Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავტომობილების გაყვანის გამო იანვარში ყირგიზეთი საქართველოსთვის მთავარი საექსპორტო ქვეყანა გახდა


საქართველოსთვის ყირგიზეთი მთავარი საექსპორტო ქვეყანა გახდა
საქართველოსთვის ყირგიზეთი მთავარი საექსპორტო ქვეყანა გახდა

საქართველოდან გაყვანილი ავტომობილების რაოდენობის გამო მიმდინარე წლის იანვარში მთავარი საექსპორტო ქვეყანა ყირგიზეთი იყო.

იმის მიუხედავად, რომ საქართველო არ არის ავტომწარმოებელი ქვეყანა, მსუბუქი ავტომობილები საექსპორტო ჩამონათვალში პირველ ადგილზეა.

2024 წლის იანვარში, გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, საქართველოს საგარეო ვაჭრობა 14.8 პროცენტით - 1573,9 მლნ აშშ დოლარიდან 1341,3 მლნ აშშ დოლარამდე შემცირდა. ამავე პერიოდში 180 პროცენტით გაიზარდა ყირგიზეთში ექსპორტის მაჩვენებელი.

რუსეთს უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ არაერთი სანქცია დააკისრეს აშშ-მ, დიდმა ბრიტანეთმა და ევროკავშირის ქვეყნებმა. მათ შორის, აკრძალვები შეეხო სატრანსპორტო საშუალებების ექსპორტსაც. ამ ფონზე თავდაპირველად საქართველომ რეკორდულად გაზარდა რუსეთში ავტომობილების ექსპორტი.

ავტოექსპორტში ყურადღებას იქცევს ის ფაქტი, რომ 2023 წლიდან საქართველომ ძვირადღირებული ავტომობილების გატანა მნიშვნელოვნად გაზარდა ყირგიზეთში, ქვეყანაში, რომლის მშპ ერთ სულ მოსახლეზე ათას დოლარს მცირედით აღემატება.

მხოლოდ 2023 წელს საქართველოდან ყირგიზეთში 16 831 მანქანა გავიდა, რაც ჯამში 618 მილიონ დოლარზე მეტი იყო. ერთი ავტომობილის ფასი, საშუალოდ, 36,7 ათასი დოლარი გამოდის.

კიდევ ერთი მაგალითი, მიმდინარე წლის პირველ თვეში საქართველოდან ყირგიზეთში გავიდა 46,2 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების პროდუქტი, საიდანაც 45,3 მილიონი დოლარის ავტომობილები იყო. საშუალოდ, ერთი ავტომობილის ღირებულება 34,4 ათასი დოლარი გამოდის.

საწყის ეტაპზე ევროკავშირის დაწესებული სანქციებით რუსეთში აკრძალული იყო 50 000 ევროზე ძვირადღირებული ავტომობილების ექსპორტირება. დამატებით, 2023 წლის 1 აგვისტოდან, შეიზღუდა ამერიკიდან შემოყვანილი მანქანების ექსპორტი საქართველოდან რუსეთში, 26 სექტემბრიდან კი - ევროპიდან საქართველოში შემოყვანილ ტრანსპორტზე. რუსეთში ექსპორტზე შეზღუდვების დაწესების შემდეგ არსებობდა მოსაზრება, რომ ავტომობილების შესაყვანად იგი სხვა მეზობელ ქვეყნებს გამოიყენებდა.

XS
SM
MD
LG