიმართულებით გზის გაგრძელების საშუალება.

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ დღევანდელ ღამეს მოვლენები „შემაშფოთებლად განვითარდა“: „მშვიდობიანი დემონსტრაციები სულ ახალი დაწყებული იყო, როდესაც დარბევა დაიწყო“.

პრეზიდენტის შეფასებით, „ეს არის თავდასხმა გამოხატვის თავისუფლებასა და პროტესტის უფლებაზე“. „დარღვეულია ძირითადი უფლებები, რომ აღარაფერი ვთქვათ იმაზე, თუ როგორ აპატიმრებენ და ეპყრობიან ადამიანებს დაკავებისას“, - წერს იგი პლატფორმა X-ზე.

ფორუმი

XS
SM
MD
LG