„რამდენიმე დღე აეროპორტის მახლობელ ტყეში ვიმალებოდით. ბოლოს, როგორც იქნა, მიგვიყვანეს ჯარისკაცებთან, რომლებმაც ჩვენი დახმარება შეძლეს. ახლა უსაფრთხოდ ვარ“, - დაწერა 17 აგვისტოს ღამეს რეჟისორმა-დოკუმენტალისტმა საჰრა კარიმმა, ის პირველი და ერთადერთი ქალია ავღანეთში, რომელიც ვენეციის კინოფესტივალში მონაწილეობდა. მასავით ყველას არ გაუმართლა.
ავღანეთში თალიბების მმართველობის ქვეშ რჩება მილიონობით ქალი, რომელიც წლების განმავლობაში ნაბიჯ-ნაბიჯ მიიწევდა იმ უფლებების მისაღებად, რომელიც სხვა ქვეყნებში ჩვეულებრივი რამაა, მაგალითად, განათლების უფლება, სახლიდან მარტო გამოსვლის უფლება, მანქანის ტარების უფლება... მართალია, თალიბანი პირობას იძლევა, რომ ამ უფლებებიდან ნაწილს კვლავ ძალაში დატოვებს, მაგრამ ამის ცოტას თუ სჯერა.
მას შემდეგ, რაც კოალიციურმა ძალებმა 2001 წელს თალიბებზე გაიმარჯვეს, ქალების ცხოვრება ძალიან ნელა იცვლებოდა. 11 წლის მერეც კი, 2012 წლის მარტში, ქვეყნის მაშინდელმა პრეზიდენტმა ჰამიდ კარზაიმ, ქალთა უფლებების დამცველი ორგანიზაციების პროტესტის მიუხედავად, მხარი დაუჭირა „ქცევის კოდექსს“, რომელიც ქალებს სახლიდან მარტო გამოსვლას და უცხოებთან დალაპარაკებას უკრძალავდა. ქალების უფლებები განსხვავდებოდა რეგიონებისა და საცხოვრებელი ადგილის მიხედვით: პროვინციებთან შედარებით დიდ ქალაქებში საქმე უკეთ იყო. თალიბების ქაბულში შემოსვლამდე გაცილებით ადრე დაიწყო ლაპარაკი იმაზე, რომ ქალებს შესაძლოა ის უფლებებიც ვერ შეენარჩუნებინათ, რომლებიც ბოლო 20 წლის განმავლობაში მოიპოვეს.
მიუხედავად თალიბების დაპირებისა და მოწოდებისა, ქალებმა ავღანეთის მმართველობაში მონაწილეობა მიიღონ, ქალების რეალური მდგომარეობის დანახვა იმ ქალაქებში არსებული ვითარებითაც შეიძლება, რომლებიც თალიბებმა ქაბულამდე აიღეს.
ივლისის დასაწყისში ყანდაარში თალიბებმა ბანკში მომუშავე ქალები აიძულეს სახლებში წასულიყვნენ, თან უთხრეს, თქვენი ადგილები შეუძლიათ თქვენმა ქმრებმა ან სხვა ნათესავმა მამაკაცებმა დაიკავონო. იგივე ისტორია განმეორდა თალიბების მიერ აღებულ ქალაქ გერატში. აქ ბანკში მომუშავე ქალებს უთხრეს, რომ დამნაშავეები არიან, რადგან კლიენტებთან სახე გამოაჩინეს. ბრიტანული მედიის მიხედვით, თალიბები 12 წლის გოგოებს აიძულებენ ცოლობას.
რადიო თავისუფლება მოგვითხრობს ქალებზე, რომლებიც ავღანეთში სასიკვდილო საფრთხის ქვეშ რჩებიან, ასევე იმ ქალებზეც, რომლებიც საკუთარი უფლებებისთვის იბრძოდნენ.
განათლება - მალალა იუსაფზაი
ამ სიაში პირველი ქალი არა ავღანელი, არამედ პაკისტანის მოქალაქეა - მალალა იუსაფზაი ცნობილი 11 წლის გახდა, მას შემდეგ, რაც ბიბისიზე ბლოგი შექმნა, რომელშიც ის ჩრდილოეთ პაკისტანში თალიბების მიერ თავსმოხვეულ შარიათის კანონებს გმობდა. მალალა სკოლიდან სახლში ბრუნდებოდა, როდესაც სკოლის ავტობუსი შეიარაღებულმა პირებმა გააჩერეს. ერთი მათგანი ავტობუსში ავიდა და იკითხა: „მამალა რომელია?“ მას შემდეგ, რაც გოგონამ უპასუხა, შეიარაღებულმა პირმა მას ესროლა. დიდი ხნის განმავლობაში მალალა კომაში იყო, მაგრამ გადარჩა და დიდ ბრიტანეთში გადაიყვანეს. ის პაკისტანში პირველად 6 წლის მერე დაბრუნდა. ამ ხნის განმავლობაში მალალამ რამდენიმე პრესტიჟული ჯილდოს, მათ შორის ნობელის მიღება მოასწრო. თალიბები მას თავდასხმის შემდეგაც რამდენჯერმე დაემუქრნენ მოკვლით. ახლა მალალა მუდმივად ტელევიზორის ეკრანებზეა, ის თავის ბავშვობას იხსენებს.
„სკოლის ფორმის ჩაცმაც კი არ შემეძლო, ამის გამო შესაძლოა სახეში მჟავა შეესხათ. ავღანეთში რაც ახლა ხდება, ამისგან გონზე მოსვლას ავღანელები მხოლოდ წლების მერე თუ შეძლებენ“, - ამბობს ის სი-ენ-ენ-თან საუბრისას.
თალიბები ავღანეთის საგანმანათლებლო სისტემის დაშლას შეუდგნენ. პრესკონფერენციაზე მათ განაცხადეს, რომ ბიჭები და გოგონები ცალ-ცალკე ისწავლიან. თუმცა, ამბობენ, რომ მათ გეგმებში არ შედის გოგოებისთვის განათლების მიღების აკრძალვა. თალიბანის წინა მმართველობის დროს, 1996-2001 წლებში, გოგონების უმეტესობა სკოლაში არ დადიოდა.
პოლიტიკა - ზარიფა გაფარი
29 წლის ზარიფა გაფარი ავღანეთის ქალაქ მაიდან შარის მერია. პირველი ქალი მერი და ყველაზე ახალგაზრდა მერიც. ის ავღანურ პოლიტიკაში ქალების მონაწილეობის სიმბოლო გახდა. ქალაქი ერთ-ერთ ყველაზე კონსერვატიულ რეგიონში მდებარეობს. 2018 წელს, როდესაც ამ თანამდებობაზე დაინიშნა, ზარიფას პირველივე დღეს მამაკაცები ჩაქოლვას უპირებდნენ. თავდასხმები მერეც მრავლად იყო. მან ვერ შეძლო დასახლებულიყო ქალაქში, რომლის მერსაც წარმოადგენდა, ამიტომ სამსახურში ყოველდღე ქაბულიდან დადიოდა. 2020 წლის ნოემბერში თალიბებმა ზარიფას მამა სიკვდილით დასაჯეს.
„ვიცი, რომ ადრე თუ გვიან მომკლავენ“, - ამბობდა ის „ნიუ იორკ თაიმსთან“ ინტერვიუში 2019 წელს. ამ სიტყვებიდან ორი წლის მერე ათიათასობით ადამიანი ყოველდღე შედის გაფირის ტვიტერზე, რომ შეიტყოს, მას რა ბედი ეწია. ბოლო პოსტი 14 აგვისტოთია დათარიღებული. ამავე დღეს ბრიტანულ გამოცემა inews.co.uk-ს გაფირიმ, რომელიც ქაბულში, თავის ბინაში იმყოფებოდა, უთხრა: „აქ ვარ და ველი, როდის მომაკითხავენ. არავინაა, ვინც მე და ჩემს ოჯახს დაეხმარება. ისინი ჩემნაირებს დახოცავენ. ოჯახს ვერ დავტოვებ და ისედაც, სად უნდა წავიდე?“ ზარიფამ ჟურნალისტს უთხრა, რომ ლაპარაკი არ შეეძლო და ტელეფონი გათიშა. ამის შემდეგ მის შესახებ არაფერია ცნობილი.
შამსია ჰასანის ხელოვნება
არ არის გამორიცხული, რომ ქაბულში დარჩა პირველი ავღანელი ქალი, რომელმაც ქუჩებში გრაფიტების ხატვა დაიწყო. მისი ბოლო პოსტები 18 აგვისტოთი თარიღდება. ჰასანის ყველაზე ცნობილი ნახატები ავღანეთში ომსა და ქალების ცხოვრებას ეხება.
„ვერასდროს ვიგებდი, რატომ არ გინდათ მშვიდობიანად ვიცხოვროთ? თალიბანი? ისლამური სახელმწიფო? თუ ... მოგვეცით საშუალება, მშვიდად ვიყოთ. ჩემი ქვეყანა, ჩემი სახლი მინდა დავიბრუნო. მშვიდობა და თავისუფლება მინდა ხალხისთვის“, - დაწერა ჰასანმა 20 ივლისს ტვიტერში.
ავიაცია - ნილუფარ რახმანი
ნილუფარ რახმანი პირველი ავღანელი ქალია, რომელიც ავღანეთის სამხედრო ავიაციაში მოხვდა. 90-იანების ბოლოს მისი ოჯახი თალიბანს პაკისტანში გაექცა და უკან დაბრუნება მხოლოდ 2001 წელს მოახერხა.
სამსახურის გამო რახმანსა და მის ოჯახს თალიბები ემუქრებოდნენ. 2018 წელს ნილუფარმა აშშ-ში თავშესაფარი მიიღო, ამა წლის ივლისში კი მისი წიგნი გამოვიდა: „გახსნილი ცა - ჩემი, პირველი ავღანელი პილოტი ქალის, ცხოვრება“. რახმანის ქაბულში ნათესავები დარჩა, მათ შორის მამა. „ის ძალიან ძლიერი კაცია. ცდილობს, დამარწმუნოს, რომ ყველაფერი რიგზე აქვს, მაგრამ ვიცი, რომ ასე არაა“, - თქვა ნილუფარმა 17 აგვისტოს ამერიკულ ტელეარხ Fox-თან საუბარში.
ყველაზე მეტად მას ავღანელი გოგონების ბედი აღელვებს, რომლებსაც თალიბანის რეჟიმის ქვეშ არასდროს უცხოვრიათ. „თალიბები ახლაც იმ კანონებს შემოიღებენ, რომლებიც 20 წლის წინ ჰქონდათ შემოღებული. შეიძლება უარესიც გააკეთონ“, - ამბობს რახმანი. ის ასევე აკრიტიკებს ავღანეთის ხელისუფლებას, - „უმეტესობა ამბობს, ჯარს ეს უნდა გაეკეთებინა, ის უნდა გაეკეთებინაო. გგონიათ, თუ პოლიტიკური ხელისუფლება ქვეყნიდან გარბის, ჯარს ბრძოლის მოტივაცია ექნება? არ ექნება“.
MSNBC-ის ჟურნალისტთან საუბრისას მან აშშ-ის პრეზიდენტს ჯო ბაიდენს მიმართა: „მინდა, რომ პრეზიდენტმა ბაიდენმა მომისმინოს მე, ავღანელ ქალს. გთხოვთ, ოჯახები გადაარჩინეთ. ჩვენ მათ ვჭირდებით. ქალები, პატარა გოგონები გადაარჩინეთ. გთხოვთ, იხსენით ჩემი ოჯახი“.
ჟურნალისტიკა - ქალების ტელეარხი Zan TV
2001 წელს, თალიბანის რეჟიმის დამხობის შემდეგ ავღანეთში ქალები ნელ-ნელა დაუბრუნდნენ ისეთ პროფესიებს, როგორიც, მაგალითად, ჟურნალისტიკაა. 2017 წელს ამ სფეროში მართლაც ღირსშესანიშნავი ამბავი მოხდა. ქაბულში მაუწყებლობა დაიწყო კერძო არხმა Zan TV-მ, მისი თანამშრომლები ფაქტობრივად მთლიანად ქალები იყვნენ. ჩვეულებრივი ახალი ამბების გარდა, Zan TV ქალების პრობლემებს აშუქებდა.
16 აგვისტოს თალიბანმა ნება დართო ქალებს, გადაცემები წაეყვანათ, მიუხედავად იმისა, რომ შარიათის კანონები მათ უცხოსთვის სახის ჩვენებას უკრძალავს. კიდევ ერთმა ავღანურმა ტელეარხმა - TOLOnews - 17 აგვისტოს შეძლო ქალი წამყვანების მონაწილეობით მაუწყებლობა განეახლებინა, თუმცა მანამდე რედაქცია თალიბების მიერ იყო დაკავებული.
ავღანეთის სახელმწიფო ტელევიზიის წამყვანი ხადიჯა ამინი თალიბანის წარმომადგენელმა შეცვალა. თალიბებმა განაცხადეს, რომ ქალებს ტელევიზიაში მუშაობის უფლება დარჩებოდათ, მაგრამ ამინი ამბობს, რომ მას და მის კოლეგებს სამსახურში გამოსვლა აუკრძალეს.
რა ბედი ეწევა Zan TV-ს, რომელიც ფინანსურ მხარდაჭერას ნიდერლანდებისგან იღებდა, ბუნდოვანია. ბრიტანული გამოცემა The Guardian 17 აგვისტოს ქაბულში დარჩენილ რამდენიმე ქალ ჟურნალისტს გაესაუბრა.
„წლების განმავლობაში ვმუშაობდი ჟურნალისტად, რათა მსოფლიოსთვის ავღანელი ქალების ხმა მიმეწვდინა, მაგრამ ახლა ჩვენი იდენტობა განადგურებულია. ჩვენ ეს არ დავიმსახურეთ. ბოლო რამდენიმე დღეში ცხოვრება მთლიანად შეიცვალა, ისევ საკუთარ სახლებში ვართ გამოკეტილები და გვემუქრებიან, რომ დაგვხოცავენ“, - ჰყვება ერთ-ერთი მათგანი.
Zan TV-ის ერთ-ერთი ცნობილი წამყვანი ფარია სანდი ახლა კანადაში ცხოვრობს და სხვა მედიებს ხშირად აძლევს ინტერვიუს.
„ყველაფერი დავკარგეთ. ნულიდან ვიწყებთ. თაობა, რომელმაც თალიბების საშინელებები მხოლოდ გადმოცემით იცოდა, ახლა იძულებული გახდება ყველაფერი საკუთარ თავზე იწვნიოს“, - ამბობს ის.
სპორტი - ნილუფარ ბაიატი და ზაკია ჰუდადადი
თუკი მამაკაცების სპორტს თალაბანი მეტ-ნაკლებად ლოიალურად უყურებს, ქალების მონაწილეობა მთელ რიგ შეჯიბრებებში შარიათის კანონების მიხედვით მიუღებელია, მიზეზი ძირითადად ისაა, რომ სხვების თანდასწრებით გაშიშვლება არ შეიძლება.
2000 წელს საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა ავღანეთს სანქციები დაადო, რის გამოც ავღანელი სპორტსმენები სიდნეიში ვერ ჩავიდნენ. თალიბანის დამხობის შემდეგ ავღანელები ყველა საზაფხულო თამაშში მონაწილეობდნენ და ორჯერ მედლებიც აიღეს.
2020 წლის ტოკიოს ოლიმპიადაზე 6 ავღანელი სპორტსმენი ჩავიდა. პარალიმპიურ თამაშებზე კი, რომელიც 24 აგვისტოს იწყება, ავღანეთიდან ნაკრები უნდა გამოფრენილიყო, მაგრამ ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გამო ეს ვერ შეძლო.
არიან სადიკმა, რომელიც ავღანეთის პარალიმპიურ ნაკრებს ხელმძღვანელობს, 16 აგვისტოს ტვიტერში დაწერა: „სამწუხაროდ, ჩვენი ათლეტები გადაულახავ წინააღმდეგობას წააწყდნენ. მგონი, ყველა უნდა დავფიქრდეთ, რა სამყაროში ვცხოვრობთ“.
განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს ნაკრების ორი ქალის ბედი. 16 ოქტომბერს პარალიმპიელმა კალათბურთელმა ნილუფარ ბაიატმა ესპანეთის მთავრობას თხოვნით მიმართა, ქვეყნის დატოვებაში დაეხმაროს. ზურგის ტრავმა, რის გამოც ის ეტლს არის მიჯაჭვული, ბაიატმა ბავშვობაში მიიღო, როდესაც მის სახლს რაკეტა მოხვდა.
23 წლის ტაეკვონდოისტი ზაკია ჰუდადადი ავღანეთის ისტორიაში პირველი ქალია, რომელსაც პარალიმპიურ თამაშებში მონაწილეობა უნდა მიეღო.
„სახლში ჩამკეტეს. არ შემიძლია უსაფრთხოდ გამოვიდე შინიდან, რომ რამე ვიყიდო, ან სხვების ამბავი გავიგო. ახლა ჩემს დიდ ოჯახთან ერთად ქაბულში ვარ. ოჯახს საკვები არ ჰყოფნის, რომ ბავშვები დააპუროს, მათთვის მე ზედმეტი ტვირთი ვარ. ყველას გთხოვთ, დამეხმარეთ. ვაპირებ ტოკიოში, პარალიმპიურ თამაშებში მონაწილეობას. გთხოვთ, ხელი გამომიწოდეთ და დამეხმარეთ. ყველას გთხოვთ, განსაკუთრებით ქალებს მთელ მსოფლიოში, ქალთა ორგანიზაციებს, გაეროს, არ დაუშვათ, რომ ავღანელი ქალის უფლება - მონაწილეობა მიიღოს პარალიმპიურ თამაშებში - ასე იოლად შელახონ. ბევრი ვიბრძოლე, რომ ამ მიზნისთვის მიმეღწია“, - ამბობს ზაკია ჰუდადადი.