მას შემდეგ, რაც საჯად ჰეიდარიმ თავის 17 წლის ცოლს, მონა ჰეიდარის, თავი მოჰკვეთა, მისი მოკვეთილი თავით ყველას დასანახად დადიოდა სამხრეთ-დასავლეთ ირანის ქალაქ აჰვაზის ქუჩებში და ამით ცდილობდა დაემტკიცებინა, რომ „ღირსეული კაცია“. საზარელი სცენის ამსახველი კადრები, სადაც ის იღიმება, ინტერნეტში გამოქვეყნდა.
მონა ჰეიდარის მკვლელობა, რომლის შესახებაც 5 თებერვალს გახდა ცნობილი, ე.წ. ღირსების მკვლელობის უკანასკნელი გამოქვეყნებული შემთხვევაა, რომლის დროსაც ქალებს კლავენ მათი მამაკაცი ნათესავები იმ მოტივით, რომ მათ შეურაცხყვეს თავიანთი ოჯახი სავარაუდო მორალური დანაშაულებით, მათ შორის, გაქცევის, მრუშობის, განქორწინების მოთხოვნით, ან თუნდაც ოჯახის რეპუტაციის შემლახველი უსაფუძვლო ბრალდებების გამო.
„თავმოკვეთილი ბავშვი-პატარძალი დღეს შეიძლებოდა ცოცხალი ყოფილიყო, ირანის მთავრობას რომ მიეღო კანონები ბავშვთა ქორწინების სასტიკი პრაქტიკის წინააღმდეგ და ოჯახში ძალადობისგან დასაცავად...ჰადი ღაემი
ხუზესტანის პროვინციის დედაქალაქში მომხდარმა საზარელმა მკვლელობამ შეაძრწუნა ქვეყანა და განაახლა დისკუსია ქალების წინააღმდეგ ფართოდ გავრცელებული ძალადობისა და კანონის მიერ მათი დაცვის არარსებობის შესახებ. მონა ჰეიდარზე ჰყვებიან, რომ მკვლელობამდე, თურქეთში გაიქცა სირიელ კაცთან ერთად, რომელიც ინტერნეტით გაიცნო. ახალგაზრდა ცოლი და 3 წლის ბიჭუნას დედა რამდენიმე დღეში მოკლეს მას შემდეგ, რაც ის მამასა და ბიძასთან ერთად ირანში დაბრუნდა და, როგორც ამბობენ, თავისი ოჯახისგან უსაფრთხოების დაპირება მიიღო. მისი ქმარი და მისი ძმა, რომელიც მას, სავარაუდოდ, დანაშაულის ჩადენაში დაეხმარა, დაპატიმრებულები არიან. მონა ჰეიდარი, როგორც მისი ცხოვრებიდან არის ცნობილი, იძულებით გაათხოვეს თავის ბიძაშვილზე და მხოლოდ 14 წლის იყო, როცა ვაჟი ეყოლა. ირანული მედიის თანახმად, როგორც ამბობენ, ქმარი მასზე ძალადობდა და უარს ეუბნებოდა გაშორებაზე.
ირანში ბევრი ადანაშაულებს ისლამურ სამართლებრივ სისტემას, ისევე როგორც პატრიარქალურ კულტურას და ტრადიციებს, ისეთი გარემოს შექმნაში, რომელიც ასეთი მკვლელობის საშუალებას იძლევა. ორი წელიც არ გასულა მას შემდეგ, რაც 14 წლის რომინა აშრაფის მამამისმა თავი მოჰკვეთა ჩრდილოეთ ირანში. აშრაფის მამას, რომელმაც წინასწარ იურისტთან გაიარა კონსულტაცია იმის გასარკვევად, თუ რა სასჯელი ელოდა ასეთი დანაშაულისთვის, მოგვიანებით რვაწლიანი პატიმრობა მიესაჯა.
ამერიკაში მცხოვრებმა სოციოლოგმა, ჰოსეინ ღაზიანმა რადიო თავისუფლების სპარსულენოვან რადიო ფარდას განუცხადა, რომ ბევრ მამაკაცს მიაჩნია, რომ ქალები მათ ოჯახში მათ საკუთრებას წარმოადგენენ. „ქალების სხეული და გონება მამაკაცების საკუთრებაა. ისინი საზოგადოებრივ მოვალეობად მიიჩნევენ თავიანთი ღირსების დაცვას“, თქვა ღაზიანმა. „თუ ამას ვერ მოახერხებენ, მიაჩნიათ, რომ უნდა დაიცვან საკუთარი ღირსება და ამას აკეთებენ იმ ქალების მკვლელობით, რომელთა სხეულებიც შეილახა“.
„კანონი არ არსებობს“
კანონმდებელმა ქალმა, ელჰამ აზადმა, განაცხადა, რომ ირანში „არ არსებობს კანონი აღმასრულებელი გარანტიით“ ქალების ძალადობისგან დასაცავად. მან იმედი გამოთქვა, რომ ძალადობისგან ქალთა დაცვის, ღირსებისა და უსაფრთხოების შესახებ კანონმდებლობა, რომელიც ამჟამად განხილვის ეტაპზეა, მომავალში უზრუნველყოფს ასეთი საზარელი დანაშაულების თავიდან აცილებას. კანონპროექტი, რომელიც მაშინდელი პრეზიდენტის, ჰასან როჰანის, მთავრობამ მიიღო 2021 წლის იანვარში, მაგრამ პარლამენტის მიერ კანონად დამტკიცებას ელოდება, სისხლის სამართლის დანაშაულად განიხილავს ქალებზე ძალადობას, მათ შორის, ქმედებას ან ქცევას, რომელიც ქალებს „ფიზიკურ ან ფსიქიკურ ზიანს“ აყენებს. Human Rights Watch (HRW)-მა განაცხადა, რომ „რიგი პოზიტიური პირობების“ მიუხედავად, შემოთავაზებული კანონმდებლობა საერთაშორისო სტანდარტებს არ შეესაბამება.
ირანის ვიცე-პრეზიდენტმა ქალთა და ოჯახის საკითხებში, ანისე ხაზალიმ, მონა ჰეიდარის მკვლელობის შემდეგ ტვიტერზე დაწერა, რომ პარლამენტმა „ნაკლოვანებების“ გასწორების შემდეგ, კანონპროექტის გადაუდებელი განხილვა დღის წესრიგში დააყენა.
ვხედავთ, რომ ეს საქმე - სასტიკი მკვლელობა ჯეროვნად არ განიხილეს, რომ ამით მაგალითი ეჩვენებინათ, რისი შედეგიც იყო ის, რომ ორი წელიც არ გასულა და ჩვენ კიდევ ერთი ტრაგიკული შემთხვევის, კიდევ ერთი დაკარგული სიცოცხლის მოწმენი გავხდით...ჰადი ღაემი
ხაზალიმ ასევე განაცხადა, რომ სასამართლო ხელისუფლებას განზრახული აქვს ყველაზე სასტიკი სასჯელის დაწესება საჯად ჰეიდარისა და მისი თანამზრახველის წინააღმდეგ. მას შემდგომი დეტალები აღარ დაუზუსტებია.
„ვერანაირ შედეგს ვერ მივაღწიეთ“
ადვოკატმა ებრაჰიმ ნიქდელ ღადამიმ, რომელიც აშრაფის გახმაურებულ საქმეს წარმოადგენდა, სასამართლოში განაცხადა, რომ ირანის კანონი ხელს ვერ უშლის ასეთ მკვლელობებს. მისი თქმით, აშრაფის მამას არ გამოუტანეს უმაღლესი სასჯელი, რაც შეიძლებოდა განესაზღვრათ ბავშვის მკვლელობისთვის, რომელიც სამიდან 10 წლამდე პატიმრობით ისჯება. ის გათავისუფლდა „შურისძიების“ კანონისგან - რაც სიკვდილით დასჯას გულისხმობს - რადგან, ისლამური სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად, ის გოგონას მეურვე იყო. თუმცა, ნიქდელ ღადამიმ თქვა, რომ სასამართლომ არ მიიღო დამატებითი სასჯელი ქვეყნის შიგნით გადასახლების სახით, რომელიც დაშვებულია ირანის კანონმდებლობით. „მიუხედავად იმისა, რომ რომინას დედას ძალიან ეშინოდა თავისი სიცოცხლის გამო... და ეს საკითხი არაერთხელ დაისვა სასამართლოში, ჩვენ ვერანაირ შედეგს ვერ მივაღწიეთ. რატომ? იმიტომ რომ არსებობს პრობლემები ამ სფეროში, როცა საქმე კანონს ეხება“, - თქვა მან. მან ასევე აღნიშნა, რომ მსუბუქი სასჯელი მათთვის, ვინც თავის ქალ ნათესავებს კლავს, უფრო მეტ მსგავს მკვლელობებს უხსნის გზას.
„ვხედავთ, რომ ეს საქმე - სასტიკი მკვლელობა ჯეროვნად არ განიხილეს, რომ ამით მაგალითი ეჩვენებინათ, რისი შედეგიც იყო ის, რომ ორი წელიც არ გასულა და ჩვენ კიდევ ერთი ტრაგიკული შემთხვევის, კიდევ ერთი დაკარგული სიცოცხლის მოწმენი გავხდით“, - თქვა მან. ჰადი ღაემიმ, ნიუ-იორკში მოქმედი, ირანში ადამიანის უფლებათა ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა, განაცხადა, რომ ირანის ხელისუფლება „ისევე პასუხისმგებელია ჰეიდარის მკვლელობაზე, როგორც მისი მკვლელები“.
„თავმოკვეთილი ბავშვი-პატარძალი დღეს შეიძლებოდა ცოცხალი ყოფილიყო, ირანის მთავრობას რომ მიეღო კანონები ბავშვთა ქორწინების სასტიკი პრაქტიკის წინააღმდეგ და ოჯახში ძალადობისგან დასაცავად“, - განაცხადა ღაემიმ ტვიტერზე.
ირანში „ღირსების მკვლელობის“ გარშემო სანდო სტატისტიკა არ არსებობს. ითვლება, რომ ბევრი შემთხვევა გამოუქვეყნებელი და მიჩქმალულია. სოციალურმა აქტივისტმა, ათეფე ბარავიემ, გასულ თვეში გამომცემლობა Andishey Pouya-ს განუცხადა, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში, ხუზესტანის პროვინციაში 60 ქალი გახდა „ღირსების მკვლელობის“ მსხვერპლი, მაშინ როცა არცერთი დამნაშავე არ წარმდგარა სასამართლოს წინაშე და ოჯახებს სარჩელი არ შეუტანიათ. მისი თქმით, მსგავსი მკვლელობების რეალური რიცხვი, სავარაუდოდ, უფრო მაღალია.