უკრაინის თავდაცვის მინისტრი: ვურიგებთ იარაღს ყველა პატრიოტს
უკრაინის თავდაცვის მინისტრი ალექსეი რეზნიკოვი ვიდეომიმართვას ავრცელებს და ყველას, ვისაც ხელში იარაღის ჭერა შეუძლია, მოუწოდებს უკრაინის ტერიტორიის დამცველთა რიგებში ჩადგეს.
„გავამარტივეთ პროცედურები, აიღეთ მხოლოდ პასპორტი, მხოლოდ პასპორტი! ვურიგებთ იარაღს ყველა პატრიოტს, ვინც უყოყმანოდ მზადაა გამოიყენოს ის მტრის წინააღმდეგ. ვინარჩუნებთ სიმშვიდეს. ვდგავართ მწყობრად. გვჯერა უკრაინის შეიარაღებული ძალების. დიდება ერთიან უკრაინას!“ - ამბობს ალექსეი რეზნიკოვი.
ლიეტუვა საგანგებო მდგომარეობას აცხადებს
ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ გამოაცხადა საგანგებო მდგომარეობა ევროკავშირის და ნატოს წევრ ბალტიის სახელმწიფოში უკრაინაში რუსეთის შეჭრასთან დაკავშირებით. ვილნიუსში პრეზიდენტის ოფისმა განაცხადა, რომ განკარგულება ხელმოწერილია და საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა დაუყოვნებლივ და ძალაში იქნება 2022 წლის ათ მარტამდე.
ვრცლად ნახეთ აქ.
UEFA აღარ ჩაატარებს ამ სეზონის ჩემპიონთა ლიგის ფინალს სანკტ-პეტერბურგში
ინფორმაციას The Associated Press-ი ავრცელებს, წყაროზე დაყრდნობით.
პარასკევს გაიმართება უეფას აღმასრულებელი კომიტეტის რიგგარეშე სხდომა გეოპოლიტიკური კრიზისის განსახილველად, რომელზეც, სავარაუდოდ, ოფიციალური პირები დაადასტურებენ 28 მაისის საჩვენებელი თამაშის რუსეთიდან გადატანას.
UEFA ადასტურებს, რომ პარასკევის შეხვედრა ჩანიშნულია.