3 მარტს, დედის დღეს, ქალები საქართველოში, მათ შორის ის დედებიც, ვისი პროევროპულ აქციებზე დაკავებული შვილებიც ციხეში რჩებიან, საპროტესტო მარშით აღნიშნავენ. დღეს ისინი არ ელიან საპატიმროში მყოფი შვილებისგან ყვავილებს, მაგრამ ელიან მათ წერილებს ციხიდან.
„თუ მოახერხა, იქნებ დღეს რამდენიმე წუთით დამირეკოს კიდეც. ჯერ არ გამოჩენილა“, - გვეუბნება მარიზი კობახიძე, დაკავებული თორნიკე გოშაძის დედა და დედების მარშზე წასასვლელად ემზადება.
დღეს ციხიდან შვილის გამოგზავნილი წერილი უნდა მიიღოს ნარგიზ დავითაძემაც.
„პირველს შენს წერილებს ვკითხულობ” - ზვიად ცეცხლაძის წერილები დედას, ნარგიზ დავითაძეს
ნარგიზ დავითაძეს შვილისგან, პროევროპულ აქციებზე დაკავებული ზვიად ცეცხლაძისგან ციხიდან გამოგზავნილი უკვე ათობით წერილი დაუგროვდა.
„მე, როგორც უფრო მეგობარს, დაქალს რომ მისწერდა, ისე მწერს. გულის მოსაოხებელი საუბრები გვაქვს ხოლმე. რამეს რომ მეტყვის და მე თავზე ხელს რომ გადავუსმევ, ეგეთი… მწერს, დედი, დედიკონა, მიყვარხარ, მენატრები და როცა წერილებს ვიღებ, პირველად შენს წერილს ვკითხულობო… მამას უფრო სერიოზულ, პოლიტიკურ თემებზე წერს. ეს წერილები გვამხნევებს ჩვენც და მასაც”, - გვეუბნება ნარგიზ დავითაძე და ზვიადის რამდენიმე წერილს გვიზიარებს.
ერთ წერილში, ზვიად ცეცხლაძე დედას ამხნევებს, თან სთხოვს, ჩემთვის იყავი ძლიერიო. სხვა წერილში - დედის გაკეთებულ კერძებს ნატრობს:
„ძალიან-ძალიან მომენატრე, დე. შენი გაკეთებული საჭმელიც მომენატრა. ჩახუტება, მოფერება. ერთი ის მახარებს, რომ ბევრი ჩემი მეგობარი თუ ის ადამიანი, ვინც მე ძალიან მიყვარს, შენთვისაც შვილებივით არიან და მათ ეფერები და უვლი. თავს გაუფრთხილდი. მალე გამოვალ და ჩაგიკრავ გულში”. 03.02. 2025. შენი მზე-ჭაბუკი.
კიდევ ერთ წერილში კი ზვიად ცეცხლაძე დედას მადლობას უხდის, რომ ამ ბრძოლაში არ იღლება. მერე კი სწერს:
„ჩემს დედა დედოფალს. დე, ძალიან მომენატრე, ძალიან მიყვარხარ. ისე მინდა გულში ჩაგიკრა და ჩაგეხუტო, აი, არ ვიცი. მე კარგად ვარ ციხის პირობებში. ჩემზე არ იდარდო. მე შენი ძლიერი შვილი ვარ. შენ ჩემი ძლიერი დედიკო”.
„დედა, ერთი წამი არ ინერვიულო“, - ანდრო ჭიჭინაძის წერილი დედას, ლიკა გუნცაძეს
ასევე აქციებზე დაკავებული ანდრო ჭიჭინაძე, დედას, ლიკა გუნცაძეს გრძელ, პირად წერილებს სწერს. ეს წერილები საჯაროდ არ გამოქვეყნებულა - „ძალიან პირადია“, - გვეუბნება ანდროს დედა:
„ანდრო იწერება, რომ ძალიან ვუყვარვარ, არ უნდა, რომ ვინერვიულო. ერთხელ მომწერა, რომ რაღაც გადაცემაში მნახა და არ მოეწონა ჩემი თვალები, გამხდარი ხარო... მამხნევებს და მთხოვს, რომ არ ვინერვიულო“, - გვეუბნება ლიკა გუნცაძე.
ეს ანდროს ციხიდან დედისთვის გამოგზავნილი წერილია.
„დეე ეხლა გირეკავდი და ამომეწურა ლიმიტი. რანაირად ამოიწურა ასე მალე, არ ვიცი. როგორ ხარ დეე? მომწერე, ძალიან მაინტერესებს რა ხდება მანდ. ცალკე მწერენ შენზე, როგორ მაგრად და როგორ ძლიერად ხარ! და როგორი ადამიანი ხარ! სულ ვწყნარდები ეს რომ მესმის. ცოტა ხანი მყოფნის და მერე ისევ მგონია, რომ ნერვიულობ. მე კარგად ვარ. ბევრი წერილი შემომდის გამამხნევებელი. თბილი. ნელ-ნელა ვუპასუხებ ყველას. ყველა მომიკითხე და აკოცე ყველას. გკოცნი და მიყვარხარ დე. მე კარგად ვარ. ერთი წამი არ ინერვიულო!“
28 წლის მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე პროევროპულ აქციებზე ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით საკუთარ სახლში 4 დეკემბერს დააკავეს.
„ვიპოვე დედა, მინდოდა მნიშვნელოვნად ვქცეულიყავი“, - თორნიკე გოშაძის წერილი დედას, მარიზი კობახიძეს
თორნიკე გოშაძეც დედისათვის ციხიდან გამოგზავნილ წერილებში დედას და დას ამხნევებს და სწერს, რომ მხნედაა, რომ თითქოს თავისი ადგილი იპოვა და იცის, რომ ეს ბრძოლა ღირდა.
„ბევრ წერილს იღებს, რომლებსაც თურმე ბალიშის ქვეშ ინახავს. ხალხის წერილები ძალიან დიდ ძალას აძლევს“, - გვიყვება მარიზი კობახიძე.
თორნიკე გოშაძეს გამოძიება ძალადობაში მონაწილეობას ედავება.
ეს კი მისი დედისადმი გამოგზავნილი წერილია - ციხიდან:
„დე, არ გეგონოს ფარ-ხმალი დავყარე. მე, უბრალოდ, მინდა, შესაძლო შედეგებს თვალი გავუსწოროთ.. ჩემთვის არანაირი დიდი მნიშვნელობა არა აქვს რა დროს გავატარებ აქ. სულ რომ ექვსი წელი მომისაჯონ, არ გავანახევრებ აღიარებით. მირჩევნია 6 წელი მოვითმინო, ვიდრე სამი წელი საკუთარი სირცხვილის წარმოდგენაში ვიჯდე... მე მხოლოდ გამარჯვებული გამოვალ“...
„დე, უკვე აღარ ვიცი რა დავწერო, თუმცა ბევრი რამის თქმა მინდა. თათიას წერილმა ბავშვივით ამატირა. როგორი ბედნიერებაა ასეთი მეგობარი. შენი დამსახურებაა ამ ადამიანის გამოჩენა ჩემს ცხოვრებაში. და დეე, სხვა ყველაფერთან ერთად, უდიდესი მადლობა ამისთვისაც. დე, შენ იცი, რომ დიდი ხანი ვეძებდი გარეთ რაღაცას, ხშირად მოუსვენრად ვიყავი. ვფიქრობდი, ვწუხდი... ვიპოვე დედა, ვიპოვე, რადგან მინდოდა მნიშვნელოვნად ვქცეულიყავი, რომ თუნდაც მცირედი კარგი გამეკეთებინა. ვგრძნობ ყურადღებას, სითბოს და სიყვარულს“, - წერს თორნიკე გოშაძე დედას.
„დედა, არ იტირო, გთხოვ“, - რეზო კიკნაძის წერილი დედას, მაია ლეკიშვილს
რეზო ერთ-ერთია, რომელიც ციხიდან სულ იწერება. ხან დღიურებს წერს (რადიო თავისუფლებამ ამ დღიურების ნაწილი უკვე გამოაქვეყნა), ხან ოჯახის წევრებს, მეგობრებს თუ უბრალოდ გულშემატკივრებს.
დედას კი რეზო კიკნაძე გამუდმებით ამხნევებს და სწერს, ცუდი არაფერი ჩამიდენია, ჩემით უნდა იამაყოო.
„მწერს, ჩვენ მოვიგებთ ომსო. არ ინერვიულოო და მალე შევხვდებითო“, - გვითხრა რეზოს დედამ, მაია ლეკიშვილმა და რეზოს ეს წერილიც გაგვიზიარა:
„დე არ ინერვიულო არც ერთი წამით. არ ინერვიულო აქ რომ ვარ. პირიქით, სულ საამაყოდ გქონდეს ქვეყნის სიყვარულისთვის რომ დაიჭირეს შენი შვილი... მიყვარხარ ძალიან. არ იტირო, გთხოვ“.
ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა და მონაწილეობა, რომელსაც რეზო კიკნაძეს ედავებიან, ისჯება სისხლის სამართლის კოდექსის 225 მუხლის მე-2 ნაწილით. დანაშაული ოთხიდან ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„ჩვენ ყველანი, შენი შვილები, შენი მგლის ლეკვები ვართ“, - დავით ხომერიკის წერილი დედას დედიკა მაისურაძეს
დედას სწერს წერილებს დავით ხომერიკიც, რომელიც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის მუხლით დაკავებულ ანდრო ჭიჭინაძესთან ერთად ზის საკანში გლდანის ციხეში.
„წიგნებს კითხულობს, ხატავს, წერს. ჭადრაკი ასწავლა ანდრო ჭიჭინაძეს, ცივა და გარეთ ვერ გავდივარო, მაპატიეო - ასე მამშვიდებს“, - ამბობს დედა.
საპატიმროდან დავითი ყველაზე ბევრს დედას და ბებიას სწერს. ეს მისი 23 თებერვლის წერილია:
„როგორ ხარ დეე? შენი წერილი მივიღე და ძალიან გამიხარდა, ცოტა ემოციური კი იყო პირველი წაკითხვისთვის, მაგრამ ახლა ყოველთვის როცა ვკითხულობ თითოეული სიტყვა მაძლიერებს...
არც ერთი წამით არ იფიქრო იმაზე, რომ რაიმე მიჭირს. ნუ შეგეშინდება იმისა, რომ შეიძლება თავი დავკარგო ან აღარაფრის იმედი მქონდეს, ასე არაა. აქ ბევრ რამეს მივხვდი და ვისწავლე....
ჯანმრთელობას მიხედეო რომ მეუბნები, მეც ანალოგიური მინდა შენგან, ვცდილობ, როგორც შემიძლია ისე აგისრულო ეგ თხოვნა. ახლა ცოტა ცივა დილაობით და აივანზე გაყინვას არ ვაპირებ, ამიტომ ცოტა გამოიდაროს და მერე ავალ ხოლმე ბიჭებთან ერთად. ერთი ფანჯარა სულ გამოღებული გვაქვს ხოლმე და ასე თუ ისე ჰაერი მაინც შემოდის, ოთახში გამწოვიც არის და ცენტრალური გათბობა, აქ უფრო ვუვლი თავს, ვიდრე გარეთ.
ყველაფერი კარგად არის, როცა მინდა ვდგები, როცა მინდა ვწვები. ხან სიწყნარეა, ხანაც მხიარულება. დილა ყავით და შოკოლადით იწყება, მაცივარიც სულ გამოტენილი გვაქვს ხოლმე საჭმელებით. ყველანი ერთად ვართ და ერთად ვცხოვრობთ და დროც ასე უფრო მალე გადის... დეე, გთხოვ თავს ძალიან ნუ გადაიტვირთავ და საკუთარ თავზე და ჯანმრთელობაზე იზრუნე, ჩემზე დარდით გულს ნუ გადაიღლი, მიყვარხარ ძალიან. ჩვენ ყველანი, შენი შვილები, შენი მგლის ლეკვები ვართ. ყველაფერი კარგად იქნება და ერთ დღესაც გამოიდარებს“.
დავით ხომერიკის საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის მე-18-229-ე მუხლებით მიდის, რაც გულისხმობს დანაშაულის მომზადებას, ამ შემთხვევაში „ასაფეთქებელი ან სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში სხვა მოწყობილობის ან ნივთიერების გადატანა, განთავსებას“. 2024 წლის 28 ნოემბრის შემდეგ დაკავებული დემონსტრანტებიდან ის ერთადერთია, ვისაც ამ მუხლით ასამართლებენ.
28 ნოემბრიდან დღემდე, პროევროპულ აქციებზე სისხლის სამართლის მუხლით დაკავებული 50-ზე მეტი დემონსტრანტი ციხეში რჩება. მათ გამოძიება ედავება ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას და მასში მონაწილეობას და, ასევე, პოლიციელზე თავდასხმას. დაკავებულებს შორის არიან სტუდენტები, მსახიობები, პოლიტიკური პარტიების წევრები, აქტივისტები.