Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყველაფერი ცოფზე: რამდენად საშიშია და როდის უნდა აიცრათ


ვაქცინა უნდა გაკეთდეს სავარაუდო ინფიცირების დღესვე, შემდეგ მე-3, მე-7, მე-14, 21-ე ან 28-ე დღეს. მინიმუმ სამჯერ. დაუშვებელია ვაქცინაციის პროცესი გადაიდოს საეჭვო ცხოველზე დაკვირვების მიზეზით.
ვაქცინა უნდა გაკეთდეს სავარაუდო ინფიცირების დღესვე, შემდეგ მე-3, მე-7, მე-14, 21-ე ან 28-ე დღეს. მინიმუმ სამჯერ. დაუშვებელია ვაქცინაციის პროცესი გადაიდოს საეჭვო ცხოველზე დაკვირვების მიზეზით.

ცოფი ერთ-ერთი საშიში ინფექციური დაავადებაა, რომელიც დადასტურების შემთხვევაში ყოველთვის სიკვდილით სრულდება - გადარჩენის ერთადერთი გზაა ვაქცინა, რომელიც არსებობს და საქართველოში უფასოა.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, ცოფით ადამიანები ინფიცირდებიან მსოფლიოს 150-ზე მეტ ქვეყანაში და ეს ვირუსი კლავს ათასობით ადამიანს. შემთხვევების ძირითადი ნაწილი აზიასა და აფრიკაში ფიქსირდება. საქართველოში ყველაზე მეტი შემთხვევა (21) 1996 წელს დაფიქსირდა. მას შემდეგ მხოლოდ ერთეული შემთხვევებია გამოვლენილი.

როგორ ინფიცირდება ადამიანი?

ცოფით შეიძლება დაინფიცირდეს ნებისმიერი ასაკის ადამიანი ცხოველის ნაკბენით, ნაკაწრით, ჭრილობაზე ან დაზიანებულ კანზე ნერწყვის შეხებით. ადამიანიდან ადამიანის ინფიცირების არცერთი შემთხვევა არ დადასტურებულა მეცნიერული კვლევებით (არ იგულისხმება ინფიცირებული ადამიანის სისხლის გადასხმა ან ორგანოს გადანერგვა).

ცოფის მატარებლები არიან თბილსისხლიანი ძუძუმწოვრები: როგორც შინაური ცხოველები (ძაღლი, კატა), ისე გარეული ცხოველები (მგელი, ტურა, მელა...).

რა სიმპტომები აქვს ცოფს?

თავდაპირველად ცოფის სიმპტომები შეიძლება იყოს გრიპის მსგავსი - სისუსტე, დისკომფორტი, ცხელება ან თავის ტკივილი. ასევე შეიძლება იყო ჩხვლეტის ან ქავილის შეგრძნებები ნაკბენ ადგილზე. შეგრძნებები შეიძლება გაგრძელდეს რამდენიმე დღე.

დაავადების პროგრესირებასთან ერთად ადამიანს შეიძლება დაეწყოს ჰალუცინაციები, უძილობა. მწვავე პერიოდი მთავრდება მეორიდან მეათე დღემდე. კლინიკური ნიშნების გამოვლენა, როგორც წესი, ნიშნავს, რომ ადამიანი ვერ გადარჩება, მკურნალობა მხოლოდ ტანჯვის შემსუბუქებაში ეხმარება. აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ინფორმაციით, მსოფლიოში ცოფის დადასტურებული შემთხვევებიდან მხოლოდ 20-მდე ადამიანია გადარჩენილი.

რამდენ ხანში ვლინდება?

ვირუსის ინკუბაციის პერიოდია 1-3 თვე. შესაძლოა ვადა 1 კვირიდან 1 წლამდე იყოს. როგორც დაავადების კონტროლის ცენტრი აღნიშნავს, ეს დამოკიდებულია სხვადასხვა გარემოებაზე:

  • ჭრილობიდან მოხვედრილი ვირუსის რაოდენობაზე;
  • ჭრილობის ზომასა და სიღრმეზე;
  • ადამიანის ასაკზე.

დიაგნოზის დასმა შესაძლებელია?

ადამიანსა და ცხოველებში ცოფზე სწრაფი დიაგნოსტირება აუცილებელია მკურნალობის მეთოდის სწორად დასაგეგმად. ანტისხეულების ტესტი ეძებს ტვინის ქსოვილებში ვირუსს. ადამიანების შემთხვევაში აუცილებელია რამდენიმე ტესტირებით. როგორც წესი, რომელიმე ერთი ტესტი საკმარისი არ არის.

ცხოველებში დიაგნოზი შეიძლება დაისვას ვირუსის გამოვლენის შემდეგ დაზიანებული ტვინის ნებისმიერი ნაწილიდან, მაგრამ ცოფის გამორიცხვის მიზნით, ტესტი უნდა ჩატარდეს თავის ტვინის ორი სხვადასხვა ნაწილიდან. ცხოველში ვირუსის დასადგენად აუცილებელი არ არის მისი ევთანაზია.

ისეთ შინაურ ცხოველებში, როგორიცაა კატა ან ძაღლი, იყენებენ "დაკვირვების პერიოდს", რომელიც დაახლოებით 10 დღე გრძელდება. ეს დრო საკმარისია ცოფის გამოსარიცხად.

როგორ შეიძლება პრევენცია?

პრევენციის ერთადერთი გზაა იმ ძუძუმწოვარა ცხოველების ვაქცინაცია, რომელთანაც ადამიანს აქვს შეხება. ინიექციის შეყვანიდან გარკვეული პერიოდულობით აუცილებელია ხელახალი ვაქცინაცია.

ცოფით დაავადებული ზოგიერთი ცხოველი აგრესიული ხდება, ცდილობს დაკბენას. თუმცა შესაძლოა ცხოველი ამ ვირუსის მატარებელი ამ სიმპტომის გარეშე იყოს.

როდის უნდა გაიკეთოს ადამიანმა ვაქცინა?

ვაქცინა უნდა გაკეთდეს სავარაუდო ინფიცირების დღესვე, შემდეგ მე-3, მე-7, მე-14, 21-ე ან 28-ე დღეს. მინიმუმ სამჯერ. დაუშვებელია ვაქცინაციის პროცესი გადაიდოს საეჭვო ცხოველზე დაკვირვების მიზეზით.

თუ ექიმს დაგვიანებით მიმართეს, იგი მოქმედებს ისე, როგორც იმოქმედებდა პირველივე დღეს მიმართვის შემთხვევაში.

ვაქცინაცია სრული კურსის ჩატარებამდე შეიძლება შეწყდეს, თუ საეჭვო ცხოველს აკვირდებიან და შემხებლობიდან 10 დღის ვადაში ის ცოცხალი იქნება, ან როდესაც ცხოველს ჩაუტარდება ლაბორატორიული კვლევა და ცოფის ვირუსი არ დაუდასტურდება.

აქვს ვაქცინას უკუჩვენებები?

ვაქცინა უსაფრთხოა, თუმცა შესაძლოა ჰქონდეს მსუბუქი გვერდითი მოვლენები: თავის ტკივილი, სისუსტე, გულისრევა, მუცლის ტკივილი და ა.შ. უკუჩვენებები არ ვლინდება არც ორსულებში, არც მეძუძურ დედებში და არც ჩვილ ბავშვებში. ინიექციის შეყვანიდან 15-20 წუთის განმავლობაში პაციენტი უნდა იყოს დაყოვნების ოთახში.

სად შეიძლება ცოფზე ვაქცინაცია?

​ცოფზე ვაქცინაცია ტარდება თითქმის ყველა პოლიკლინიკასა და საავადმყოფოში. დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე - 1505.

XS
SM
MD
LG