მაკა ბოჭორიშვილი და მისი კოლეგა, ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრი ალექსანდერ შალენბერგი 5 დეკემბერს შეხვდნენ ერთმანეთს მალტაში, ეუთოს მინისტრთა საბჭოს 31-ე მინისტერიალის ფარგლებში.
შეხვედრის შესახებ მინისტრებმა/სამინისტროებმა განსხვავებული ინფორმაცია გამოაქვეყნეს.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესცენტრს მინისტრ მაკა ბოჭორიშვილის ავსტრიელ კოლეგასთან შეხვედრაზე გავრცელებულ ცნობაში არაფერი უთქვამს ამ უკანასკნელის მიერ შეკრების და გამოხატვის თავისუფლების სრული პატივისცემის აუცილებლობაზე ხაზგასმის შესახებ.
საქართველოს საგარეო უწყებამ პლატფორმა X-ზე დაწერა, რომ მინისტრებმა ორი ქვეყნის თანამშრომლობა განიხილეს და „მაკა ბოჭორიშვილმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი საქართველოს დამსახურებულ ადგილს ევროპულ ოჯახში და მადლიერება გამოხატა საქართველოსადმი ავსტრიის ურყევი მხარდაჭერისათვის“.
ამასთან, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესცენტრის გავრცელებული ინფორმაციით:
- „საუბარი შეეხო საქართველოში მიმდინარე პროცესებს და ხელისუფლების მიზანს, მაქსიმალური ძალისხმევა მიმართოს ევროინტეგრაციის გზაზე შემდგომი პროგრესისთვის;
- მაკა ბოჭორიშვილმა ავსტრიელ კოლეგას საქართველოს ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
- აღინიშნა, რომ ავსტრია გააგრძელებს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე საქართველოს გვერდში დგომას.
- მინისტრმა [ავსტრიელ] კოლეგას ასევე მიაწოდა ინფორმაცია საპარლამენტო არჩევნებისა და საერთაშორისო დამკვირვებლების ჩართულობის შესახებ;
- შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოზე. მაკა ბოჭორიშვილმა კოლეგას მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მძიმე ვითარების შესახებ“.
ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ალექსანდერ შალენბერგის X-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, ის არის „უკიდურესად შეშფოთებული საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენებით“.
„მე ხაზგასმით აღვნიშნე შეკრების და გამოხატვის თავისუფლების სრული პატივისცემის აუცილებლობა“, - წერს ის.
„დროა, ხელისუფლებამ დაიწყოს ოპოზიციასთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან მოლაპარაკებები პოლარიზაციის დეესკალაციის მიზნით“, - დაწერა მინისტრმა შალენბერგმა.
მაკა ბოჭორიშვილი ასევე შეხვდა აზერბაიჯანელ კოლეგა ჯეიჰუნ ბაირამოვს, სლოვაკეთისა და ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს, იურაი ბლანარსა და ელინა ვალტონენს.
საქართველოს მთავრობის ახალი შემადგენლობა 28 ნოემბერს დაამტკიცა პარლამენტმა, რომლის ლეგიტიმურობასაც პრეზიდენტი და ოპოზიციური პარტიები არ ცნობენ.
მაკა ბოჭორიშვილი, - რომელმაც ილია დარჩიაშვილი შეცვალა, - უფლებამოსილების შესრულებას ოფიციალურად 1 დეკემბერს შეუდგა.
ფორუმი