ფოთის შუქურა და მისი მეთვალყურე
ფოთის შუქურა პირველად 1864 წელს აანთეს და მას მერე არასოდეს ჩამქრალა - ის 1862 წელს, ბრიტანული კომპანია „Easton Amos and sons“-ის ინჟინრებმა ლონდონში დაამზადეს. თუჯის ფირფიტები სულ დანომრილი ჩამოუტანიათ და ქანჩებით და ჭანჭიკებით, შედუღების გარეშე აუწყვიათ. როგორც ამბობენ, შუქურას ადგილი თავად ინგლისელებს შეურჩევიათ - შავი ზღვის და მდინარე რიონის შესართავთან. კობა კოკაია უკვე თვრამეტი წელია ამ შუქურას მეთვალყურეა. მოგვითხრობს, რომ რკინის სპირალურ კიბეს, რომელიც შუქურის წვერომდე ადის, 160 საფეხური აქვს. მისი სიმაღლე 40 მეტრამდე აღწევს. ნათების სიშორე კი 16 საზღვაო მილია - ანუ დაახლოებით 30 კილომეტრი. ადრე მის სანათს შვედური ფითილიანი ნავთქურით ანათებდნენ. საწვავად ხან ნახშირს, ხან ნავთს იყენებდნენ. ფოთში თავიანთ შუქურაზე არაერთ ლეგენდას ყვებიან. საქართველოში ფეხბურთი პირველად შუქურას ამგებმა ინჟინრებმა ითამაშესო. თამაშში შუქურას მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობაც ერთვებოდა და ფეხბურთის თამაშის ტრადიციაც საქართველოში იქედან იღებს სათავესო. იმასაც ამბობენ, მეორე მსოფლიო ომის დროს, შუქურა ფაშისტების წყალქვეშა ნავიდან დამიზნებულ ტყვიებსაც გადაურჩაო მისი მეთვალყურის ძალისხმევითო. ტექნოლოგიური განვითარების მიუხედავად, ფოთის შუქურა დღემდე რჩება პორტში შემომსვლელი გემების ორიენტირად, თუმცა დღეს ის უფრო ფოთის სიმბოლოდაა ქცეული.