ბრძოლები წინა საუკუნეებში ისეთი არ იყო, როგორიც შეიძლება წარმოგვედგინოს. სტერეოტიპების შექმნაში დიდი წვლილი მიუძღვის ფილმებს, რომლებიც ხშირად რეალობას არ ემთხვევა.იბრძოდა არა ყველა, არამედ არისტოკრატია, ბრძოლა კი ცოტა ხანს გრძელდებოდა.
გამოთქმა „ქუდზე კაცი“, რასაც ყველა მამაკაცის ომში წასვლა უნდა მოჰყოლოდა, ყოველთვის არ იყო აქტუალური. ქვეყანას ძირითადად თავადაზნაურობა იცავდა. ეს იყო მისი მოვალეობა გლეხის მიმართ.
„შუა საუკუნეების დროს ჩვენი კოზირი მძიმედ შეიარაღებული ცხენოსანი მხედრობაა. ამას უცხოური წყაროებიც აღნიშნავდა და ქართულიც... თან, ერთი კაცის აღჭურვილობა 40-44 ძროხის ფასი ღირდა, რისი საშუალებაც გლეხს არ გააჩნდა“, - ამბობს რადიო თავისუფლებასთან საუბარში ისტორიკოსი მამუკა წურწუმია.
ისტორიკოსი ნიკა ხოფერია კი ამბობს, რომ შუა საუკუნეებში არც ერთ სახელმწიფოში არ ჰყავდათ მუდმივი ჯარი, მაგრამ იყვნენ მცირერიცხოვანი (1000-3000 კაცი) გვარდიული ნაწილები, ტაძრეულები. ისინი ჰყავდა როგორც მეფეს, ასევე დიდ ფეოდალებს. როცა არ უნდა შემოსულიყო მტერი, ეს ნაწილები უცებ იკრიბებოდნენ და უპირისპირდებოდნენ მომხდურთ. ომის დროსაც მთავარი დატვირთვა მათზე მოდიოდა. გვარდიელები, როგორც წესი, არაქართველები იყვნენ, მონა სპები, რაც მაშინ, დაახლოებით, იგივე იყო, რაც დაქირავებულ მეომარი.
ერთსაათიანი ომები
„მე-5-დან მე-9 საუკუნემდე ყველა მამაკაცი გადიოდა საბრძოლველად. ქართულში ჯარი და ხალხი ხშირად ერთი სიტყვით მოიხსენიებოდა. მაგრამ შემდეგ, როცა ფეოდალური სისტემა ჩამოყალიბდა, ბრძოლის მოვალეობა მათ აიღეს. გლეხები იმ შემთხვევაში გამოდიოდნენ, თუ ალყა იყო საჭირო ან ციხესიმაგრის დაცვა.მაშინ ჯარის რაოდენობა მცირერიცხოვანი იყო, 10-30 ათასი კაცი“, - ამბობს ისტორიკოსი ნიკა ხოფერია.
ასევე ხანმოკლე იყო ბრძოლებიც. მამუკა წურწუმიას თქმით, საშუალოდ ერთი საათი, მაქსიმუმ - სამი. მძიმედ შეჭურვილი მხედრობა ამ დროის მერე, უბრალოდ, იღლებოდა.
რაც შეეხება მთის მოსახლეობას, სადაც ფეოდალური სისტემა არ მოქმედებდა, ნიკა ხოფერია ამბობს, რომ ომში ყველა მიდიოდა და ძირითადად ქვეითი ჯარის სახით. ეს მრავალრიცხოვანიჯარი ხშირად ხდებოდა მეფეების დასაყრდენი.
გლეხის აღჭურვილობა რადიკალურად განსხვავდებოდა ფეოდალის აღჭურვილობისგან. თუ აზნაური მთლიანად რკინაში იჯდა, გლეხს ლითონის შეიძლება მხოლოდ შუბი ჰქონოდა, უფრო სწორად,ხის ტარზე დამაგრებული შუბისწვერი. ჰქონდა, ასევე, თექის მუზარადი და მოსასხამი. ცალკე ამბავი იყო ცხენის შოვნა.
ომში ფეხით წასულების ამბავი
„დიდებული ომში რომ წასულიყო, მინიმუმ სამი ცხენი სჭირდებოდა“, - ამბობს მამუკა წურწუმია. ერთი სამგზავრო ცხენი იყო, მეორე - ბარგისთვის, მესამე - საბრძოლო. გლეხები კი არცთუ იშვიათად ფეხით მიდიოდნენ.
„არის ერეკლე მეფის ბრძანება: გლეხებმა იციან ხშირად, ომში წასულები ცხენებს სახლში ტოვებენ, და ყურადღება მიაქციეთ, გლეხი ცხენით მივიდეს ომშიო. ცხენი არა მარტო საბრძოლოდ იყო საჭირო, არამედ წაგებულ ომში უკან გამოსაქცევადაც. მაგრამ გლეხი თავის სიცოცხლეს აგდებდა ხიფათში, ოღონდ ცხენი (სამეურნეო ძალა) გადაერჩინა და სახლში დაეტოვებინა“, - ამბობს მამუკა წურწუმია.
აბჯარი ცხენისთვის
შეჯავშნული ცხენითითქოს მხოლოდ ევროპისთვის არის დამახასიათებელი, მაგრამ ირკვევა, რომ აბჯარს ცხენისთვის ქართველებიც აკეთებდნენ. მეტიც, ერთი ბრძოლა სწორედ იმის გამო წააგეს, რომ შეჯავშნული ცხენები მალე დაიღალნენ. მამუკა წურწუმია თავის წიგნში „საქართველოს სამხედრო ოსტორიის საკითხები“ წერს: მართალია, ცხენის ჯავშანი არ შემონახულა და არც გამოსახულებებზე ჩანს, მაგრამ მას ვხდებით ისტორიულ ტექსტებშიო:
„ცხენ თოროსანს“ ჯერ კიდევ ჯუანშერი ახსენებს ვახტანგ გორგასლის მხედრობის აღწერისას. უკვე ათი საუკუნის შემდეგ „ცხენი თოროსანი“ უჩუქებიათ ცხრაზმისხევის ერისთავისთვის. საცხენე ჯავშანი დაცული იყო სახელმწიფო ზარდახშაში. მე-11 საუკუნის ბიზანტიელი ავტორი მიხეილ ატალიატე წერს:„ქართველთა სიმამაცეს არა მხოლოდ სიმრავლე განაპირობებდა, არამედ ისიც, რომ უმძლავრესი აბჯრით იყვნენ დაცული და არა მხოლოდ საკუთარ თავს, არამედ შეჯავშნულ და მოუწყლად ცხენებსაც ყოველ მხრიდან [აბჯრით] ფარავდნენ“.
აბჯარი ცხენს იცავდა, თუმცა ის ძალზე მძიმე იყო. ამასთან, როგორც ცხენს, ასევე მხედარს უჭირდა აბჯარში გაძლება. რკინა, მით უფრო სიცხეში, სხეულს ცოცხლად ხარშავდა. მამუკა წურწუმია ყურადღებას ამახვილებს იმაზეც, რომ სიტყვა „თორნი“ ორი დატვირთვითაა (როგორც ქართულად, ასევე სხვა ენებზეც): თორნ-ი - ჯავშანი და თორნ-ე - ღუმელი.
გარდა რკინისა, არსებობდა ტყავისა და ქსოვილის აბჯრებიც. იყო ლითონის საშუბლე, რომელიც ცხენს თავზე უკეთდებოდა, და კისრის ჯავშანი, რომელიც ცხენს ზემოდან დარტყმული ხმლისგან იცავდა. ამგვარ აბჯარს ნიკორწმინდის რელიეფებსა და ადიშის ხატებზე ვხვდებით.
უნდა აღინიშნოს, რომ შუა საუკუნეებშიც, ისევე როგორც დღეს, ძალიან მჭიდრო კავშირი იყო მეომრის აღჭურვილობასა და მის ფსიქოლოგიურ მდგრადობას შორის. კარგი აღჭურვილობა, როგორც წესი, დაცულობას ნიშნავს. შესაბამისად, რამდენადაც კარგი იყო აღჭურვილობა, იმდენად დაცულად და მხნედ გრძნობდა თავს მეომარი, რაც ზრდიდა შანსს, რომ ბრძოლა გამარჯვებით დასრულებულიყო.