- არის თუ არა ნივთები ფოტოების შესაბამისი?
- არის თუ არა ამ საიტიდან ნაყიდი პროდუქცია უსაფრთხო?
- მართლა შეიცავს ეს ნივთები მძიმე მეტალებს, როგორც ზოგიერთი გამოცემა წერს?
ეს ის რამდენიმე კითხვაა, რომლებსაც მსოფლიო პრესაში Temu-ზე გამოქვეყნებულ სტატიებში შეხვდებით.
Temu-ს აპლიკაცია მსოფლიოში უკვე მილიონობით ადამიანმა ჩამოტვირთა.
სოციალურ ქსელები საქართველოშიც ააჭრელდა ამ პლატფორმაზე გასაყიდად გამოტანილი იაფიანი ტანსაცმლის, ავეჯის, აქსესუარების, საოჯახო ნივთების, სათამაშოების, სამკაულებისა და სხვა უამრავი ნივთის რეკლამამ.
დაბალი ფასების გარდა, Temu-ს მზარდი პოპულარობის მიზეზი გამარტივებული ვაჭრობაცაა: ამ ონლაინმაღაზიიდან ნივთები მყიდველამდე შუამავლების - გადამზიდი კომპანიის გარეშე, პირდაპირ მითითებულ მისამართზე მიდის.
Temu-ს მშობელი კომპანიაა PDD, რომელიც ადრე ცნობილი იყო სახელწოდებით Pinduoduo. თავის მხრივ, PDD ჩინეთის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ელექტრონული კომერციის პლატფორმაა.
გამოცემა TIME-ი, რომელიც 2022 წლის ბოლოს, Temu-ს ამერიკაში ყველაზე ხშირად ჩამოტვირთვად ახალ აპლიკაციად ახასიათებდა, წერდა, რომ Temu კლიენტებს სთავაზობდა დიდ ფასდაკლებებს უამრავ პროდუქტზე, რომლებიც ძირითადად პირდაპირ ჩინური ქარხნებიდან ან საწყობებიდან იგზავნებოდა.
ამ სავაჭრო პლატფორმის პროდუქციის ხარისხზე მითითებისას, დასავლური პრესა ხშირად შენიშნავს იმასაც, რომ Temu არ არის აკრედიტებული Better Business Bureau (BBB)-ს მიერ და, რომ შეფასების ხუთი ვარსკვლავიდან მისი რეიტინგი საშუალოდ ორ-ნახევარი ვარსკვლავია ხოლმე.
BBB ამერიკული არაკომერციული ორგანიზაციაა, რომლის მიზანიც ბაზრის ნდობის განვითარებაა და რომელიც აერთიანებს ორგანიზაციებს შეერთებულ შტატებსა და კანადაში. ის არ არის დაკავშირებული არცერთ სამთავრობო უწყებასთან.
არის თუ არა ეს ონლაინპლატფორმა ეკოლოგიურად ეთიკური პოლიტიკის გამტარებელი? Temu (ისევე როგორც მისი მსგავსი Shein-ი და AliExpress-ი) აცხადებს, რომ მისი ამოცანა ნარჩენების შემცირება და ნახშირბადის ემისიის კომპენსირებაა. თუმცა, ეს კომპანიები ყიდიან მავნე ქიმიკატების შემცველ პროდუქტებსაც, რომლებიც საბოლოოდ ნაგავსაყრელებზე ხვდება.
„Shein-ისა და Temu-ს პროდუქტები შეიცავს ტოქსიკურ ქიმიკატებს“ - სტატია ამ სათაურით ახლახან დაიბეჭდა „ლე მონდშიც“.
ფრანგული გამოცემა წერს, რომ სამხრეთ კორეაში Shein-იდან გამოწერილი ტანსაცმლის ზოგიერთი ელემენტი შეიცავდა კანონით დადგენილ ლიმიტზე ასჯერ მეტ კანცეროგენულ ნივთიერებას. ეს ძირითადად ქალების აქსესუარებს ეხებოდა.
Temu-დან, Shein-იდან და AliExpress-იდან სამხრეთ კორეაში ნაყიდი და ბოლო დროს შემოწმებული 144 პროდუქტიდან უმრავლესობამ სტანდარტები ვერ დააკმაყოფილა.
აღმოაჩინეს, რომ Shein-იდან ნაყიდი ფეხსაცმელი შეიცავდა ფტალატებს (ფტალატების გადაჭარბებით გამოყენება აზიანებს ადამიანის ჯანმრთელობასა და ეკოსისტემას) - ქიმიკატებს, რომლებიც პლასტმასს უფრო დრეკადს ხდის. ამ ნივთიერების შემცველობა 229-ჯერ აღემატებოდა დასაშვებ ზღვარს.
ასევე აღმოაჩინეს ტყვია სანდლებში - სამხრეთ კორეის ხელისუფლების განცხადებით, Temu-ზე ნაყიდი სანდლების ძირები შეიცავდა ტყვიას დასაშვებ ზღვარზე 11-ჯერ მეტი რაოდენობით.
სამხრეთ კორეის მთავრობამ ასეთი პროდუქტების გაყიდვიდან ამოღება მოითხოვა.
მსგავსი შინაარსის სტატია დაბეჭდა გამოცემამ USA TODAY, რომელშიც ნათქვამია, რომ მარეგულირებლები მოითხოვენ გამოძიებას მსგავსი საიტების, მათ შორის, Temu-ს პროდუქციის ხარისხზე, რადგან, მათი ცნობით, არსებობს ინფორმაცია ამ პლატფორმებიდან მცირეწლოვანი ბავშვებისათვის სასიკვდილო საფრთხის შემცველი პროდუქტების გაყიდვის თაობაზე.
სამომხმარებლო პროდუქტის უსაფრთხოების ორმა კომისარმა შესაბამის სამსახურს პირდაპირ მოუწოდა გამოძიების დაწყებისაკენ იმის გასარკვევად, შეესაბამება თუ არა Shein-ისა და Temu-ს პროდუქცია აშშ-ის უსაფრთხოების რეგულაციებს.
ამ მოთხოვნას მალევე მოჰყვა Temu-ს საპასუხო განცხადება, რომ მათი პროდუქცია შეესაბამება ყველა დაწესებულ მოთხოვნას და აშშ-ის სამომხმარებლო პროდუქტების უსაფრთხოების კომისიის (CPSC) წესებსაც იცავენ, თუმცა იქვე მათ ისიც განაცხადეს, რომ მზად იყვნენ გამოძიებასთან სათანამშრომლოდ.
კიდევ ერთი საგამოძიებო რეპორტაჟი გამოაქვეყნა ბრიტანულმა გამოცემა SUN-მა, სადაც ერთ-ერთი ცნობილი ლაბორატორიის წამყვანი ქიმიკოსი ჟურნალისტს აცნობს ამავე პლატფორმაზე ნაყიდი სამკაულის - ყელსაბამის ლაბორატორიული ანალიზის შედეგებს და ამბობს, რომ მასში დასაშვებზე ორჯერ მეტი რაოდენობის ტყვია და 27-ჯერ მეტი რაოდენობის კადმიუმია აღმოჩენილი.
საგამოძიებო რეპორტაჟის ავტორი ელი ფლინი ამბობს, რომ მძიმე მეტალების ხანგრძლივმა ზემოქმედებამ შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული ფსიქიკური და ფიზიოლოგიური პრობლემები, ასევე - რეპროდუქციული პრობლემები, თირკმლებისა და ფილტვების დაზიანება.
გამოძიების ავტორების დაკვეთით ჩატარებულმა ტოქსიკოლოგიურმა ტესტებმა უჩვენა, რომ ამავე საიტზე 2,17 გირვანქა სტერლინგად ნაყიდ ვერცხლის ყელსაბამში იყო ტყვიის ათჯერ მეტი რაოდენობა, ვიდრე ეს გაერთიანებული სამეფოს რეგულაციებით არის ნებადართული…
Temu-დან იაფად გამოწერილი პროდუქციის მიმოხილვას ე.წ. ანბოქსინგს ხშირად შეხვდებით ქართულ „ტიკტოკსა“ და „ინსტაგრამზეც“, თუმცა ბოლო ხანებია, ამ ნივთების დაბალი ფასის გარდა, ქართულ სოციალურ ქსელებშიც გაჩნდა კითხვები, რამდენად უსაფრთხოა ორ, სამ და ხუთ ლარად ნაყიდი, განსაკუთრებით პლასტმასის და ლითონის ნივთები?
„ბავშვის სათამაშო და ჭურჭელი არ უნდა გამოწეროთ, უსაფრთხოების ნაწილში ბევრი სტატია ვნახე და არ გირჩევთ“.
„დღეს ჩამოვიდა ჩემი შვილის შორტი და კეპი. შორტი კარგი ხარისხია, კეპი ჩვეულებრივი პლასმასი“.
„ამბობენ, რომ მსგავსი პროდუქტები შეიცავს ტყვიას, რაც ჯანმრთელობისთვის საზიანოა, განსაკუთრებით ბავშვებში და ორსულებში“.
„პლასტმასი და მეტალია საეჭვო, თუმცა ყველა პროდუქტს, წესით, აქვს აღნიშვნები, რამდენად უსაფრთხოა და ეგ შეამოწმეთ“, - წერენ ქართველი მომხმარებლები.
სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრში (CSRDG) გვითხრეს, რომ Temu-დან გამოწერილი რაიმე კონკრეტული პროდუქტი მათ არ შეუმოწმებიათ.
მსგავსი მონაცემები არც ბაზარზე ზემოქმედების სააგენტოში (მისი მოვალეობაა სათამაშოების კონტროლი, სამშენებელო მასალების გარკვეული ნაწილის კონტროლი და ა.შ.) აქვთ - იქ გვითხრეს, რომ ეს უწყება ძირითადად ამოწმებს რომელიმე ეკონომიკური ოპერატორის მიერ ბაზარზე გასაყიდად შემოტანილ გარკვეულ პროდუქციას. თუმცა, კერძო პირების მიერ ამ თუ სხვა საიტიდან შეძენილი და პირად მისამართზე მიტანილი ნივთები მათ მიერ არ მოწმდება.
ფორუმი