როგორი გვირგვინები ჰქონდათ ქართველ მეფეებს? მათ შესახებ ცნობები ხელნაწერებიდან და ფრესკებიდან შემოგვრჩა. სამეფო ნიშნები საქართველოდან მე-19 საუკუნეში რუსეთის დავალებით გაიტანეს.
მასალა ოქრო, მოოჭვილია ძვირფასი თვლებით: 82 ბრილიანტი, 43 წითელი იაგუნდი, 24 ზურმუხტი, 64 ალმასი, 16 ლალი, 16 ამეთვისტო - ეს ქართლ-კახეთის მეფის, გიორგი XII-ის, გვირგვინია, რომელიც 1799 წელს რუსეთის იმპერატორმა პავლე I-მა დაამზადებინა.
დღეს საქართველოს მუზეუმებში ვერც ამ გვირგვინს ნახავთ, ვერც სხვა დანარჩენს, მაგრამ ისინი ნახსენებია ქართულ ხელნაწერებში, ხატია ფრესკებზე.
ისტორიკოსი ჯაბა სამუშია მუშაობს წიგნზე, რომელიც ქართველი მეფეების გვირგვინებს ეხება. მისი თქმით, საქართველოს რუსეთთან შეერთების შემდეგ გენერალ ტუჩკოვს, რომელიც დროებით მმართველად იყო დანიშნული, დაევალა სამეფო ოჯახიდან სამეფო ნიშნები წამოეღო. მარიამ დედოფლის წინააღმდეგობის მიუხედავად, მან ეს მოახერხა. ამის შემდეგ მთელი მე-19 საუკუნე რუსებს უკვე ეკლესია-მონასტრებიდან გაჰქონდათ სამეფო ნიშნები. გაიტანეს ყველაფერი, რაც საქართველოს დამოუკიდებლობასთან იყო დაკავშირებული. არსებობს ვარაუდი, რომ ეს განძი დღემდე რუსეთის საცავებში ინახება. ყოველ შემთხვევაში, ფაქტია, რომ კახეთის, ქართლის, იმერეთის მეფეების გვირგვინები საქართველოდან გაქრა.
კიდევ უფრო ადრე საქართველოდან გაიტანა გვირგვინი აღა მაჰმად ხანმა. ჰერალდიკოსი მამუკა გონგაძე ამბობს, რომ ამ გვირგვინის ასლი შემდეგ საქსონელმა ოქრომჭედლებმა დაამზადეს, მაგრამ ისიც დაიკარგა.
„ამ გვირგვინს „ივერიული“ ერქვა და დღეს ის საქართველოს გერბზე არის გამოსახული. მანამდე გამოსახული იყო ვახტანგ VI-ის გერბებზე. დღევანდელ გერბზე გვირგვინი სუვერენიტეტს გამოხატავს და არა მონარქიას. ამის ნიშანი არის ის, რომ გვირგვინი მთლიანად ოქროსია და არა აქვს ჩაჩი, შიდა ქუდი“, - ამბობს მამუკა გონგაძე.
„ღამე ცეცხლებრ ელავს, დია ძვირფასია“
ჯაბა სამუშიას თქმით, სამეფო გვირგვინი ოქროსგან იყო დამზადებული, ზოგიერთი მათგანი ანთრაკოვანი (ნაკვერცხლის ფერი თვალი, რომელიც, სულხან-საბას თქმით, „ღამე ცეცხლებრ ელავს, დია ძვირფასია“) თვლებით იყო შემკული. განსაკუთრებით ძვირფასად ითვლებოდა გვირგვინი, რომელიც ვახტანგ გორგასალს „ჰინდოეთით და სინდეთით“ ჰქონდა ჩამოტანილი. ის მორთული ყოფილა ზურმუხტით, იაგუნდითა და ძოწეულით.
ისტორიამ შემოინახა ერისმთავარ არჩილის მიმართვა თავის ძმის მიჰრისადმი: „და შენ წარიხუენ ორნი იგი გჳრგჳნნი მისვე ვახტანგისნი, ოქროჲსა და ანთრაკისანი, ერთი მირიან მეფისაჲ და ერთი - ვახტანგისი, რომელი მოუძღუანა სპარსთა მეფემან ყოველსა თანა ოქროსა და ვეცხლსა“.
მეცნიერთა დაკვირვებით, XI-XIV სს-ში საქართველოში იყო სხვადასხვა გვირგვინები: დაბალი, დაუკბილავი, მაღალი, სადა ფორმისა, კამარებიანი და რთული გრეხილით შედგენილი, ყველა ფერის მარგალიტებითა და ძვირფასი ქვებით შემკული.
ქართველი მეფეები გვირგვინთან ერთად ატარებდნენ ბიზანტიურ სტემასაც (თვლებითა და მარგალიტებით შემკული ოქროს ან ვერცხლის ბრტყელი რკალი, რომელსაც გვერდზე თვალ-მარგალიტის ტოტები ახლავს. ხოლო რკალის შუა ნაწილში ჯვარი აქვს მიმაგრებული). სწორედბიზანტიური სტემითაა გამოსახული დავით აღმაშენებელი გელათის ფსკერზე.
„გვირგვინს მხოლოდ ოფიციალურ შეხვედრებზე და სამეფო დარბაზობისას ატარებდნენ. სხვა დროს გვირგვინის დასადებად ხავერდგადაკრული დაბალი მაგიდა გამოიყენებოდა. ბიბლიის მინიატიურაზე „მგლოვიარე დავითი“ გამოსახულია დავით მეფსალმუნე, რომელიც ლოცულობს, მის გვერდით კი დაბალ მაგიდაზე გვირგვინი დევს. აქვე უნდა ითქვას, რომ მხატვარი თანამედროვე ეპოქიდან იღებდა ჩაცმულობისა თუ ქცევის მაგალითს და არაბიბლიური ეპოქიდან“, - ამბობს ჯაბა სამუშია.
კარადა გელათის საკურთხეველში
გვირგვინი მემკვიდრეობთ გადაეცემოდა, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ ყველას თავის ზომა განსხვავდებოდა, გვირგვინს კონკრეტული მეფისთვისაც ამზადებდნენ. იყვნენ მეფეები, რომლებსაც რამდენიმე გვირგვინი ჰქონდათ, მაგალითად, თამარი და დავითი.
„მე-17 საუკუნეში იმერეთში ჩავიდნენ რუსი ელჩები იევლევი და ტოლოჩანოვი. მათი მიზანი დაზვერვა იყო. გელათის მონასტრის საკურთხეველში მათ ნახეს კარადა, სადაც იმერეთის მეფეების გვირგვინები ინახებოდა“, - ამბობს ჯაბა სამუშია.
რამდენად იდენტურია ფრესკებზე გამოსახული გვირგვინები ნამდვილ გვირგვინებთან? მამუკა გონგაძის თქმით, საქართველოში გავრცელებული იყო ბიზანტიური ან ევროპული ტიპის გვირგვინები. მაგალითად, დავით აღმაშენებლის გვირგვინი ბიზანტიურია და დაახლოებით იგივე გვირგვინი ჰქონდა უნგრეთის მეფეს. ეს გვირგვინი ახლაბუდაპეშტის მუზეუმში ინახება და უნგრეთის გერბზეც არის გამოტანილი.
გვირგვინი გირაოდ
„1672 წელს შარდენი სტუმრობდა გაენათელ ეპისკოპოსს, რომელთანაც იმყოფებოდა იმერეთის დედოფალი თამარი. ფრანგი მოგზაური მოგვითხრობს: „გაენათელთან მოვიდა იმერეთის მეფის მიერ თბილისში გაგზავნილი ერთი აზნაური, რომელმაც დედოფალს მოახსენა, თუ რა წარმატებით შეასრულა მეფის დავალება. ეს აზნაური გაგზავნა რვა ათასი ეკიუს სასესხებლად, რისთვისაც გირაოდ სამეფო გვირგვინი გაეტანებინათ. ეს არის ძვირფასი ქვებით მოოჭვილი ოქროს გვირგვინი, რომლის ღირებულება, ალბათ, 4 000 პისტოლი იქნება““. (ნაწყვეტი წიგნიდან, ავტორი: ჯაბა სამუშია)
კორონაცია
მეფედ კურთხევის წინა საღამოს სასულიერო პირებს გვირგვინი და სხვა ნიშნები ტაძარში მიჰქონდათ. ლოცულობდნენ მთელი ღამე. უკვე დილით მეფე მიდიოდა ტაძარში. პროცესიას მიუყვებოდა ის სამეფო ნიშნები, რომელთა ეკლესიაში გადაცემა არ შეიძლებოდა: ხმალი, შუბი, ლახტი, ძელი ცხოვლისა... მაგრამ პორფირი, ბისონი და გვირგვინი უკვე იქ იყო და მეფეს ლოცვის შემდეგ გადასცემდნენ.
კორონაციაზე საუბრისას ჯაბა სამუშიას მოჰყავს ლეონტი მროველის მონათხრობი მირიანის მიერ ბაქარის მეფედ კურთხევაზე:
„და მოაყვანებია ჯუარი იგი წმიდისა ნინოჲსი, რომელი პირველითგანვე აქუნდა, და ჩამოჰკიდა გჳრგჳნი სამეფოჲ ჯუარსა მას, და მოიყვანა ძე თჳსი, ბაქარ, და თავსა მისსა გამოსახა სახე ჯუარისაჲ, და აღიღო გჳრგჳნი ჯუარისაგან და დაადგა თავსა ზედა ძისა თჳსისასა“.