2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე შესაძლოა იმაზე მეტი ახალგაზრდა მივიდეს, ვიდრე წინა წლებში. ამის ვარაუდის საფუძველს ის საპროტესტო ტალღა იძლევა, რომელიც ე.წ. რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღების შემდეგ წარმოიქმნა.
საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც არჩევნების დღემდე შეუსრულდა ან იმ დღეს უსრულდება 18 წელი, არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვს. 2021 წლის არჩევნების პირველ ტურში, ერთიან სიაში 18-29 წლის 662 341 ადამიანია, რაც ამომრჩეველთა 18.8 პროცენტს შეადგენს. რეალურად რამდენი ახალგაზრდა მივიდა არჩევნებზე, ცნობილი არ არის.
NDI-ის 2023 წლის ოქტომბერ-ნოემბერში ჩატარებული გამოკითხვიდან ჩანს, რომ ახალგაზრდებს პოლიტიკა დიდად არ აღელვებდათ. 18-34 წლის ასაკის ადამიანების მხოლოდ 20%-მა თქვა, რომ ქვეყანაში არის ერთი პარტია მაინც, რომელიც მათ ინტერესებს წარმოადგენს. NDI ასკვნის, რომ ვინაიდან ახალგაზრდები მათთვის მისაღებ ალტერნატივას ვერ ხედავენ, 2024 წლის არჩევნებში შესაძლოა ადრინდელზე ნაკლებად მიიღონ მონაწილეობა.
თუმცა, ეს იყო ნოემბერში, მას შემდეგ კი სიტუაცია შეიცვალა და ახალგაზრდობა უკვე მეორედ გავიდა ქუჩაში „რუსული კანონის“ გასაპროტესტებლად.
„არის მოსაზრება, რომ ახალგაზრდები არჩევნებზე არ დადიან, მაგრამ მტკიცებულება არ გვაქვს, რადგან ცესკო ამ სტატისტიკას არ აწარმოებს. მგონია, რომ ეს წელი გარდამტეხი წელია. ვფიქრობ, ახალგაზრდები ამ დღეებშიც და უახლოეს მომავალშიც ძალიან დიდ როლს ითამაშებენ. გააჩნია, როგორ განვითარდება მოვლენები. ხვალ რომ იყოს არჩევნები, ცხადია, ძალიან მაღალი აქტივობა იქნება.
ყველაფრის მიუხედავად, მაინც მგონია, რომ არჩევნებზე წასვლის აუცილებლობა ახალგაზრდებმა ძალიან ნათლად დაინახეს, რადგან მომავალს კარგავენ. იმედია, ეს მათ აქტივიზმშიც გადაიზრდება“, - ამბობს ლევან ცუცქირიძე, EECMD-ის (აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისათვის) აღმასრულებელი დირექტორი.
ე.წ. რუსული კანონი რადიკალურად ეწინააღმდეგება ევროკავშირის ღირებულებებს და საქართველოს ევროკავშირში შესვლასაც ხელს უშლის - ეს პოზიცია ევროპის ლიდერებმა უკვე ბევრჯერ დააფიქსირეს.
მიუხედავად ამისა, საქართველოს მმართველი პარტია კანონის უკან გაწვევას არ აპირებს, რის გამოც პარლამენტის წინ პროტესტის ნიშნად ყოველდღე ათასობით ადამიანი იკრიბება, უმეტესობა ახალგაზრდები.
„წავალ არჩევნებზე. აქამდე ყველა პარტიას გადავხაზავდი ხოლმე, ჩემი ხმა რომ არ მიესაკუთრებინათ. ალბათ ახლაც იმავეს ვიზამ, თუ რამე არ შეიცვალა“, - ამბობს ნიკოლოზ მაღრაძე, ის პარლამენტის კიბეებზე პლაკატით ზის.
„ჩემთვის ეს მესამე არჩევნები იქნება, ყველაზე ვიყავი, - ამბობს 23 წლის თიკო ნატმელაძე, - ამ ეტაპზე არ მყავს პარტია შერჩეული, მაგრამ მაინც მივალ და რომელიც მეტ-ნაკლებად მისაღები იქნება ქვეყნისთვის, იმას შემოვხაზავ. ყოველთვის ვფიქრობდი, რომ არჩევნებზე მისვლა მოქალაქეობრივი მოვალეობაა. მაგრამ ადრე თუ შეიძლება კიდევ დამზარებოდა, ამ კანონის მერე, აუცილებლად მივალ“.
ტასო ბეგიაშვილი 18 წლის ახლა გახდა, ოქტომბერში ის თავის პირველ არჩევნებზე წავა.
„ისედაც ვაპირებდი არჩევნებზე წასვლას, მაგრამ ამ კანონის მიღებამ ჩემი პოზიცია კიდევ უფრო გაამყარა. ჯერ არ ჩამოვყალიბებუვარ, ვის მივცემ ხმას, ლიბერალური ღირებულების პარტიას ვერ ვხედავ. თუმცა, ზუსტად ვიცი, რომ ქოცებს და ნაცებს ხმას არ მივცემ“, - ამბობს ტასო.
რას ნიშნავს ახალგაზრდებისთვის ევროპული მომავალი? რონდელის ფონდის 2021 წლის კვლევა „ახალგაზრდების ღირებულებები და პოლიტიკური აქტივიზმი საქართველოში“ აჩვენებს, რომ ახალგაზრდების ზუსტად ნახევარი საქართველოს ინტეგრაციას ევროკავშირში ძალიან მნიშვნელოვნად მიიჩნევს, ხოლო ერთი მესამედი ამბობს, რომ ეს საკმაოდ მნიშვნელოვანია.
როდესაც ახალგაზრდებს ჰკითხეს, თუ რომელ ქვეყანაში წავიდოდნენ ლეგალურად სამუშაოდ, თითქმის მეოთხედმა (23%) აშშ დაასახელა, ხოლო ერთმა მეხუთედმა (20%) - გერმანია. ამას საფრანგეთი (6%) და იტალია (5%) მოჰყვა.
„ჩემთვის ევროკავშირი თავისუფლებაა, რომელიც ამ ქვეყანაში მეზღუდება, თან ძალიან ბევრი შესაძლებლობა, თუნდაც განათლებისთვის, და კიდევ ეკონომიკური სტაბილურობა“, - ამბობს თიკო.
„გუშინ ვეძებდი საერთაშორისო განათლების შესაძლებლობას ქართველი სტუდენტებისთვის (მაგისტრატურის პროგრამები) და ამ მაგალითზეც კი მივხვდი, როგორი აუცილებელია ევროკავშირში ყოფნა. საერთაშორისო უნივერსიტეტებს ევროკავშირის ქვეყნებისთვის გაცილებით მისაღები პირობები აქვთ.
ეს „რუსული კანონი“ ძალიან გვიშლის ხელს. როდესაც სტატუსი მოგვცეს, მაშინ ერთ-ერთ მიზეზად სწორედ ის დასახელდა, რომ ეს კანონი პარლამენტმა უკან გაიწვია“, - ამბობს 22 წლის მარიამ იზორია. არჩევნებზე წასვლას ისიც აპირებს, თუმცა ხმა ვის უნდა მისცეს, არ იცის, - „პარტიების კომუნიკაციებს ძველი ფორმები აქვს და ჩვენთვის საინტერესოს არაფერს გვთავაზობენ. ძველ თაობასთან ადრე ჭრიდა ეს არაგულწრფელი დაპირებები, ჩვენთან არ ჭრის. შეგულებული ჯერ არ მყავს ჩემი კანდიდატი, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ მმართველ პარტიაზე არჩევანს არ გავაკეთებ“.
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ (IRI) 2023 წლის მარტის კვლევაში პოლიტიკური პარტიების მიმართ არაკეთილგანწყობილი დამოკიდებულება გამოხატა გამოკითხულთა 58%-მა.
IRI-ის 2023 წლის ოქტომბრის კვლევის მიხედვით, არჩევნებში ხუთპროცენტიანი ბარიერის გადალახვის შანსი მხოლოდ ორ პარტის აქვს: „ქართულ ოცნებას“ - 25 პროცენტი და „ნაციონალურ მოძრაობას“ - 13 პროცენტი. „არ ვიცი“ უპასუხა თვრამეტმა პროცენტმა. თერთმეტმა პროცენტმა თქვა, რომ ბიულეტენს გააბათილებს, ექვსმა პროცენტმა კი განაცხადა, რომ არჩევნებზე საერთოდ არ წავა.
ამომრჩეველთა ის რაოდენობა, რომელსაც ჯერაც ვერ გადაუწყვეტია ვის მისცეს ხმა, იმდენად დიდია, რომ არჩევნების შედეგების რადიკალურად შეცვლა შეუძლია.
„გადაუწყვეტელი ამომრჩევლის თემა ცოტა საკამათოა. ამომრჩეველთა აბსოლუტურმა უმრავლესობა იცის, „ოცნებას“ მისცემს ხმას თუ ოპოზიციას, უბრალოდ არ იცის, რომელ ოპოზიციურ პარტიას მისცემს. ამ მოვლენების შემდეგ, ვფიქრობ, ბევრად უფრო დაეცემა „ქართული ოცნების“ მომხრეების რაოდენობა“, - ამბობს ლევან ცუცქირიძე.
„სამართლიანი არჩევნების“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ლევან ნატროშვილიც ფიქრობს, რომ შესაძლოა წელს არჩევნებზე იმაზე მეტი ახალგაზრდა მივიდეს, ვიდრე წინაზე. მათი ორგანიზაცია ეხმარება ახალგაზრდებს, რომლებიც პირველად მიდიან არჩევნებზე.
„…ახალგაზრდები უფრო პროგრესულები არიან. განსაკუთრებით ავტორიტარულ ქვეყნებში არის ახალგაზრდების როლი მნიშვნელოვანი, მაგალითად, პოლონეთში წინა ხელისუფლების დროს დემოკრატიის კუთხით პრობლემები რომ იყო, არჩევნებზე მეტი ახალგაზრდა მივიდა და ხელისუფლება შეცვალეს“, - ამბობს ლევან ნატროშვილი.
საქართველოს პარლამენტმა ე.წ. აგენტების კანონი პირველი მოსმენით 17 აპრილს მიიღო. მას შემდეგ თბილისში და სხვა ქალაქებშიც ყოველდღიურად იმართება საპროტესტო აქციები. აქციის მონაწილეები ითხოვენ, ხელისუფლებამ უარი თქვას „აგენტების კანონზე“, რომელსაც თავად „რუსულ კანონს“ უწოდებენ.