ურბანული პროტესტი მოკლედ
ურბანული, ქუჩის პროტესტი, თბილისში ათზე მეტ წელს ითვლის. მართალია მცირემასშტაბიანი, თუმცა, მაინც საპროტესტო გამოსვლები თბილისის მერიისა და ინვესტორთა გადაწყვეტილების წინააღმდეგ, ჯერ კიდევ 2008 წელს, ლეონიძის 2 ნომრიდან დაიწყო. ამ ხნის განმავლობაში აქციის მონაწილეებს არაერთი წინააღმდეგობა შეხვდათ სახელმწიფოსგან. თუმცა, მათმა პროტესტმა ისიც აჩვენა, რომ ბრძოლას შედეგიც მოაქვს. ერთ-ერთი პირველი მნიშვნელოვანი გამარჯვება ურბანული პროტესტისა 2016 წელს დადგა. რამდენიმეწლიანი აქცია „გაამაგრე გუდიაშვილი“ აქციის მონაწილეების გამარჯვებით დასრულდა. 2016 წელს, „ICOMOS საქართველომ“, ანუ ძეგლებისა და ღირსშესანიშნავი ადგილების საერთაშორისო საბჭოს ეროვნულმა კავშირმა, შეიმუშავა გუდიაშვილის მოედნისა და მისი მიმდებარე ტერიტორიის კონსერვაციის გეგმა, რამაც საბოლოოდ გადაწყვიტა გუდიაშვილის ბედი და მოქალაქეებსა და დარგის ექსპერტებს გაუჩნდათ იმედი, რომ გუდიაშვილის მოედანი რეაბილიტაციის პროცესში ავთენტურ სახეს შეინარჩუნებდა. კიდევ ერთი გამარჯვება კი ვაკის პარკის დარაჯებმა რვაწლიანი ბრძოლის შემდეგ, 2019 წლის 25 იანვარს მოიპოვეს. აქტივისტები და სამოქალაქო საზოგადოება ვაკის პარკში სასტუმრო “ბუდაპეშტის“ მშენებლობას 2011 წლიდან აპროტესტებდნენ. მათი დაჟინებული მოთხოვნის და პერმანენტული აქციების შემდეგ, თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, კომპანიამ მშენებლობა შეაჩერა. „ვაკის პარკმა გაიმარჯვა და მინდა, მოგილოცოთ. მინდა, მივულოცო თბილისს და თბილისელებს,“- განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ ბრიფინგზე, რომელიც სასტუმრო „ბუდაპეშტის“ მფლობელთან შეხვედრის შემდეგ გამართა. „ტფილისის ჰამქრის“ წარმომადგენელი, ხელოვნებათმცოდნე, ცირა ელისაშვილი და ნატა ფერაძე, აქტივისტი და პარტიზანი მებაღე რადიო თავისუფლებასთან ლაპარაკობენ ურბანული პროტესტის გამარჯვებებსა და მათი სიტყვებით, „გულდასაწყვეტ მარცხზე“, რომელსაც „პანორამა თბილისი“ ჰქვია.