Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯანდაცვის სამინისტრო: სამედიცინო დაწესებულებებში რჩება სამი პირი


ამ დროისთვის სამედიცინო დაწესებულებებში რჩება რუსთაველის გამზირზე აქციის დაშლის დროს დაკავებული სამი პირი - ეს ინფორმაცია რადიო თავისუფლებას ჯანდაცვის სამინისტროში მიაწოდეს. უწყება არ ადასტურებს გავრცელებულ ცნობას იმის შესახებ, რომ ერთმა პირმა თვალი დაკარგა.

„სულ ოთხი ადამიანი იყო ჰოსპიტალიზებული. ამ დროისთვის ერთი სამოქალაქო პირი უკვე გაწერილია სამედიცინო დაწესებულებიდან, ხოლო დანარჩენი სამი ჯერ ისევ ექიმების დაკვირვების ქვეშ იმყოფება. ერთ პირზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ თითქოს გონება დაკარგა, თუმცა დადასტურებულად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მას გამოუვლინდა ალკოჰოლური ინტოქსიკაცია. დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

არცერთ პაციენტს არა აქვს დაზიანებული თვალი, ცალსახად არ დასტურდება თვალის ამოვარდნის ფაქტი. ერთ პაციენტს აქვს დაზიანება სახის არეში, თუმცა მიმდინარეობს კვლევები და ჯერჯერობით არ გვაქვს ინფორმაცია სახის ძვლების მოტეხილობასთან დაკავშირებით. დაშავებულებს შორის არის ჟურნალისტიც, რომელსაც დაზიანებული აქვს “, - განუცხადეს რადიო თავისუფლებას ჯანდაცვის სამინისტროში.

“მთავარი არხის” ინფორმაციით, 26 ნოემბერს, გამთენიისას, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, აქციის დაშლის დროს დაშავდა ტელეკომპანიის ჟურნალისტი ვასილ დაბრუნდაშვილი. როგორც თავად დაბრუნდაშვილმა განაცხადა “მთავარი არხის” ეთერში, ის აქციის დაშლის დროს წაიქცა და ხელი დაუზიანდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 26 ნოემბერს, გამთენიისას, აქციის დაშლისას 3 ადამიანი დაშავდა, ხოლო ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის დააკავეს 28 პირი.

საპოლიციო ძალებმა წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალეს პარლამენტის შესასვლელებთან მიმდინარე პიკეტირების აქცია.

XS
SM
MD
LG