Accessibility links

საზოგადოება
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
3 მარტს ასობით უცხო ადამიანი წერილებსა და ყოჩივარდებს უგზავნის დაკავებულთა დედებს

3 მარტს ასობით უცხო ადამიანი წერილებსა და ყოჩივარდებს უგზავნის დაკავებულთა დედებს


პატიმრების დედებისთვის გაგზავნილი წერილების ერთ-ერთი ხიბლი ისიცაა, რომ ისინი არა ციფრული, არამედ „ხელშესახები წერილებია“
პატიმრების დედებისთვის გაგზავნილი წერილების ერთ-ერთი ხიბლი ისიცაა, რომ ისინი არა ციფრული, არამედ „ხელშესახები წერილებია“

„ამ დედებს უნდა ახსოვდეთ, რომ მარტო არ არიან“, - სწორედ ამ იდეის გარშემო გაერთიანდა ადამიანთა ჯგუფი, პროევროპულ აქციებზე დაკავებულთა ოჯახების მხარდამჭერი ფონდი „ერთმანეთისთვის” და 3 მარტისთვის, დედის დღისთვის, შეიქმნა სპეციალური ონლაინპლატფორმა.

სწორედ ამ პლატფორმის დახმარებით, ნებისმიერს შეუძლია, რომ პროევროპულ აქციებზე დაკავებულთა დედებს მიულოცოს დედის დღე და გაუგზავნოს 3 მარტის სიმბოლოდ ქცეული ყოჩივარდები.

„სიმართლე რომ გითხრათ, ასეთ რეზონანსს არც ველოდით. ახლა, სანამ თქვენ გელაპარაკებით, კიდევ შემოდის წერილები, პარალელურად, მთელი ქალაქის და არა მხოლოდ ქალაქის მასშტაბით დადიან ჩვენი გუნდის წევრები და მიაქვთ ადრესატებამდე წერილები და ყოჩივარდები“, - გვეუბნება გიორგი აზალაძე, იდეის ერთ-ერთი ავტორი და პარალელურად წერილებსა და ყვავილებს აწყობს კონვერტებში.

წერილების დახარისხების პროცესი
წერილების დახარისხების პროცესი

წერილების გაგზავნა პროევროპულ აქციებზე დაკავებული ახალგაზრდების დედებისთვის ხალხმა 2 მარტს, შუადღიდან დაიწყო. 3 მარტის შუადღისთვის, პლატფორმაზე უკვე 500-მდე წერილი იყო შესული:

„ჩვენ ხომ ვამბობთ, რომ აქციებზე დაკავებული ახალგაზრდები ყველას შვილები არიან, ჰოდა, ისიც გავაცნობიერეთ, რომ მათი დედებიც ყველას დედები არიან. და რაკი მათ შვილებს არ შეუძლიათ პირადად მიულოცონ დედებს ეს დღე, პირადად მიართვან ყოჩივარდების კონა, ვიფიქრეთ, რომ მათ ჩვენ, რიგითმა ადამიანებმა უნდა მივულოცოთ დღევანდელი დღე, ვაგრძნობინოთ, რომ მარტო არ არიან, რომ მათ გვერდით ვართ“.

თავად გიორგის კონვერტები რუსთავში მიაქვს. სხვა დედებთან ერთად, აქციაზე დაკავებული რეზო კიკნაძის დედისთვისაც აქვს გადასაცემი წერილები:

წერილები პატიმრების დედებს
წერილები პატიმრების დედებს

„თავიდან ვიფიქრეთ, რომ წერილებს სახელობითი ადრესატები ჰყოლოდათ, მაგრამ საბოლოოდ გადაწყდა, რომ წერილები, რომელიც პლატფორმაზე შემოვიდოდა, ყველა დედისთვის საერთო ყოფილიყო, რადგან ყველა ეს დედა ერთნაირ ყურადღებას იმსახურებს. დილის შვიდ საათამდე ვახარისხებდით წერილებს. ახლა უკვე დარიგების დროა. შეგვეძლო, რომ წერილების დარიგება რომელიმე საკურიერო კომპანიისთვის მიგვენდო, მაგრამ გადავწყვიტეთ, რომ ეს თავადვე გაგვეკეთებინა, ჩავთვალეთ, რომ ასე უკეთ გადავცემდით ამ ქალებს ჩვენს ემოციებსა და მხარდაჭერას“, - ამბობს გიორგი აზალაძე.

მისი თქმით, წერილებს ჩაუტანენ რეგიონებში მცხოვრებ დედებსაც, თუმცა, „შესაძლოა, ორი დღის დაგვიანებით“. საბოლოოდ ყველა წერილი პლატფორმაზე გამოქვეყნდება.

30 წლის მარიამ მაღულარია ერთ-ერთია, რომელმაც აქციებზე დაკავებული ახალგაზრდების დედებს წერილი მისწერა.

მარიამ მაღულარიას წერილი
მარიამ მაღულარიას წერილი

„მინდოდა, რომ ამ ქალებისთვის მადლობა მეთქვა, რადგან ჩემთვის, როგორც 30 წლის დედისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია მათი როლი ამ პროცესებში. განსაკუთრებულად ძლიერები არიან ეს ქალები, რადგან გაწყვეტილი აქვთ შვილებთან კონტაქტი კვირების, თვეების განმავლობაში, მაგრამ მაინც მტკიცედ დგანან“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას მარიამ მაღულარია.

წერილი მისწერა აქციების დროს დაკავებული ახალგაზრდების დედებს 67 წლის ლია ნოღაშვილმაც:

„დიდი მადლობა იმ დედებს, რომელთა შვილებიც ახლა რეჟიმის ტყვეები არიან და არ აქვთ საშუალება, რომ შვილებისგან პირადად მიიღონ მილოცვა“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ლია ნოღაშვილი, რომელიც თვლის, რომ ხალხის თანადგომა და თანაგრძნობა კიდევ უფრო გააძლიერებს ამ ქალებს:

„ძალიან ძნელია ახლა როგორც ამ დედების, ისე მათი შვილების მდგომარეობაც. მინდა, რომ თუკი შესაძლებელი იქნება, ჩემი ერთი წინადადებით შევუმსუბუქო მათ ეს მდგომარეობა. ნახონ, რომ მარტო არ არიან ამ ბრძოლაში“.

ქეთი ქართველიშვილმა გადაწყვიტა, რომ წერილის მიწერის გარდა, დედებისთვის პირადად მიეტანა ყვავილებიც:

წელს, დედის დღეს, პირველი, ვინც გახსენდება, არიან დედები, რომლებიც შვილებისგან ვერც თაიგულს მიიღებდნენ, ვერ წერილებს იმის გამო, რომ მათი შვილები საპატიმროებში გამოკეტა რეჟიმმა...

ბედნიერი ვარ, რომ მეც მომეცა საშუალება, ამ პროცესში ჩავრთულიყავი. გარდა იმისა, რომ წერილი გავუგზავნე მათ, ყვავილების გადაცემის პროცესშიც მივიღე მონაწილეობა. ემოცია იმდენად დიდი იყო, რომ ფოტოების გადაღებაც კი ვერ მოვახერხე“.

დედებისთვის გაგზავნილი ერთ-ერთი წერილი
დედებისთვის გაგზავნილი ერთ-ერთი წერილი

28 ნოემბრიდან მოყოლებული, უკვე 96-ე დღეა, თბილისსა და სხვა ქალაქებში მიმდინარეობს პროევროპული აქციები. პროტესტის უწყვეტი ტალღა მოჰყვა „ქართული ოცნების“ განცხადებას, რომლის თანახმადაც, მათ გადაწყვიტეს, რომ „2028 წლამდე“ დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირთან გაწევრებაზე მოლაპარაკებების გახსნა.

დემონსტრანტები მსვლელობებითა და პერფორმანსებით გამოხატავენ პროტესტს. ისინი ითხოვენ ახალ საპარლამენტო არჩევნებს და დაკავებულების, მათ შორის „ბათუმელების“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის გათავისუფლებას.

დემონსტრანტები მიიჩნევენ, რომ პროევროპული აქციების დროს დაკავებულები რეჟიმის ტყვეები არიან.

„ქართული ოცნება“ დემონსტრანტების შესაზღუდად ამკაცრებს კანონებს, პოლიცია კი აჯარიმებს მოქალაქეებს, მათ შორის ჟურნალისტებს, რომლებიც სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებენ.

28 ნოემბრიდან დღემდე, პროევროპულ აქციებზე, სისხლის სამართლის საქმეებზე, მათ შორის ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მონაწილეობის, ასევე პოლიციელზე თავდასხმის მუხლებით, 50-მდე დემონსტრანტია დაკავებული. მათ შორის არიან სტუდენტები, მსახიობები, პოლიტიკური პარტიების წევრები, აქტივისტები. ყველა მათგანს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა. მხოლოდ ერთ არასრულწლოვანს, რომელსაც ცეცხლმოკიდებული ნივთის პარლამენტისთვის სროლა ედებოდა ბრალად, პატიმრობა მამის მეთვალყურეობით შეუცვალეს.

ფორუმი

XS
SM
MD
LG